ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

რუსთაველის ფონდის 2017 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები

რუსთაველის ფონდის 2017 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები
2 ნოემბერი, 2018
რუსთაველის ფონდის სამეცნიერო კონკურსების გამარჯვებულთა შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს 2017 წელსაც, ისევე, როგორც წინა წლებში, ყველაზე დიდი ადგილი უკავიათ.

რას იკვლევენ ახალგაზრდები და რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მათი კვლევების მოკლე ანოტაციებს გთავაზობთ:


მარიამ ხატიაშვილი
თემა: ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან დაკავშირებული რბილი ძალა საბჭოთა კავშირის მიმართ 1980-იან წლებში: სახალხო დიპლომატიის გაკვეთილები საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკური სტრატეგიისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ, საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული მიზნების წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო პროგრამების შესწავლას.

ამავდროულად, პროექტის მიზანია, განიხილოს რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებში შემუშავებული რბილი ძალის კომპონენტები და მნიშვნელობა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მართალია, საერთაშორისო ისტორიოგრაფიაში არსებობს არაერთი კვლევა აშშ-ის რბილი ძალის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის სხვადასხვა ასპექტის შესახებ, მაგრამ არცერთი მათგანი არ განიხილავს აშშ-ის საბჭოთა კავშირის მიმართ, საქართველოსთან დაკავშირებულ, რბილ ძალას 1980-იან წლებში.

სალომე ჯამბურია
თემა: აბრეშუმის გზა: კულტურული მემკვიდრეობის მდგრადი განვითარების ასპექტები საქართველოში

აბრეშუმის გზის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სერიულმა და ტრანსსასაზღვრო ნომინაციამ ისტორიული გზის გასწვრივ არსებული ქვეყნების პოლიტიკურ და კულტურულ დღის წესრიგში უკვე დიდი აქტუალობა შეიძინა. 33 კომპონენტი, მათ შორის, ქალაქები, სავაჭრო დასახლებები, რელიგიური შენობები თანამედროვე ყირგიზეთში, ყაზახეთსა და ჩინეთში 2014 წელს შეტანილ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც ტრანსსასაზღვრო კულტურული მემკვიდრეობა სახელწოდებით აბრეშუმის გზები: სამარშრუტო ქსელი ჩანგ’ან-ტიანშანის დერეფანი. ამასთანავე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში უკვე ბევრ ქვეყანას აქვს წარდგენილი აბრეშუმის გზის ისტორიასთან დაკავშირებული ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიური მონაცემები და წერილობითი წყაროები ადასტურებენ აბრეშუმის გზის ჩრდილოეთ განშტოებაში სამხრეთ კავკასიის ჩართულობას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანიშნულების ადგილებით, აღნიშნული მონაკვეთის აბრეშუმის გზის კულტურული მემკვიდრეობა არ არის სათანადოდ გაანალიზებული და საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი. დოქტორანტი მიზნად სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ისახავს.

ანა თეთრუაშვილი
თემა: მეურნეობის ტიპები გრაკლიან გორაზე (ქვის ინდუსტრიის არქეოლოგიური და ტრასოლოგიური კვლევების მიხედვით)

ტრასოლოგია (ფრანგულად – კვალი და ბერძნულად სწავლება) – კვალის შესწავლას ნიშნავს. თავის დროზე ის კრიმინალისტიკაში გამოიყენეს და არანაკლები შედეგი გამოიღო ამ მეთოდმა არქეოლოგიაში. მუშაობის პროცესში იარაღის ზედაპირზე, სავსებით კანონზომიერი, სხვადასხვა ტიპის კვალი რჩება, რომლის შესასწავლად ვიყენებთ ბინოკულარულ მიკროსკოპს. კვლევის მეორე ეტაპი ეძღვნება ფუნქციონალურ ანალიზს. ამ ეტაპზე იარაღის კლასიფიცირება ხდება ჯგუფებად, რის საფუძველზე იკვეთება მეურნეობა, მისი წამყვანი და მეორეხარისხოვანი დარგები, სპეციფიკა, ეკონომიკური მახასიათებლები და სხვა;

ტრასოლოგიური კვლევები საშუალებას გვაძლევს ძეგლზე დავადგინოთ მუშაობის მიმდინარეობის პროცესები, ამ მხრივ, თემის მიზანია გრაკლიან გორაზე გამოვლენილი სამეურნეო იარაღების – ხელსაფქვავის, როგორც ზედა ისე ქვედა ქვების, სანაყებისა და როდინის ქვების, ნამგლის ჩასართების და ანატკეც-ანამტვრევების ტექნიკა-ტიპოლოგიური და ტრასოლოგიური კვლევა, მოცემული სამეურნეო იარაღების ტიპოლოგიური და ფუნქციონალური მახასიათებლების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა. კვლევის ინტერესს წარმოადგენს, გრაკლიანი გორის ქვის ინდუსტრიის ტიპოლოგიური და ფუნქციონალური კვლევებით მეურნეობის დარგების აღდგენა.

ერეკლე ზარანდია

თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

კვლევის ძირითადი მიზანია შეისწავლოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკური პოლიტიკა და შეიმუშაოს მისი გაუმჯობესებისა და მოდერნიზების ახალი ინსტრუმენტები თუ რეკომენდაციები. რეგიონში ჩამოყალიბებული თვითმმართველობის ფუნქციონირების, მიზნების, ინსტრუმენტებისა და შედეგების დახასიათება და ანალიზი. კვლევის მიზნებია:

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე, ადგილობრივი თვითმმარველობების შემოსავლების დივერსიფიკაციის შესაძლებლობათა გამოვლენა, შესწავლა და გაანალიზება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლების წყაროთა გამოვლენა, მათი გაფართოების მიზნით;

ადგილობრივი თვითმმართველობის პოტენციური შემოსავლების შესაძლებლობათა შესწავლა; კვლევის შედეგად მოპოვებული მასალის გაანალიზების საფუძველზე, კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

ნათია სორდია
თემა: შემოქმედებითი პოტენციალიდან მიღწევებამდე: პიროვნების და კულტურის როლი შემოქმედებითობაში

ორიგინალური და სასარგებლო პროდუქტის შექმნის უნარს და მის რეალიზებას გადამწყევტი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენტუანარიან სამყაროში თავის დამკვიდრების, ქვეყნის და საზოგადოების განვითარების, პროგრესის თვალსაზრისით.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ შემოქმედებითობის კვლევის ამ ეტაპისთვის არაფერია ცნობილი იმ მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებას, მათ აქტივობებად ან მიღწევებად გარდაქმნას უშლის ან უწყობს ხელს, მოცემული კვლევა კი სწორედ ამ ინფორმაციის წყაროა. შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების გზაზე არსებული ისეთი პიროვნული მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ან უშლიან პიროვნებას ამ ძალების რეალიზებაში, განათლების სფეროში მომუშავე იმ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შემუშავებაში დაგვეხმარება, რომლებიც მომავალ თაობებთან მუშაობენ. მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები საშუალებას მოგვცემს ახალ თაობებთან მუშაობისას, შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზე მოვახდინოთ აქცენტირება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის და საზოგადოების პროგრესის, განვითარების საფუძველია.

ირაკლი გაბრიაძე
თემა: ინსტიტუციური ფაქტორები ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მოდელებში (პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე)

პროექტის მიზანია შეფასდეს ინსტიტუციების მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითზე. ასევე ამ ქვეყნების მონაცემებზე დაყრდნობით, პროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციების დეტერმინანტებისა და მათი ცვლილების გამომწვევი მიზეზების შესწავლას. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, რათა მათ შეძლონ ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი ინსტიტუციების ფორმირება და შესაბამისად, მიაღწიონ ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს. რატომ შეძლო ზოგიერთმა ქვეყანამ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ინსტიტუციების ჩამოყალიბება, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებმა ეს ვერ შეძლეს? ავტორის თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის საჭიროა გავიგოთ, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ამა თუ იმ ტიპის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე. ამ ანალიზისათვის პოსტსაბჭოთა სივრცე არის კარგი მაგალითი რამდენიმე მიზეზის გამო – პირველი არის ის, რომ ყველა ამ ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუციების მშენებლობა თითქმის ერთდროულად და ამ დაწყების მომენტში, მათი ინსტიტუციები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. შესაბამისად, საწყისი პოზიცია ამ ქვეყნებისა თითქმის იდენტური იყო.

თორნიკე ჭაბუკიანი
თემა: ფოტოსტიმულირებული მეთოდით მიღებული ზეგამტარი მასალები და მათი თვისებების კვლევა

მაღალტემპერატურული ზეგამტარი მასალების მიღება, მათი შესწავლა და წარმოებაში დანერგვა, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ფოტოსტიმულირებული მყარსხეულოვანი რეაქციის საშუალებით შესაძლებელია თანამედროვე მაღალტემპერატურული ზეგამტარების მიღება გაცილებით სწრაფად, ნაკლები ენერგორესურსის გამოყენებით. ვინაიდან, ზეგამტარული მასალები წარმოადგენს მომავლის ტექნოლოგიების გასაღებს, მნიშვნელოვანია, მათი მიღება და წარმოება გახდეს ხელმისაწვდომი. მსოფლიო ბაზარზე არსებობენ დიდი რაოდენობის პოტენციური მომხმარებლები, რომლებიც დაინტერესებული არიან მსგავსი კვლევებით. ესენი მსოფლიო წამყვანი კომპანიებია, რომლებიც აწარმოებენ მაღალტექნოლოგიურ მასალებს მყარსხეულოვანი რეაქციის საფუძველზე. აღნიშული ტექნოლოგიით დაინტერესებულნი არიან აგრეთვე წამყვანი კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, რომლებიც მუშაობენ მაღალტემპერატურული ზეგამტარების და სხვა მაღალტექნოლოგიური მასალების დარგში.

მირიან მაქაძე
თემა: ვულკანური პროცესების ზეგავლენა ეკოსისტემების აბიოტურ და ბიოტურ კომპონენტებზე - სამხრეთ საქართველოს ვულკანური არეალის მაგალითზე

პროექტის მიზანი სამხრეთ საქართველოს ვულკანური არეალის მაგალითზე, ეკოსისტემების ბიოტურ და აბიოტურ კომპონენტებზე ვულკანური პროდუქტების /ლავა, პიროკლასტური ნაკადები, პოსტვულკანური ხსნარები და სხვ./ ზემოქმედებით გამოწვეული ეკოლოგიური ფონის ტრანსფორმაციის ფაქტორების დადგენაა. მიზნის მისაღწევად საჭიროა საკვლევი ტერიტორიის კომპლექსური - გეოლოგიური და პალეობოტანიკური კვლევა, რომელიც გულისხმობს საკვლევ არეალში გავრცელებული ვულკანიზმის შესწავლას, ვულკანიზმის ამოფრქვევის ტიპის და ხასიათის დადგენას და მისი გეოქიმიური, პეტროგრაფიული, პეტროლოგიური თავისებურებების დადგენას, პოსტმაგმური ჰიდროთერმული მინერალიზაციის ხასიათის და წყაროს შესწავლას მისი რენტგენოსტრუქტურული, გეოქიმიური და პეტროგრაფიული თავისებურებების დადგენით, აგრეთვე საჭიროა საკვლევ არეალში არსებული ნამარხი ფლორის კავშირის დადგენა ვულკანიზმთან. პროექტი ხორციელდება თსუ-ს მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის, თსუ-ს გეოლოგიის ინსტიტუტის, თსუ-ს გეოლოგიის დეპარტამენტის და ვანკუვერის (კანადა) ლაბორატორიული ბაზების გამოყენებით.

მედეა ცაავა
თემა:სასაზღვრო ამოცანები ბი-ლაპლას-ბეტრამის განტოლებისათვის ჰიპერზედაპირზე

მათემატიკური ფიზიკის მრავალი ამოცანა, როგორიცაა: ბზარების ამოცანები დრეკად გარემოში, ელექტრომაგნიტური ტალღების გაბნევა ზედაპირის მიერ, სითბოს გავრცელება ზედაპირზე და სხვა, ყალიბდება ელიფსური კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებისათვის სასაზღვრო ამოცანების სახით. პროექტის მიზანია, სასაზღვრო ამოცანების გამოკვლევა ბი-ლაპლას-ბელტრამის განტოლებისათვის, რომელიც წარმოადგენს მაღალი რიგის განტოლებას. ბი-ლაპლას-ბელტრამის განტოლების საშუალებით აღიწერება ელასტიური ზედაპირის რხევის განტოლება უწყვეტ მექანიკაში, ფირფიტების მცირე დეფორმაცია ბრტყელი დრეკადობის თეორიაში და სხვა მრავალი ამოცანა.

ქეთევან ხარაიშვილი
თემა: ახალი პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სტაციონალური ფაზების მომზადება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე და მათი ქრომატოგრაფიული შესწავლა

ენანტიომერული ნარევების დაყოფა წარმოადგენს თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით. ქრომატოგრაფიული დაყოფის მეთოდები ძირითადად დამყარებულია ნარევის შემადგენელი კომპონენტების განსხვავებული განაწილების უნარზე მოძრავ და უძრავ ფაზებს შორის. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინტენსიურად შეისწავლება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელების გამოყენება აქირალური ქრომატოგრაფიული დაყოფებისთვის ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური ადსორბენტები გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით: მცირე მკვდარი მოცულობა,თეორიული თეფშების მაღალი რიცხვი,ანალიზის სიჩქარის გაზრდისას თეორიული თეფშების სიმაღლის ნელი ზრდა, რაც საშუალებას იძლევა ჩატარდეს ანალიზები მაღალ სიჩქარეზე ეფექტურობის მინიმალური დანაკარგით.

წინამდებარე პროექტის მთავარი მიზანია, ახალი ქირალური სტაციონარული ფაზების მომზადება ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის და აქამდე შეუსწავლელი პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით. კერძოდ, კვლევების პირველ ეტაპზე სელექტორით ფიზიკურად დაფენილი სტაციონარული ფაზების მსგავსად მომზადდება ქირალური სტაციონარული ფაზები ზედაპირულად ფოროვან სილიკაგელებზე უხსნადი პოლისაქარიდული ქირალური სელექტორის მიმაგრებით, ერთმანეთთან იქნება შედარებული, როგორც ზედაპირუალდ და მთლიანად ფოროვანი სილიკაგელების საფუძველზე მომზადებული ქირალური ადსორბენტები, ასევე ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის დაფენით და მასზე უხსნადი სელექტორის მიმაგრებით მომზადებული მასალები. გარდა ამისა, მოხდება ქირალური სელექტორის შემცველობის ოპტიმიზაცია ქირალურ ადსორბენტში, მიღებული მასალების კინეტიკური დახასიათება და ქრომატოგრაფიული დაყოფის პირობების ოპტიმიზაცია.

თეა შავაძე
თემა: ამონახსნების ვარიაციის ფორმულები სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისთვის წყვეტილი საწყისი პირობით და დაგვიანებების შეშფოთების გათვალისწინებით და მათი გამოყენება ოპტიმიზაციის ამოცანებში.

პროექტის პირველი ნაწილი ეხება ამონახსნების ვარიაციის ფორმულების დამტკიცებას, არაწრფივი სამართი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისთვის  ფაზურ კოორდინატებში მრავალი მუდმივი დაგვიანებით  და   წყვეტილი საწყისი პირობით. პროექტში დადგენილია  ამონახსნის ნაზრდის შეფასების რიგი მცირე პარამეტრის მიმართ და გამოთვლილია ნაზრდის მნიშნელობა საწყის მომენტში, როცა საწყისი მომენტის ვარიაციას ადგილი აქვს მარცხნიდან ან მარჯვნიდან. ძირითადი ინტერვალის ბოლო წერტილის  მიდამოში დამტკიცებულია ამონახსნის ვარიაციის ფორმულები სამი შემთხვევისთვის, როცა საწყისი მომენტის ვარიაციას ადგილი აქვს მარცხნიდან ან მარჯვნიდან, ან ორივე მხრიდან.

პროექტის მეორე ნაწილი ეხება არაწრფივი ოპტიმიზაციის ამოცანებს მრავალი მუდმივი დაგვიანებით ფაზურ კოორდინატებსა და  მართვებში, ზოგადი სასაზღვრო პირობებითა და ფუნქციონალით.

ლევან გოგიჩაიშვილი
თემა: ჰიპატოცელულური კიბოს გამოსავალი, განვითარების რისკი და სისხლში მოცირკულირე ახალი, მაღალმგრძნობიარე სიმსივნის მარკები, ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მკურნალობის დროს HCV-ით ინფირიცირებულ პაციენტებში

ჰეპატოცელულური კიბო (HCC) წარმოადგენს ღვიძლის პირველად სიმსივნეს, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა როგორც გავრცელებით (მე-5 ადგილი ყველა სხვა სიმსივნეეში), ასევე აგრესიულობით (მე-3 ადგილი სიკვდილიანობით), თუმცა ამ ტიპის სიმსივნეებს გააჩნიათ ერთი სასარგებლო თვისება – ადრე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელების მიღწევა. HCC აუცილებლად ვითარდება დაზიანებულ ღვიძლში და მას ძირითადად წინ უძღვის ჰეპატიტი და ღვიძლის ციროზი 20-30 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჰეპატიტს ძირითადად, უნდა ჰქონდეს ვირუსული ხასიათი. ამიტომაა, რომ HCC 80 პროცენტში გვხვდება C და B ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში. დანარჩენი 20 პროცენტის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზია ყველა სხვა ღვიძლის დაავადებები, მათ შორის, ალკოჰოლური ჰეპატიტი, ცხიმოვანი ჰეპატოზი, მემკვიდრეობითი დაავადებები, ქრონიკული ტოქსიური დაზიანებები და ა.შ.  ჩვენ ჩვენს პრაქტიკაში აღმოვაჩინეთ 3 შემთხვევა, აქედან 2 მანიფესტირებული და ერთი არასრული, როდესაც C ვირუსული ჰეპატიტის მკურნალობისას პაციენტებს სიმსივნური წარმონაქმნები შეუმცირდათ ზომაში და ერთ შემთხვევაში გაქრა. კვლევის ჰიპოთეზაა რომ ჰეპატიტის შეჩერების შემთხვევაში შესაძლებელია სიმსივნის რეგრესი, ან ყოველ შემთხვევაში ის წარმოადგენს სიმსივნის განვითარების პრევენციას. ამ პროგრამაში ჩართული პაციენტები წარმოადგენენ ყველაზე კარგ სამიზნე ჯგუფს დაკვირვებისათვის, ვინაიდან ისინი ბუნებრივად იმყოფებიან სქრინინგის ქვეშ მკურნალობამდე, მკურნალობის პროცესში და მის შემდეგ. ამ პაციენტების სქრინინგა ძალიან გაზარდა სიმსივნეების გამოვლენა. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა საჭირო კონტიგენტის მოძიება და დაკვირვების წარმოება.

ნინო პოპიაშვილი
თემა:აფხაზური და ოსური ენების სწავლება: ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. აფხაზური და ოსური ენების სწავლება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დაიწყო. მეოცე საუკუნეში უკვე არსებობდა რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრი, როგორც დაწყებითი განათლების, ისე შემდგომი განათლების მისაღებად.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ და ოსურ ენებს ასწავლიდნენ საგანგებოდ შექმნილ სკოლებში ქართული, აფხაზური და ოსური ინტელიგენციის წარმომადგენლები. თბილისში უნივერსიტეტის დაარსებისთანავე (1918 წ.) პროფესორთა საბჭომ განიხილა აფხაზური და ოსური ენების სწავლების საკითხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლისა და რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, დაევალათ ქართველ პროფესორებს (გ. ახვლედიანი და სხვ.) ამ საკითხის ორგანიზება. ამ საკითხის ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა არის სწორედ კვლევის მიზანი.



სხვა სტატიები »