ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ალექსანდრე ცისკარიძე: არ უნდა დაგვაგვიანდეს ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და შემდეგ მისი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება

ალექსანდრე ცისკარიძე: არ უნდა დაგვაგვიანდეს ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და შემდეგ მისი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება
2 ნოემბერი, 2018
ალექსანდრე ცისკარიძეს საზოგადოებაში წარდგენა არ სჭირდება - პრაქტიკოსი ექიმის, ნევროლოგის კონსულტაციის მისაღებად რიგში დგომა შეიძლება არა ერთი კვირა მოგიხდეთ. ამ დროს ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იგი წლებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანი გახლდათ, დღეს კი უკვე თსუ რექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.

სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერის პუბლიკაცია „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“, ორ უცხოელ მეცნიერთან თანაავტორობით, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოიცა. საუბარიც სწორედ ამ ნაშრომით დავიწყეთ.

კემბრიჯის ბესტსელერი

– ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რამედენად გაიზარდა ჩემი საერთაშორისო ცნობადობა წიგნის გამოცემის შემდეგ.   თუმცა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ავტორებთან პერიოდულად იგზავნება ცირკულარები, რომელშიც ჩამოთვლილია ხოლმე კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის  ბესტესელერები, რომელთა შორის, ჩემთვის სასიამოვნოდ, ეს წიგნიც აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ამან პირდაპირი თუ ირიბი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერაზე საქართველოში, შეიძლება ითქვას - საქმე მომემატა კლინიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამგვარი პროდუქციის შექმნის შემდეგ მატულობს შენი, როგორც დარგის (ამ შემთხვევაში ნევროლოგიას ვგულისხმობ) ექსპერტის ცნობადობა. ამას  სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზრდილი საქმიანობაც ემატება - ახალი სტატუსიდან გამომდინარე, რომელიც  სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა,  მუდმივად ვცდილობ ვიმუშაო ახალ პუბლიკაციებზე, არ დავაგდო ტემპი. ვარ რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ყოველ წელიწადს, მაქსიმუმ ორ წელიწადში ახალი სტატიის გამოქვეყნებას ვცდილობ, რათა როგორც მეცნიერს დეკვალიფიკაცია არ მომივიდეს.

მედიცინა იმით არის საინტერესო, რომ მიიმდინარე ცოდნა და ინფორმაცია ძალიან მალე ძველდება. ანუ დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტექნოლოგიების უაღრესად სწრაფად განვითარებასთან ერთად ის, რაც დღეს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია, ხვალ და ზეგ აღმოაჩენ, რომ უკვე განვლილი ეტაპია.  მუდმივად იზრდება ცოდნის მარაგი, რომელსაც დამუშავება, სისტემატიზაცია სჭირდება. შესაბამისად ის სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები, რომლებიც სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათისაა და პოპულარულია, საშუალოდ ყოველ ხუთ-ექვს წელში ახალი რედაქციით გამოდის. ჩვენს დარგში ცნობილია ისეთი კლასიკური მონოგრაფიები, რომლის მე-5, მე-10  ან სულაც 15-ე გამოცემაც კი არის გამოსული. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში შინაარსი არსებითად ახლდება. ცოტა ხანში „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტის“ ახალი რედაქციით გამოცემა იქნება საჭირო.

თავის ტვინთან დაკავშირებული დაავადებები და მათი საიდუმლოებები


–  ჩემი კვლევის საგანი ძირითადად თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ინსულტი, და ე.წ. დეგენერაციული დაავადებებია, რომელიც ტვინის ნივთიერების, მისი უჯრედების, ნეირონების პროგრესულ დაზიანებასთან არის დაკავშირებული. ეს არის, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებები. ამგვარი დაავადებების მართვა საკმაოდ პრობლემურია. თუმცა, ზოგიერთის უფრო მეტად ეფექტიანი მკურნალობაა შესაძლებელი, ზოგის - ნაკლებად. მაგალითად, ალცჰაიმერის და მსგავსი დაავადების მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ისინი მაინც, ზოგჯერ ძალიან სწრაფად, პროგრესირებენ, პარკინსონის დაავადება კი მიუხედავად პროგრედიენტული მიმდინარეობისა უფრო კარგად ემორჩილება მკურნალობას, განსაკუთრებით სიმპტომურს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავისა და ზურგის ტვინთან, ასევე პერიფერიულ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები რთულია, როგორც სადიაგნოსტიკოდ, ისე სამკურნალოდ. 

ჩემი ერთ-ერთი ინტერესის სფერო  გაფანტული სკლეროზია. მოსახლეობაში დამკვიდრებული “სკლეროზის“ ცნებისგან განსხვავებით, ეს დაავადება მეხსიერების დაქვეითებით არ ხასიათდება და უფრო ახალგაზრდების ხვედრია... გაფანტულ სკლეროზს ახასიათებს მოტორული, მგრძნობელობითი, წონასწორობის და მხედველობითი ფუნქციების დარღვევა. ამ დაავადებამ სკოლის ასაკშიც კი შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა, მისი დებიუტი ძირითადად 20-40 წლის ასაკში ხდება. დაავადების წარმოშობის მიზეზები ბოლომდე არ არის ცნობილი, იგი, შესაძლოა, ბევრი ფაქტორით იყოს განპირობებული, რომელთა შორის წინასწარი განწყობა, მემკვიდრეობითობაც არის. ამას ემატება სხვადასხვა რისკ-ფაქტორები, მაგალითად, ზოგიერთი ვირუსი, რომელმაც ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების გზით მის განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი, ასევე კლიმატური პირობები. როდესაც კლიმატურ პირობებზე ვსაუბრობ, აქ არის დაფიქსირებული ასეთი კანონზომირება:  როდესაც ჩრდილოეთისკენ მიდიხარ, უფრო მეტია ამ დაავადებების გამოვლენის სტატისტიკა. სამხრეთში იგი შედარებით უფრო ნაკლებად იჩენს თავს. ეს გარკვეულწილად აჩენს სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მზის სხივს გარკვეული დამცავი ეფექტი აქვს და შესაბამისად, სადაც D ვიტამინის დეფიციტია, იქ დაავადების გავრცელება უფრო მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესული დაავადებაა, დღეისათვის მისი  მკურნალობის მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც  მისი პროგრესირების შეჩერების საშუალებას იძლევა, ზოგიერთი ფორმისას ხანგრძლივი სტაბილიზაციის და ზოგიერთის პრაქტიკულად განკურნებისასაც. ზოგადად როდესაც  საუბარია დაავადებების გახშირებასა და გაახალგაზრდავებაზე ეს უფრო მეტად იმას უკავშირდება, რომ გაიზარდა მათი გამოვლენისა და დიაგნოსტირების მაჩვენებლები. დაავადებების გამოვლენა უფრო ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი, რისი საშაულებაც  თუნდაც 10-20 წლის წინ არ არსებობდა.  დაავადებების ადრეული გამოვლენა კი მათი უფრო მეტად პრევენციის და მართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ასევე არის დაავადებები, რომლებიც მართლაც გაახალგაზრდავდა, ეს გახლავთ ქრონიკული დაავდებები, მაგ. არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულისა და თავის ტვინის იშემიური დაავადებები.

ინფორმაცია და ინგლისური ენა – მეცნიერის იარაღი

– მიმდინარე ინფორმაციის მიღება ჩვენს სპეციალობაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. არ უნდა დაგვაგვიანდეს ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და შემდეგ მისი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება. სახელმძღვანელოები ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი პერიოდული სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა, რომელიც საბიბლიოთეკო, თუ ინტერნეტ სივრცეში არსებობს. ამ სტატიების უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა, შესაბამისად, საჭიროა ინგლისურის იმ დონეზე მაინც ცოდნა, რაც სპეციფიკური ლიტერატურასთან მუშაობის საშუალებას იძლევა. ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თვალსაზრისით სამედიცინო ინგლისურის სწავლებას უმაღლეს სასწავლებლებში. სამედიცინო მეცნიერების სივრცეში ინგლისური ენა უნივერსალურია, როგორც კომუნიკაციის ისე, ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ადრე მის როლს ლათინური ასრულებდა, თუმცა მან თანდათანობით დაკარგა თავის მნიშვნელობა და ასპარეზი ინგლისურს დაუთმო. რასაკვირველია, თუ ინგლისურის გარდა კიდევ რომელიმე ენა იცი, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევს, თუნდაც დამატებით, მხოლოდ ამ ენაზე არსებული ლიტერატურის გაცნობის კუთხით. თუმცა, თუ ალტერნატივაზეა საუბარი, ინგლისური უალტერნატივოა.

პრაგმატიზმი მეცნიერებაში

– ზოგადად, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართული კვლევებში საქართველოში. ერთ-ერთი მიზეზი ისაა,  რომ ძალიან ბევრი სკოლა, რომელიც ფუნდამენტურ, გამოყენებით მეცნიერებებში გვქონდა, აღარ არსებობს. საზოგადოებაც უფრო პრაგმატული გახდა - ახალგაზრდა იძულებულია იმ მიმართულებით იმუშაოს, რომელიც მას უფრო სწრაფად მისცემს მატერიალურ, ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. მეცნიერებაში მოღვაწეობა, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში, დიდ ეკონომიკურ წარმატებას ვერ მოგიტანს, მაგრამ შეიძლება მოგიტანოს მორალური კმაყოფილება. თუმცა,  წარმატებულ მეცნიერს ეკონომიკურადაც არ უჭირს,  მაგრამ ეს  ძალიან დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. ძალიან ხშირად ჩვენს ახალგაზრდებს ურჩევნიათ ამ რთულ გზას არ შეუდგნენ. ეს ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების პრობლემაა. უფრო მეტად განვითარებულში, სადაც მეცნიერების დარგში დიდი ინვესტიციები იდება, ახალგაზრდა მეცნიერს საშუალება აქვს თავისი მოღვაწეობის დაწყებისთანავე იყოს დამოუკიდებელი.

მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული სფეროები მჭიდროდ არის დაკავშირებული. თეორეტიკოსები გვაძლევენ ჰიპოთეზას, ასაბუთებენ მისი არსებობის უფლებას, შემდეგ კი ლაბორატორიებში ხდება მისი დადასტურება, რასაც პრაქტიკული შედეგი და ხშირად კომერციალიზაციაც მოჰყვება. მაგალითად, მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევების მეთოდი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში და არა მხოლოდ, არ იარსებებდა, ჯერ თეორიის და შემდეგ ექსპერიმენტების შედეგად რომ არ მიგვეღო. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ მეცნიერებას და მის განვითარებას ალტერნატივა არა აქვს.

მეცნიერების განვითარების გზები – კვლევების ინტერნაციონალიზაცია და თანხების მოძიება

– მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემატიკით არ შემოვიფარგლებოდი. ჩვენი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის მეცნიერება ადვილი შესანარჩუნებელი არ არის, რადგან დიდი ფინანსები სჭირდება.  ჩვენ გვჭირდება ფინანსები არსებულის კონკურენტუნარიანად შესანარჩუნებლად და ახალის განსავითარებლად. ასე რომ, მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ და ყველა საშუალებით მოვიპოვოთ ყველანაირი რესურსი, ეს იქნება ჩვენი ეროვნული სამეცნიერო ფონდები, საერთაშორისო რესურსები, უცხოური გრანტები, მიზნობრივი გრანტები სახელმწიფოსა და მთავრობიდან და ა.შ.

მეორე საკითხია კოლაბორაცია, ურთიერთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებთან. თანამედროვე მეცნიერება ინტერნაციონალური კოოპერაციის შედეგია. მძლავრი სამეცნიერო პროდუქცია, როგორც წესი, არ გამოდის ერთი ლაბორატორიიდან და უნივერსიტეტიდან, ეს არის ბევრი ლაბორატორიისა და სამედიცინო ცენტრის კვლევის ერთობლივი ნამუშევრის  შედეგი. შესაბამისად, ჩვენ თუ გვექნება ფინანსური დეფიციტი, მისი კომპენსირება გარკვეულწილად შესაძლებელია ამ თანამშრომლობით. ანუ, თუ ჩვენ მზად ვართ, გვაქვს იდეები და იგივე დონეზე ვართ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ სხვადასხვა კონსორციუმებში. ამის კარგ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი თანამშრომლობა ცერნთან, ჩართულობა  „ატლასი“-ს ექსპერიმენტში და სხვებში, ეს გარკვეულ სტიმულს იძლევა.

ინტერნაციონალიზაცია შესაძლებელია თუნდაც ჰუმანიტარული მეცნიერებების თვალსაზრისით. კოოპერაციის ასპარეზი უნდა გავხადოთ ის დარგები, რომელიც ქართველოლოგიურია. არ უნდა მოვიხარშოთ მხოლოდ საკუთარ წვენში. მერწმუნეთ, ეს მიმართულებები არა მხოლოდ ჩვენთვის, არამდე მთლიანად მეცნიერებისთვის არის საინტერესო. ზოგადად, საქართველო შესაძლოა იქცეს კულტუროლოგიული კვლევების ცენტრად. ამის მაგალითია არქეოლოგიური კვლევები საქართველოში, რომელიც დიდი საერთაშორისო კონსორციუმის კვლევის ნაწილი ხდება.  ჩვენთან აღმოჩენილი არტეფაქტების  და კვლევის შედეგების შესახებ პუბლიკაციები ყოველთვის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში ქვეყნდება. ეს ჩვენს ცნობადობას ზრდის და მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება. ყველა მეცნიერებას შესაძლოა მივცეთ საერთაშორისო მიმართულება, რადგან თემა უამრავია, იქნება ეს ვაზთან, ღვინოსთან  თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს კვლევები, გარდა იმისა, რომ თავისუფლად შეიძლება გახდეს ინტერნაციონალური კუთხით საინტერესო, ისინი, როგორც წესი ინტერდისციპლინურია, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა სხვადასხვა, მათ შორის კვლევის კუთხით.


სხვა სტატიები »