ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კორნელი კაკაჩია: „დროა ჩავერთოთ საერთო საკაცობრიო ცოდნის, როგორც მიღებაში, ასევე შექმნაში“

კორნელი კაკაჩია: „დროა ჩავერთოთ საერთო საკაცობრიო ცოდნის, როგორც მიღებაში, ასევე შექმნაში“
2 ნოემბერი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნირებათა აკადემიური დოქტორი კორნელი კაკაჩია პოლიტიკის კვლევებითა და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ექსპერტული კომენტარებით კარგად არის ცნობილი ქართველი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის. იგი „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. დაინტერესებულ საზოგადოებას მეცნიერი სთავაზობს მსჯელობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პატარა ქვეყნების გეოპოლიტიკური მიზნები და მათი ცვალებადობა; ცდილობს დაანახოს მსოფლიოს „შავი ზღვის სამეულის რეგიონი“ ცნობილი „სამხრეთ კავკასიის რეგიონის“ ნაცვლად; აჩვენებს „ბორდერიზაციის“, როგორც ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტის შინაარსს; გვიხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არასდროს დასრულდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტატიები არაერთ აკადემიურ გამოცემაში შეგხვდებათ, ფიქრობს, რომ ქართველი მკვლევარების ნაშრომებისა და საქართველოს შესახებ არსებული კვლევების მსოფლიო კონტექსტში, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოსაქცევად საკმაოდ სერიოზული ძალისხმევაა საჭირო. ამიტომ საუბარი სწორედ ამ თემით იწყება:

„სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები შედარებით ახალი დარგია საქართველოში, აქედან გამომდინარე, ობიექტურად თუ შევხედავთ, არ გვაქვს ისეთი ძლიერი ტრადიციები როგორც ბევრ სხვა სფეროში. ბუნებრივია, არ გვაქვს ის ექსპერტიზა, რაც საჭიროა ამ სფეროს ინტერნაციონალიზაციისთვის. განსაკუთრებით ეს კრიტიკა ეხება თეორიულ მიდგომების და მთელი რიგი საკითხების გააზრებას. თუ გადავხედავთ, პოლიტიკის თემებზე მომუშავე ჩვენი საუკეთესო მკვლევარები ძირითადად იკვლევენ რეგიონს ან ქვეყანას. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ამან არ უნდა მიიღოს რეგიონმცოდნეობის ხასიათი. საერთაშორისო დონეზე არ უნდა გვქონდეს ისეთი სახელი, რომ რადგან ქართველები ვართ, ე.ი მხოლოდ საქართველოზე ვწერთ. ახალ თაობებში ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, უნდა ჩავერთოთ ზოგადსაკაცობრიო ცოდნის როგორც მიღებაში ისე წარმოებაშიც, უნდა გავაანალიზოთ არსებული ლიტერატურა, უახლესი მეცნიერული მიდგომები, დღეს უკვე არის მათზე მარტივად წვდომის შესაძლებლობა, ასევე უნდა გავიაზროთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, რათა გვქონდეს საშუალება შევადაროთ საქართველო სხვა ქვეყნებს კომპარატიული პერსპექტივიდან და უფრო ფართოდ გავიაზროთ, როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენი რეგიონის რეალიები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა მკლევარების როლი. ვფიქრობ, რომ ახალმა თაობამ ჯერ ვერ მოიმაგრა ფეხი აკადემიურ სივრცეში და მნიშვნელოვანია, რომ გავხსნათ ეს სივრცე. საბედნიეროდ, არიან ახალგაზრდა, იმედისმომცემი ქართველი მკვლევარები, რომლებიც აქვეყნებენ საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში, თუმცა მათ უნდა შევუქმნათ იმის საშუალება, რომ ჩაერთონ და თანდათანობით დამკვიდრდნენ ქართულ აკადემიურ სივრცეში“.

„სამხრეთ კავკასია“ თუ „შავი ზღვის სამეული„

ბოლო 27 წლის განმავლობაში ევროკავშირი ცდილობდა, რომ „სამხრეთ კავკასია“, რომელიც როგორც ისტორიულად, ასევე გეოგრაფიულად ყოველთვის იყო რეგიონი, გაეხადა „პოლიტიკური რეგიონი“, ისევე როგორც, მაგალითად, ბალტიისპირეთი. თუმცა, თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს დავუკვირდებით, ყველა ვრწმუნდებით, მათ შორის ევროკავშირის მესვეურებიც, რომ „სამხრეთ კავკასია“ უფრო არშემდგარი პოლიტიკური რეგიონია, ვიდრე მდგრადი, შემდგომ პოლიტიკურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული ერთეული. არადა, თუ თანამედროვე ევროინტეგრაციის ისტორიას გადავხედავთ ის, თუ რომელ რეგიონს მიეკუთვნები, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მნიშვნელოვანია.

წიგნი „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“, რომლის პრეზენტაცია წელს ბერლინში შედგა, ქართველი და ევროპელი მკვლევარების თანაავტორობით გამოიცა.

მისი მთავარი მიზანია, შევთავაზოთ ევროკავშირს არ მისდიოს მხოლოდ ტრადიციულ, შაბლონურ, რეგიონალურ მიდგომებს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, როგორც ერთ რეგიონს – „შავი ზღვის ტრიოს“, ისე შეხედოს. უნდა შეიცვალოს საქართველოს მხოლოდ სამხრეთ კავკასიის კონტექსტში მოაზრების პრაქტიკა, რადგან ჩვენ ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყანაც ვართ, რომლის მიმართ დღეს უფრო მეტი გეოპოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს ევროპას. აქედან გამომდინარე, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან გადაიხედოს ის პოლიტიკური სტერეოტიპები, რომლებიც ხელს შეუშლის რეგიონის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას. ამ თვალსაზრისით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად სამეულში ყოფნა საქართველოსთვის, ცხადია, გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე სამხრეთ კავკასიასთან ბმა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი აქვს არჩეული. ჩვენი აზრით, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან ახალი გეოპოლიტიკური და რეგიონული იდენტობის გაძლიერება, უნდა მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ასოცირებული ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის გამოცალკევება, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანი იქნება, როგორც რეგიონის, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის.

რატომ არასდროს დამთავრდება რუსეთის ომი უკრაინის (და საქართველოს) წინააღმდეგ

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც რუსეთში ისტორიულად არსებობდა და დღესაც არსებობს, არის პროდასავლურ და იმპერიულ იდეებს შორის ბრძოლა. როგორც თავის დროზე ზბიგნევ ბჟეზინსკიმ მართებულად შენიშნა, რუსეთი უკრაინისა და საქართველოს გარეშე ვერ შედგება, როგორც იმპერია. ევრაზიული კავშირი უკრაინის და საქართველოს გარეშე უკვე აღარ არის ფუნქციურად მიმზიდველი ორგანიზაცია. ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ბელარუსში და სომხეთში დომინირება – არ არის რუსეთის პოლიტიკური ამბიციებისთვის დამაკმაყოფილებელი. კრემლში ბევრს ჰგონია რომ საქართველოსა და უკრაინის გარეშე ვერ მოხდება ისეთი იმპერიის შექმნა, რომელიც ღირსეულად შეძლებდა ყოფილიყო როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირის საპირწონე ძალა.

ამ მხრივ, ბუნებრივია, რუსეთისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი უკრაინაა, მისი პოლიტიკური წონიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამასთან რუსეთში, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ელიტებში მიუღებელია უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ამ ორ სლავურ ერს იდენტური ახლობლობა აკავშირებს. პუტინი ღიად ამბობს, რომ უკრაინა, როგორც ერი არ არსებობს, მათ უჭირთ იმპერიული აზროვნების დაძლევა.

თუმცა, საქართველოს შემთხვევაშიც, თუ აკონტროლებ საქართველოს, აკონტროლებ სრულად სამხრეთ კავკასიას, თუ აკონტროლებ სამხრეთ კავკასიას, – ე.ი. აკონტროლებ ცენტრალურ აზიას. ეს რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბორდერიზაცია – ტაქტიკა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ხელის შესაშლელად

ბორდერიზაცია (ანუ რუსული ოკუპაციის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოება, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზზე დღეს არსებული არასტაბილური ვითარება) არის რუსეთის ტაქტიკა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების ხელის შესაშლელად. ისეთი ქვეყანა, რომლის საზღვარზეც მოქალაქეებს იტაცებენ, არ არის ხელსაყრელი ინვესტორებისთვის. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლების მიზანიც ისაა, რომ საქართველოს შეუქმნან არასტაბილური, არშემდგარი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც დიდი იმედების დამყარება არ ღირს, ვინაიდან ის ვერასდროს შედგება, როგორც დემოკრატიული ქვეყანა.

საქართველო, როგორც იმედისმომცემი დემოკრატიზაციის მაგალითი

საქართველომ მეტ-ნაკლებად მოახერხა გამხდარიყო წარმატებული დემოკრატიზაციის მოდელი რეგიონში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, საქართველოს არ ექნებოდა ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც დღემდე აქვს. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულად იზოლირებულობის მიუხედავად, რომელიც ისტორიულად, ყოველთვის იყო ჩვენი აქილევსის ქუსლი, მაინც ვახერხებთ ყურადღების მიპყრობას. ჩვენ რეალურად არ გვაქვს ნავთობი ან სხვა მნიშვნელოვანი წიაღისეული, თუმცა, ბოლო ათწლეულებში სახელმწიფო მმართველობის ზოგიერთ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად, ფაქტობრივად, გავხდით მუდმივმოქმედი დემოკრატიული რეფორმების ცენტრი რეგიონში. ასევე ჩანს, რომ ყოფილი არშემდგარი, პოსტ-საბჭოთა სახელმწიფო მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობს ფეხზე წამოდგომას და პოლიტიკურ ტრანსფორმაციას და ეს ყოველივე იწვევს დასავლეთის მხრიდან ინტერესსა და სიმპათიას საქართველოს მიმართ. ასეთი სახელმწიფოების დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ კონსოლიდირებული დემოკრატია და ისევ ტრანსფორმაციის პროცესში ვართ.

რამდენად შეუძლია ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ბოლომდე წარმატებით განახორციელოს დემოკრატიული ტრანზიცია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მისი მეზობელი ქვეყნები ავტორიტარულია. შესაძლებელია თუ არა პატარა ევროპული ყაიდის, დემოკრატიული კუნძულის შენარჩუნება ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით? ბუნებრივია, ეს კითხვები იწვევს ინტერესს და სიმპათიებს დასავლეთის მხრიდან და სწორედ ამიტომ არსებობს ის მხარდაჭერა, რაც დღეს გვაქვს.

პატარა ქვეყნების გეოპოლიტიკური მიზნები – როგორ იცვლება მათი პოლიტიკა

მცირე სახელმწიფოების შესახებ კვლევები რამდენიმე ათწლეულის წინ პოპულარული იყო, თუმცა რეალიზმისა და ლიბერალიზმის ახალი მიმდინარეობების ჩამოყალიბების შემდეგ, ჩაითვალა, რომ მცირე და პატარა სახელმწიფოების კვლევა არ არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ყველა მკვლევარი ასე არ ფიქრობს. ხშირად, მცირე სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება თავდაყირა დააყენოს მანამდე ხელშეუვალი პარადიგმები და თეორიები. სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, პატარა სახელმწიფოების კვლევა, რომლის კვლევას საქართველოში ალექსანდრე რონდელმა ჩაუყარა საფუძველი. ერთ-ერთი კლასიკური თეორია ამტკიცებს, რომ პატარა სახელმწიფოებს არ აქვთ მნიშვნელოვანი როლი, საერთაშორისო პოლიტიკაში, ვინაიდან ისინი ვერ ახდენენ მასზე მნიშვნელოვან გავლენას. სიმცირიდან გამომდინარე, ისინი საკმაოდ და შეზღუდული არიან საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. ზოგიერთი მკლევარი უფრო შორსაც მიდის და მიაჩნია, რომ მცირე სახელმწიფოები არიან საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტები და არა სუბიექტები. ჩვენი კვლევით შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ შეიძლება პატარა სახელმწიფო დიდ როლს არ თამაშობს, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით, როგორი პოლიტიკური რეჟიმი მართავს ქვეყანას და რეჟიმების ცვლილებისას, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტების შეხედულებები და როგორ ცვლის ახალი რეჟიმი დამოკიდებულებას სხვა სახელმწიფოებთან და რა გავლენას ახდენს ის საერთაშორისო პოლიტიკაზე. ამ თემაზე მომზადებულ სამეცნიერო სტატიაში ნაჩვენებია ორი პოლიტიკური პარტიის („ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“) მიდგომები რუსეთთან მიმართებაში. ჩავატარეთ 40 ინტერვიუ. კვლევა 2013 წელს დავიწყეთ, გაგვიმართლა იმაში, რომ ამ პერიოდში ძველი ხელისუფლება უკვე არჩევნების გზით შეცვლილი იყო და ფუფუნება გვქონოდა ინტერვიუ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიმღებ ყოფილ პირებთან (სულ 20 ინტერვიუ) ჩაგვეწერა. ახალი ხელისუფლებიდან კი შევხვდით ყველა იმ მნიშვნელოვან ადამიანს, ვინც საგარეო პოლიტიკაზე მუშაობს. თუმცა, მოქმედი სახელისუფლებო პარტიიდან, „ქართული ოცნებიდან“ წინამორბედებზე გაცილებით ნაკლები რესპონდენტი დავითანხმეთ, რადგან გაჭირდა ისეთი რესპონდენტების პოვნა, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული საგარეო პოლიტიკური გამოცდილება.

პოლიტიკის კვლევის ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ პოლიტიკოსები გულახდილები მაშინ არიან, როდესაც თანამდებობებს ტოვებენ. უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მეცნიერებთან თანამშრომლობის პროცესში ხიდჩატეხილობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, რომელიც ცალკე განხილვის საგანია.

რაც შეეხება ჩვენი კვლევის შედეგებს, კვლევის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ორივე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი იდენტობა გამოიმუშავა საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში უფრო პრაგმატულია და ნაკლებად ატარებს იდეოლოგიზირებულ ხასიათს; „ნაციონალური მოძრაობა“ კი ღრმად იდეოლოგიზირებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი საგარეო პოლიტიკის მომხრეა. „ქართული ოცნება“ მზად არის რიგ შემთხვევებში დათმობებზეც კი წავიდეს რუსეთთან ურთიერთობის პროცესში. „ნაციონალური მოძრაობა“ უკომპრომისოა, მათ შორის, სამხედო-სტრატეგიულ უსაფრთხოების საკითხებში. შესაბამისად, ამ ორ პარტიას შორის არსებული განსხვავებებისა, არსებობს საერთო მიდგომებიც, თუმცა ტაქტიკა ნათლად ჩანს რომ განსხვავებულია. მაგრამ ამ განსხვავებულ ტაქტიკას რადიკალური გაუმჯობესება თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით, არ გამოუწვევია – „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გარკვეულწილად გამოიწვია სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარული საკითხებში ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, თუმცა ვერც მათ მოახერხეს გარდატეხა მოეხდინათ რუსეთთან ურთიერთობაში. აღნიშნულ კვლევაში და შემდგომ მის საფუძველზე მომზადებულ სტატიაში ვერ აისახა ის პრობლემები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან მოგვიანებით შეექმნა, რადგან ამ დროისთვის სტატია ჩაშვებული იყო გამოსაცემად. პოლიტიკის კვლევების თავისებურება ისიცაა, რომ ასეთ შემთხვევებში დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

სხვა სტატიები »