ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
3 ნოემბერი, 2018
ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შესახებ:

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა მსოფლიო ბანკისა და ცნობილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მთავრობების კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით. სკოლაში სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და მისი მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტუდენტების მომზადება, რაც საშუალებას მისცემს მათ, სწავლა დასავლეთში განაგრძონ ან საკუთარ სამშობლოში კერძო ან საჯარო სამსახურებში დასაქმდნენ. 

ISET-თან არსებული კვლევითი ინსტიტუტი ავსებს ISET-ის საგანმანათლებლო მისიას. ინსტიტუტის საქმიანობის საგანს წარმოადგენს როგორც კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობა, ისე ტრენინგებისა და დისკუსიების ორგანიზება საჯარო პოლიტიკის ირგვლივ როგორც საქართველოში, ისე სამხრეთ კავკასიაში.

აგრინდექსი (AGRINDEX) - ორ კვირაში ერთხელ

აგრინდექსი არის ISET-ის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში (FAO-საქართველო) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) თანამშრომლობით შემუშავებული ინდექსი.

აგრინდექსი იკვლევს საბაზრო ფასებს საქართველოში წარმოებული სტანდარტული ხარისხის 70-მდე აგრარული პროდუქტისთვის, რომლებსაც არ გაუვლიათ (გა)დამუშავების არანაირი ეტაპი ან პროცესი. მონაცემებს ფასების შესახებ აგროვებს MEPA ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში აფხაზეთის, ზოგიერთი სხვა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების გამოკლებით. მონაცემები გროვდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფიქსირებული კალათისათვის ყოველკვირეულად, წინასწარგანსაზღვრულ თარიღებში ადგილობრივ აგრარულ ბაზრებში, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში ფასები შეიძლება შეგროვდეს მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიც.

აგრინდექსი არის შეწონილი საშუალო ბოსტნეულის, ხილის, რძის პროდუქტებისა და ხორცეულის ფასების ქვეინდექსებისა, რომელთაგანაც თითოეული იკვლევს COICOP-ის საერთაშორისო კლასიფიკატორში მოცემული პროდუქტების განსაზღვული ჯგუფის ფასების დინამიკებს წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. კონკრეტული პროდუქტის წონა ქვეინდექსში განისაზღვრება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევების (შინდა) მონაცემებზე დაყრდნობით. ინდექსის გამოთვლის პროცედურა ეფუძნება საქსტატის მიერ სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) გამოთვლის მეთოდოლოგიას, მაგრამ ფასების მონაცემების წინასწარი ფილტრაცია და აგრინდექსში თითოეული მუნიციპალიტეტისთვის წონის მინიჭება ხდება ISET-ის მიერ შემუშავებული პროცედურების თანახმად.

აგრინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება სხვადასხვა ინტერნეტწყაროსა და პერიოდულ გამოცემაში.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები

2018 წლის ივნისში აგრინდექსი 2.54%-ით შემცირდა. ამგვარი ცვლილება ძირითადად ბოსტნეულის ღირებულების 16%-იანმა კლებამ განაპირობა. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ხილის ფასები (8%), ხოლო ხორცის ფასი (0.1%) პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. 2018 წლის მაისთან შედარებით რძის პროდუქტების ფასები 1.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებას, გასული წლის ნოემბრიდან სტაბილური კლების შემდეგ, 2018 წლის მაისში აგრინდექსის ზრდამ 2.49% შეადგინა წინა წლის მაისთან შედარებით.

ყველაზე მაღალი ზრდა: 2018 წლის ივნისში, ფასების ყველაზე მაღალი ზრდა ციტრუსებზე დაფიქსირდა. ფორთოხლის ფასები თითქმის 17%-ით, ლიმონის ფასები კი თითქმის 15%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის მანძილზე, ლიმონის ფასმა 2017 წლის ივნისის ფასთან შედარებით თითქმის ნახევარჯერ მოიმატა, რაც, სავარაუდოდ, წარმოების მნიშვნელოვანმა დაცემამ გამოიწვია (საქსტატის მონაცემებით, 1.4 ათასი ტონა 2017 წელს და 3 ათასი ტონა 2016 წელს).

ყველაზე მაღალი კლება:  2018 წლის ივნისში ამავე წლის მაისთან შედარებით, ადგილობრივად წარმოებული ატმის და ვაშლატამას ღირებულება მაისთან შედარებით ორი-მეხუთედით შემცირდა, ვინაიდან ახლა ამ ორი ხილის სეზონია; ბაზარზე ასევე ფართოდაა ხელმისაწვდომი სხვა ძირითადი სეზონური ხილიც, მათ შორის საზამთრო, ნესვი და ბალი.

აგრომიმოხილვა - ყოველთვიური

გამოცემის მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური მაჩვენებლების მოკლე ანალიზი. 

გამოცემა ოთხი ნაწილისგან შედგება:
•სექტორის ბოლოდროინდელი განვითარებების მოკლე მიმოხილვა;
•ადგილობრივი და საერთაშორისო ფასების მიმოხილვა;
•ვაჭრობის მიმოხილვა, სადაც ასახულია საერთო ექსპორტსა და იმპორტში სოფლის მეურნეობის ექსპორტის და იმპორტის წილი;
•პოლიტიკის მიმოხილვა, რომელიც მთავრობის მიერ სექტორში გატარებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები


2017 წელს წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 2.1%-ით შემცირდა. მემცენარეობის სექტორში წარმოებული პროდუქცია 0.4%-ით შემცირდა, ხოლო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებამ 3.8%-ით იკლო. დაბალი წარმოების დონიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 2017 წელს უფრო დაბალი იყო წინა წლებთან შედარებით როგორც პროცენტული, ისე აბსოლუტური მნიშვნელობით. მართალია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვებიდან შემოსავლებმა 2017 წელს იკლო, სექტორის კომერციალიზაციის დონე გაიზარდა. 

რაც შეეხება ფასებს, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ფასები 0.7%-ით შემცირდა წინა თვესთან (2018 წლის აპრილთან) შედარებით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან (2017 წლის მაისთან) შედარებით, 1.8%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობას ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან, 2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 38%-იანი კლება დაფიქსირდა.  ამგვარი ცვლილება ძირითადად თხილის ექსპორტის მნიშვნელოვანმა კლებამ განაპირობა. რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება. ექსპორტისგან განსხვავებით, არც ევროკავშირის და არც დსთ-ის ქვეყნებიდან იმპორტის კუთხით 2017 წელს წინა წელთან შედარებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

ბიზნესის ნდობის ინდექსი - ყოველკვარტალური

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყოველკვარტალური ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2013 წლის დეკემბრიდან ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოსა (BIA) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან (ICC Georgia) თანამშრომლობით ხორციელდება. ბიზნესის განწყობის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდსა და ქართულ მედიაში ქვეყნდება. ინდექსი 3 ქვეინდექსისაგან შედგება: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. ინდექსი მოიცავს ეკონომიკის შემდეგ სექტორებს: მომსახურება, საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა და სხვა სექტორები. თითოეული სექტორისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი ითვლება ონლაინ კითხვარების გამოყენებით, რომლის სამიზნეს ბიზნესის მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები

ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2018 წლის მეორე კვარტალში გაიზარდა და 39.6 პუნქტს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 8.3 ქულით მეტია. ბიზნესის განწყობის ინდექსის გაუმჯობესება ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ვითარებასთან შესაბამისობაშია (საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ 5.2% შეადგინა). BCI-ის ზრდა ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში ძალიან მაღალ მოლოდინებსა და წარსულში მომგებიან საქმიანობას ეფუძნება. სხვა სექტორებთან შედარებით, ყველაზე დადებითად წარსული საქმიანობა და მოლოდინები მრეწველობის სექტორში შეფასდა. მისგან განსხვავებით, ყველაზე პესიმისტური შეფასება სოფლის მეურნეობის სექტორში დაფიქსირდა, რაც დიდწილად დაბალი წარმოებითაა განპირობებული.    

მომხმარებელთა ნდობის ინდექსი - ყოველთვიური

ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსი ევროკავშირის სტანდარტულ მეთოდოლოგიას ეფუძნება: ყოველთვიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვუკავშირდებით 300-350 პირს და ვეკითხებით მათი ოჯახების და ზოგადად, ქვეყნის წარსულის, მიმდინარე და მომავალი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. მომხმარებელთა განწყობა არის ოპტიმიზმის ხარისხი, რომლითაც მომხმარებლები ზოგადად ეკონომიკურ ვითარებას და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას განსაზღვრავენ. თუ განწყობა მაღალია, მომხმარებლები მეტ შენაძენს აკეთებენ, რითიც ეკონომიკის ზრდას უწყობენ ხელს. მეორე მხრივ, თუ განწყობა დაბალია, მომხმარებლები უფრო მეტს ზოგავენ, ვიდრე ხარჯავენ, რაც ეკონომიკის კლებას იწვევს. მომხმარებელთა განწყობის თვიდან თვემდე კლების ტენდენცია იმის მაუწყებელია, რომ დღევანდელ ეკონომიკურ ვითარებაში მომხმარებლების უმეტესობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საკუთარ შესაძლებლობაზე, რომ იშოვონ და შეინარჩუნონ კარგი სამსახური.

ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა - ყოველთვიური

ენერგია წარმოების მთავარი ფაქტორია ეკონომიკის ყველა სექტორში; ენერგიაზე მოთხოვნა ეკონომიკური აქტივობის სტაბილური ზრდის შესაბამისად იზრდება. ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა, რომელსაც 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს აანალიზებს. მიმოხილვაში გაანალიზებულია ის ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს საქართველოს ელექტროენერგიის სექტორს საანგარიშო პერიოდში (მოხმარება, გამომუშავება, იმპორტი, ექსპორტი, ბაზრის კონცენტრაცია).  

ბოლო პუბლიკაციის შედეგები

2018 წლის ივნისში, საქართველოს ელექტროსადგურებმა 1 208 მლნ. კვ/სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების ზრდამ 6% შეადგინა (2017 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 1,138 მლნ. კვ/სთ. იყო). წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გამომუშავების ზრდა ძირითადად ჰიდროენერგიის გენერაციის ზრდამ განაპირობა (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ანგარიშში). 

რაც შეეხება წინა თვესთან შედარებას, ელექტროენერგიის გამომუშავება 4%-ით გაიზარდა (2018 წლის მაისში ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავება 1 161 მლნ. კვ/სთ. იყო). 

განახლებადი წყაროების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მთლიანი გამომუშავების 99.8%-მდე გაიზარდა (1 205 მლნ. კვ/სთ.), ხოლო თბოელექტროენერგიის გამომუშავება 2018 წლის მაისთან შედარებით შემცირდა და საერთო გენერაციის მხოლოდ 0.2% შეადგინა (3 მლნ. კვ/სთ.).

ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მოხმარებამ 981 მლნ. კვ/სთ. შეადგინა (2017 წლის ივნისთან შედარებით 13%-იანი ზრდა, ხოლო 2018 წლის მაისთან შედარებით 2%-იანი ზრდა). 2018 წლის ივნისში გენერაციამ მთლიან მოხმარებას 227 მლნ. კვ/სთ-ით გადააჭარბა, რაც მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის 19%-ია (2018 წლის მაისში ეს მაჩვენებლები 198 მლნ. კვ/სთ. და 17% იყო, შესაბამისად).

2018 წლის ივნისში, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი ძლიერ კონცენტრირებული იყო; ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (Herfindahl-Hirschman index HHI) 3 788 შეადგინა (რაც მნიშვნელოვნად აღემატება ძლიერ კონცენტრირებული ბაზრის ზღვრულ დონეს, რომელიც 2 500-ს შეადგენს).  ბაზრის კონცენტრაციის დონე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, გაიზარდა ( 2017 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 3 389-ს შეადგენდა).

მშპ-ს პროგნოზი - ყოველთვიური

ISET-ის მშპ-ის პროგნოზი ფაქტორული ანალიზის მეთოდის გამოყენებით ადგენს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე და მომდევნო კვარტლის რეალური მშპ-ის პროგნოზს. პროგნოზის განახლება თვეში ერთხელ ხდება. დამოკიდებული ცვლადი არის  კვარტალური მშპ (ჩვენ „საქსტატის“ მშპ-ის წინასწარ მონაცემებს ვიყენებთ, როდესაც კვარტალური მშპ-ის საბოლოო მონაცემი ხელმისაწვდომი არ არის). ხოლო ამხსნელი ცვლადები (ამჟამად 115) „საქსტატის“ და ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან მოპოვებულ ყოველთვიურ ცვლადებს წარმოადგენენ.


ბოლო პუბლიკაციის შედეგები

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2018 წლის მეორე და მესამე კვარტალში საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი განაახლა.
საქსტატმა 2018 წლის პირველი კვარტლის მშპ-ის ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც ბოლო პროგნოზზე 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია.

რაც შეეხება 2018 წლის მეორე კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზს, ის უცვლელად 5.9%-ზე რჩება. წინასწარი შეფასებით, მესამე კვარტლის ზრდის პროგნოზი 7.2%-ია.

აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით, ვვარაუდობთ, რომ 2018 წლის წლიური ზრდა 6.2% იქნება, ყველაზე უარესი ანუ „ზრდის არქონის“ სცენარის შემთხვევაში და 6.5% ყველაზე უკეთესი ანუ „საშუალო გრძლევადიანი ზრდის“ სცენარის შემთხვევაში. ჩვენი „შუალედური“ სცენარი (რომელიც ბოლო ოთხი კვარტლის საშუალო ზრდის მონაცემს ეფუძნება) 2018 წელს რეალური მშპ-ის 6.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ხაჭაპურის ინდექსი - ორ კვირაში ერთხელ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭირვალე ინდიკატორია. ინფლაციის სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება, ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები


ბოლო პუბლიკაციის თანახმად, 2018 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ღირებულებამ 3.15 ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.
წინა თვესთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის კლება ძირითადად ყველის (0.6%-იანი კლება) და ფქვილის (1.1%-იანი კლება) ფასების კლებამ განაპირობა. ხაჭაპურის ინდექსი საქართველოს ყველა ქალაქში შემცირდა. თელავში, სადაც ხაჭაპურის ღირებულებამ 3.27 ლარი შეადგინა, ინდექსის ყველაზე დიდი კლება (1.4%) დაფიქსირდა. თბილისსა (3.29 ლარი) და ბათუმში (3.27), შესაბამისად, 04%-იანი და 0.2%-იანი კლება დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ფასი, 2.87 ლარი ქუთაისში დაფიქსირდა (0.8%-იანი კლება). ფასთა სხვაობამ ყველაზე ძვირ (თბილისი) და იაფ (ქუთაისი) ქალაქებს შორის 0.42 ლარი შეადგინა.
გასაკვირი არ არის, რომ ივნისში თბილისი და თელავი საქართველოს ყველაზე ძვირი ქალაქები იყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2018 წლის ივნისში საერთაშორისო ტურისტების მოგზაურობა 14.2%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ტურისტები ძირითადად თბილისსა და კახეთს უფრო სტუმრობდნენ, ვიდრე ზღვის სანაპიროს. თუმცა, როგორც მოსალოდნელია, ივლისში უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება საზღვაო ქალაქებს ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით (19°- 39°).  შედეგად, ბათუმში გაიზრდება მოთხოვნა რძეზე და რძის პროდუქტებზე, რაც ხაჭაპურის ფასს გაზრდის.

მაკროეკონომიკური მიმოხილვა - კვარტალური

საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკური მიმოხილვა კვარტალური გამოცემაა. პუბლიკაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ყოვლისმომცველ მიმოხილვას და ანალიზს გვთავაზობს, რომელიც „საქსტატის“, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და სხვა ოფიციალური წყაროების ყოველთვიურ სტატისტიკას ეფუძნება.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები

მშპ-ის ზრდის შესახებ „საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა ზომიერად მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს. 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. მშპ-ის ზრდა ძირითადად განაპირობა საგარეო ვითარებამ, გაუმჯობესებულმა ბიზნესის განწყობამ, გაცემული კრედიტების რაოდენობის ზრდამდა ფისკალურმა სტიმულირებამ. „საქსტატის“ პირველი კვარტლის ზრდის მონაცემი აღემატება ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს, რომელიც 2018 წელს 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამავე დროს, „საქსტატის“ მაჩვენებელი უფრო დაბალია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროგნოზზე, რომლის თანახმადაც, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 2018 წელს 5.7%-ს შეადგენს.

2018 წლის დასაწყისში, უფრო ფართო რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ სომხეთში  10.6% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა საშუალოდ 1.3%-ით და 2.3%-ით გაიზარდა, შესაბამისად.  თურქეთმა 2018 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%-იან ზრდას მიაღწია. მეზობელ ქვეყნებში განვითარებული ეს მოვლენები საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურისტული არხების მეშვეობით.

უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია (REMLAB) - ყოველკვარტალური მიმოხილვა

უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია საქართველოში უძრავი ქონების ბაზარს შეისწავლის. გაყიდვების, მიწოდების და ფასების დინამიკის გარდა, REMLAB-ის მთავარი პროდუქტი უძრავი ქონების ფასების ინდექსია. ეს ინდექსი უძრავი ქონების რეალურ ღირებულებას ასახავს. როდესაც უძრავი ქონების ფასებს ვაანალიზებთ, პირველი, რასაც ვაფასებთ, არის საშუალო ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე. თუმცა, საშუალო ფასი შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაში, თუ უკეთესი ხარისხის ქონების გაყიდვები (მეტი ბინა ცენტრალურ უბნებში ან უკეთესი რემონტით) გაიზრდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ფასები უძრავ ქონებაზე გაიზარდა. უძრავი ქონების ინდექსი იმისთვისაა საჭირო, რომ ფასების რეალური ცვლილება დადგინდეს. ინდექსი გამორიცხავს „ხარისხის ეფექტს“ და მისი მეშვეობით, უძრავი ქონების ფასის რეალურ დინამიკაზე ხდება დაკვირვება.

ბოლო პუბლიკაციის შედეგები

2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 0.1% გაიზარდა 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. წლიური ზრდა უფრო შთამბეჭდავი იყო და ზრდის ტემპმა 27.2% შეადგინა, 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2018 წლის პირველი კვარტლის მთლიან გაყიდვებში 41.6%-იანი წილით თბილისი ლიდერობს. შემდეგ მოდის კახეთი 11.1%-ით და აჭარა 9.9%-ით. გაყიდვების ყველაზე მაღალი წლიური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში (105%), გურიასა (66.9%) და კახეთში (31.7%) დაფიქსირდა.  

2018 წლის პირველ კვარტალში, გასაყიდი ფასის ინდექსი და გაქირავების ფასის ინდექსი საცხოვრებელ საკუთრებაზე, შესაბამისად, 5.1%-ით და 1.4%-ით გაიზარდა. საშუალო გასაყიდი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 860 აშშ დოლარიდან 906 აშშ დოლარამდე მერყეობდა (საშუალო თვიური), ხოლო საშუალო გასაქირავებელი ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 6.7 აშშ დოლარიდან 7.7 აშშ დოლარამდე მერყეობდა (საშუალო თვიური). აღნიშნულ კვარტალში საშუალო გასაყიდი ფასი  883 აშშ დოლარია ხოლო საშუალო გასაქირავებელი ფასი კი - 7.34 აშშ დოლარი.

სხვა სტატიები »