ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლადო ჭანტურია: ჩემი თაობის იურისტები ბევრჯერ მოვესწარით იურიდიული ლიტერატურის მაკულატურიზაციას

ლადო ჭანტურია: ჩემი თაობის იურისტები ბევრჯერ მოვესწარით იურიდიული ლიტერატურის მაკულატურიზაციას
2 ნოემბერი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლადო ჭანტურია საზოგადოებისთვის პირველ რიგში, თავისი პრაქტიკული საქმიანობით არის ცნობილი – სხვადასხვა დროს იყო იუსტიციის მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი. დღეს ლადო ჭანტურია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან. თუმცა, აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას იგი ყოველთვის უთავსებდა მეცნიერულ კვლევას და პედაგოგიურ მოღვაწეობას – იგი120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის – არაერთი ნაშრომი უცხოეთში აქვს გამოცემული. 2010 წელს გერმანიაში გამოცემული ნაშრომის თემა ქართული სამართლის ევროპეიზაცია იყო. მასში ავტორი დაახლოებით ასეთ კითხვას სვამდა: „ლამაზი სურვილია ეს თუ დიდი გამოწვევა"? დღეისათვის მეცნიერი ამ კითხვას პასუხს ასე სცემს:

სტატიაში შევეცადე მეჩვენებინა, რომ ქართული სამართლის ევროპიზაცია ქართველი იურისტებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს და რომ ისინი ამ გამოწვევას ღირსეულად ართმევენ თავს. ქართული სამართლის ევროპიზაცია ისტორიულ-კულტურული პროცესია, რომლის მოქცევა დროის მოკლე მონაკვეთში რთულია. იმავდროულად რეალობაა ისიც, რომ ქართული სამართალი ევროპული სამართლის ნაწილი გახდა. ეს ჩანს არა მხოლოდ კანონმდებლობაში, არამედ იმ სამეცნიერო ლიტერატურასა და სამოსამართლო სამართალში, რომელიც ამ კანონმდებლობის საფუძველზე იქმნება.

ევროპულ სამართლებრივ კულტურასთან დაახლოების ასეთი შანსი საქართველოს ისტორიულად არასდროს არ ჰქონია. ქვეყნის ევროპული გზისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ შესაძლებლობის განხორციელების მთავარი წინაპირობაა. თანამედროვე სამართალი მხოლოდ სამართლებრივ სახელმწიფოდ ორგანიზებულ საზოგადოებებში არსებობს. ამიტომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ღირებულებათა ორიენტაციის თაობაზე, გადამწყვეტია. ამან გავლენა მოახდინა ქართველი იურისტების მოღვაწეობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

იურიდული ლიტერატურის მაკულატურაზიცია და იურიდიული მეცნიერების როლი თანამედროვე საზოგადოებაში

მე-19 საუკუნის გერმანიაში საინტერესო დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, იყო თუ არა სამართლის მეცნიერება ნამდვილად მეცნიერება. დღემდე ახსოვთ ერთი გერმანელი იურისტის სიტყვები: „რა მეცნიერებაა იურისპრუდენცია: მეფის სამი ძლევამოსილი სიტყვა და მთელი იურიდიული ბიბლიოთეკები მაკულატურად გადაიქცევაო“. ჩემი თაობის იურისტები ბევრჯერ მოვესწარით იურიდიული ლიტერატურის მაკულატურიზაციას. ამიტომ ეს შეფასება გარკვეულწილად რაღაც რეალობას ასახავს. თუმცა, მეორეს მხრივ, წარმოუდგენელია თანამედროვე საზოგადოებები იურიდიული მეცნიერების გარეშე, იმის კვლევის გარეშე, თუ როგორ გამოიყენება სამართალი, როგორ ესმით იურისტებს ან არაიურისტებს კანონის ნორმები, როგორ შეიძლება ყველაფრის ამის სისტემურად აღქმა და გამოყენება. მოკლედ, იურიდიულ მეცნიერებას ძალიან დიდი ასპარეზი აქვს და არ არის გასაკვირი, რომ დამოუკიდებლობის წლებში ახალი თაობის ქართველმა იურისტებმა სერიოზული სამეცნიერო ნაშრომები შექმნეს ქართულ ენაზე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს ყოფილა ქართული სამართლის მეცნიერება ისე ნაყოფიერი და მრავალფეროვანი, როგორც დამოუკიდებლობის წლებში.

სიახლეა ქართველი იურისტების საერთაშორისო კავშირები და კვლევები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. ამის შესაძლებლობა უწინ არ იყო. მახსოვს, როცა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩავატარეთ, უცხო ენის მცოდნე იურისტები თითქმის არ გვყავდა. დღეს უკვე რამდენიმე უცხო ენაზე მეტყველი და მომუშავე ქართველი იურისტი ჩვეულებრივი ამბავია. და მაინც, იურისტის საქმიანობის მთავარი სფერო – პრაქტიკაა, რადგან ხშირად სამართალი წიგნებში განსხვავდება ცხოვრებისეული სამართლისაგან, იურისტს უნდა შეეძლოს მოქმედი სამართლის გაგება და გამოყენება. შესაბამისად, მოთხოვნაც პრაქტიკოს იურისტებზე დიდია.

გლობალიზაციის კვალი ქართულ სამართალში


ჩვენ დღეს ენით აღუწერელი შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ. შეიძლება ვიყოთ გლობალური პროცესების მონაწილე, აღვიქვათ და განვიცადოთ სხვა ქვეყნის პრობლემები და მიღწევები საკუთარ თავზე. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან ურთიერთობენ. ასეთი ურთიერთობების დროს ბუნებრივად წარმოიშობა მრავალი პრობლემა, კონფლიქტი ან გადასაწყვეტი საკითხი. ყველა ამ სფეროში სამართალია საჭირო. მაგალითად, რომელი ქვეყნის სამართალი უნდა გამოვიყენოთ იმ ბავშვის სამართლებრივი მდგომარეობის (სახელი, გვარი, მოქალაქეობა და ა.შ.) გასარკვევად, რომლის მშობლები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ასეთი საკითხი უამრავია და ყველგან კვალიფიციური სამართლებრივი ექსპერტიზაა საჭირო. ქართველმა იურისტებმა კარგად იციან ამის შესახებ და მრავალ ერთობლივ საერთაშორისო პროექტში არიან ჩართული. თუმცა, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ამიტომ პრიორიტეტების არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

სავალდებულო კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის


ახალგაზრდულ ასაკში მომეცა გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობა. პირველად იქ დავინახე სამართლის თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირის აუცილებლობა. კარგი სამართლის მეცნიერება არ არსებობს სამართლის პრაქტიკის გარეშე და პირიქით – კარგი პრაქტიკა არ არსებობს მეცნიერების გარეშე. მეცნიერება გამოცდილების შესწავლის, მისი განზოგადებისა და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას იძლევა. სამეცნიერო პუბლიკაციები სწორედ დაგროვილი ცოდნის, გამოკვლეული ინფორმაციის გარეგნულად გამოხატვის შესაძლებლობაა. პრაქტიკოსი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს, ყოველთვის ცდილობს გაეცნოს ამ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, რაშიც მას სამეცნიერო ლიტერატურა ეხმარება.

აუცილებელია სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, შესაბამისი დაფინანსება, საერთაშორისო პროექტებში ჩართვა. საბედნიეროდ, მრავლად არიან ახალგაზრდა ქართველი იურისტები, რომლებიც სიამოვნებით არიან ჩართული მეცნიერებაში. რაც შეეხება კვლევას, კვლევა უნდა იყოს აქტუალური, თუმცა არ უნდა ივიწყებდეს მოცემულ სფეროში მიღწეულ დონეს. კვლევა უნდა იძლეოდეს დასმული კითხვის პასუხს ან უნდა აღძრავდეს ინტერესს ახალი პრობლემების მიმართ.

მიზეზი, რის გამოც დატვირთული გრაფიკის მიუხედვად, ლექტორობა არ ეთმობა


მიყვარს სტუდენტები. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა, რადგან დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საუკეთესოდ მხოლოდ ახალგაზრდობასთან არის შესაძლებელი. მართალია, სხვადასხვა ფუნქციების გამო, ისე ინტენსიურად ვერ ვახერხებ სტუდენტებთან მუშაობას, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ მათთვის დროს გამოვნახო და ჩემი მოვალეობაც პირნათლად შევასრულო. იმ დროს, როცა მხოლოდ უნივერსიტეტში ვმოღვაწეობდი, ჩემი ყველა სტუდენტის სახელი და გვარი მახსოვდა. ახლა ამ მხრივ ცოტა მოვიკოჭლებ.

სხვა სტატიები »