ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სამართლის დოქტორი ევროპული კერძო სამართლის ნოვაციურ საკითხზე „მყარი მატარებელი“ კვლევას განახორციელებს

თსუ სამართლის დოქტორი ევროპული კერძო სამართლის ნოვაციურ საკითხზე „მყარი მატარებელი“ კვლევას განახორციელებს
30 ნოემბერი, 2018
თსუ სამართლის დოქტორი, იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების ასისტენტი, გიორგი ამირანაშვილი შვეიცარიის შედარებით სამართლის ინსტიტუტში (ლოზანა) ევროპული კერძო სამართლის ნოვაციურ საკითხზე „მყარი მატარებელი“ კვლევას განახორციელებს. გიორგი ამირანაშვილმა ორთვიანი სტიპენდია მოიპოვა. დაგეგმილი კვლევის ფარგლებში აპირებს გაანალიზოს ევროპულ კერძო სამართალში არსებული ნოვაციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

„მყარი მატარებელი“ (“Durable Medium”) ევროპული კავშირის სამომხმარებლო სამართლის მიერ დაწესებული უახლესი ტიპის ფორმაა, რომელიც თანამედროვე სამომხმარებლო კანონმდებლობაში დადგენილია ინფორმირების ვალდებულებისათვის. კერძოდ, იგი ნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც იძლევა ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობას ისე, რომ იყოს სამომავლო გამოყენებისათვის ხელმისაწვდომი და შეიძლებოდეს შენახული ინფორმაციის უცვლელი რეპროდუცირება.

ამგვარი მატარებელია საკუთრივ ქაღალდი, USB ფლეშ მეხსიერებები, კომპაქტურ დისკები, ციფრული ვიდეო დისკები, მეხსიერების ბარათები, ან კომპიუტერების მყარი დისკები, ასევე, ელექტრონული ფოსტები. აღსანიშნავია, რომ ეს ცნება ქართულ რეალობაში ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებულია, განხილული აქვს მხოლოდ ორიოდე ავტორს და ისიც არაერთგვაროვანი ქართული შესატყვისების გამოყენებით. მოცემული საკითხი აქტუალურია იმ მხრივაც, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ჯერ მხოლოდ II მოსმენითაა მიღებული და გრძელდება მისი განხილვის პროცედურა, რის ფარგლებშიც სასურველია, გათვალისწინებული იყოს ის რეკომენდაციები, რაც „მყარ მატარებელთან“ დაკავშირებული დებულებების სრულყოფის თაობაზე გამოვთქვი ჩემს სადოქტორო ნაშრომში. ამდენად, დაგეგმილი კვლევის ფარგლებში ვაპირებ ევროპულ კერძო სამართალში არსებული ამ ნოვაციის საქართველოში განვითარების პერსპექტივების ანალიზს.

კომპარატივისტიკის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული კვლევითი დაწესებულების, შვეიცარიის შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (ლოზანა) ორთვიანი სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის ძალზე საამაყოა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ ზემოხსენებული ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს. მადლიერებას გამოვხატავ, აგრეთვე, ჩემი რეკომენდატორების, პროფესორ ლადო ჭანტურიას, მინესოტას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბრაიან ბიქსისა და ჩემი პოლონელი კოლეგისა და მეგობრის, სამართლის დოქტორ მატეუშ გროჩოვსკის მისამართით,“ - ამბობს გიორგი.

სხვა დარგებთან ერთად სამართლის სფეროს შესახებ ტექნოლოგიური განვითარების კონტექსტში საუბარი დღითიდღე აქტუალური ხდება. თსუ დოქტორანტი გიორგი ამირანაშვილი კი მომავალში ამ დარგში არსებული ნოვაციების შესწავლას აქტიურად აპირებს.

„სურვილი მაქვს, განხორციელებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოვამზადო ინგლისურენოვანი სტატია, რომელსაც გამოვაქვეყნებ საზღვარგარეთის რომელიმე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში. მომავალში ვგეგმავ იმასაც, რომ გავაგრძელებ მუშაობას გარიგების ფორმის პრობლემებზე ტექნოლოგიური განვითარების ეპოქის კონტექსტში. შესაბამისად, ვაპირებ აღნიშნულ საკითხებზე განცალკევებული მონოგრაფიული კვლევის განხორციელებას,“ - ამბობს გიორგი ამირანაშვილი.

სხვა სტატიები »