ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„შეუძლებელი არაფერია!“

„შეუძლებელი არაფერია!“
2 ნოემბერი, 2018
უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერი, რომელიც 1992 წლიდან დღემდე საქმიანობს ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი); არის კლინიკურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის და რეგენერაციული მედიცინის სტრატეგიული კვლევითი მიმართულების კოორდინატორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის გამგე. ეს ჩამონათვალი მხოლოდ მოკლე ინფორმაციას შეიცავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის ზაალ კოკაიას პროფესიული საქმიანობის შესახებ. მასთან საუბარში თვალნათლივ ჩანს უმაღლეს პროფესიონალიზმთან ერთად მკაფიო სამოქალაქო პოზიციის არსებობა. თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობა – როგორც ჩანს, ხასიათის ეს შტრიხები ზაალ კოკაიას ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამოუყალიბდა:

– ღრმა ბავშვობაში რა მინდოდა გამოვსულიყავი, ნამდვილად არ მახსოვს. რაც შეეხება ჩემს ბიოლოგობას – ეს ალბათ განპირობებული იყო იმით, რომ ჩემი უფროსი ძმა მერაბი უნივერსიტეტში ბიოლოგიურზე სწავლობდა. ასე თუ ისე ვიცოდი, რას წარმოადგენდა ეს დარგი და ზუსტად ვიცოდი, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ბიოლოგი გავმხდარიყავი. იმ დროს, ძალიან პოპულარული იყო სამედიცინო ინსტიტუტი, მაგრამ მე უფრო კვლევები მიზიდავდა. საქართველოში მაშინ მედიცინა და კვლევა ერთმანეთთან არ ასოცირდებოდა, რაც, საბედნიეროდ, დღეს შეიცვალა. დასავლეთში ბიოსამედიცინო კვლევებს მედიცინის წარმომადგენლები აწარმოებენ ბიოლოგებთან ერთად. პრაქტიკოსი ექიმის პროფესიისადმი ნაკლები ინტერესი მქონდა და ჩემი სამეცნიერო თუ შემეცნებითი უნარების განვითარება უფრო ბიოლოგიის მიმართულებით მინდოდა.

– ვიდრე ცნობილი მეცნიერი გახდებოდით, სკოლაში მუშაობდით. რამეში თუ დაგეხმარათ სკოლაში მუშაობა?

– სკოლაში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. საერთოდ, ყოველთვის მიზიდავდა ბავშვებთან ურთიერთობა. 1987 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია, ვმუშაობდი ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, შემომთავზეს პარალელურად მეექვსე გერმანულ სკოლაში მქონოდა საათები. იმ დროისათვის ეს იყო, სწავლების სრულიად ახალი ფორმა, სკოლაში ასწავლიდნენ მასწავლებლები, რომლებიც პარალელურად, კვლევით ინსტიტუტებში მუშაობდნენ და იყვნენ მეცნიერები. საშუალება გვქონდა ჩვენი შეხედულებების მიხედვით გვესწავლებინა. მოტივირებულნი ვიყავით, გაკვეთილის პროცესში მოსწავლეებისთვის უფრო მეცნიერული თვალსაზრისით მიგვეწოდებინა საკითხები. არასდროს დამავიწყდება ბავშვების რეაქცია, როცა ანატომიაში თვალზე გვქონდა გაკვეთილი. დილით ბაზარში წავედი, ვიყიდე ძროხის თვალი, რომელიც ერთად გავკვეთეთ, ჩავიხედეთ შიგნით, და ნათლად დავინახეთ როგორი აგებულება ჰქონდა თვალს. დღესაც ახსოვთ ჩემს მოსწავლეებს ეს გაკვეთილი და შეხვედრისას იხსენებენ ხოლმე. სკოლაში მუშაობა ჩემთვის მარტო პედაგოგობა არ იყო, ეს იყო მეცნიერების იმპლემენტაცია სწავლის პროცესში, ერთგვარი ექსპერიმენტი. საინტერესო და შემოქმედებითი.

– ანუ მაშინაც თვლიდით, რომ სწავლების მეთოდებზეა დამოკიდებული ბავშვებისთვის ძნელად ასათვისებელი საგნების, მაგალითად, ფიზიკის, ქიმიის სწავლება?

– არ გეთანხმებით, რომ ფიზიკა ან ქიმია ძნელად ასათვისებელია. პირიქით ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და ადვილია, თუ მოსწავლეს ფიზიკის და ქიმიის კანონებს მივაწვდით არა განყენებულად, არამედ რეალობაში, ავუხსნით ყოველდღიურობაში სად შეიძლება მათი დანახვა, მათი მოქმედების შესწავლა. კონტექსტუალური სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც განყენებული აზროვნება, იმის აღქმა, რასაც ვერ ხედავენ და ვერ შეიგრძნობენ შედარებით რთულია. სწავლის პროცესში მთავარია მოტივაცია და ინტერესი. თუ ეს არ არის ამოსავალი წერტილი და ადგილი აქვს დაძალებას, ძალიან ძნელია ბავშვი დააინტერესო. მოტივაცია განსაზღვრავს მეხსიერების ხარისხს და ხანგრძლივობას. მე არ მაქვს მზა რეცეპტი, სახელმძღვანელო ან მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა ასწავლო, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწავლის პროცესში ბავშვი უნდა იყოს მოტივირებული და დაინტერესებული. ყველა საგანს კი არა, ყველა საკითხს უნდა ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული მიწოდება ბავშვისთვის, რომ მან ადვილად გაიგოს საგანი და დაინტერესდეს.

– რას გვეტყოდით საქართველოში განათლების სისტემაზე, განათლების პოლიტიკაზე? რამდენად არის სკოლა ან უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა კონკურენტუნარიანი ევროპელ თანატოლებთან? რაში გვაქვს პლიუსი და რაში მინუსი.

– ამ ტიპის შედარების გაკეთება ჩემთვის საკმაოდ ძნელია. რაც შეეხება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და მედიცინას – მგონია, რომ საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვთ ქართველ სტუდენტებს. საქართველოში მიღებული განათლებით, სავსებით შესაძლებელია მსოფლიო სტანდარტის მკვლევარი თუ სპეციალისტი გამოხვიდე. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია ამის მიღწევა, როდესაც დასავლური და თანამედროვე ტიპის უმაღლესში აგრძელებ სწავლას, მაგრამ საფუძველის შექმნა ყოველთვის შესაძლებელია. მეც საქართველოში დავამთავრე ბიოლოგიის ფაკულტეტი, რომელიც საკმაოდ არქაული იყო და დღეს რომ ვიხსენებ, რას და როგორ გვასწავლიდნენ, დაჯერებაც კი მიჭირს.

– როგორ სწავლობენ ერთსა და იმავე საკითხს თუ საგანს საქართველოში და უცხოეთში?

– ძირითადი განსხვავება, რასაც ვამჩნევ არის ის, რომ ქართული საგანმანათლებლო სივრცე არ არის სრულფასოვნად სტუდენტზე ორიენტირებული. დასავლეთში სტუდენტი სწავლობს და ლექტორი ეხმარება, აძლევს სწორ მიმართულებას. თავად სტუდენტია მთავარი, იგი აქტიურად და გააზრებულადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში, მოტივირებულია და მაქსიმალურად იღებს ლექტორისგან იმ დახმარებას, რაც სჭირდება თავისი მიზნების მისაღწევად. ანუ, ძირითადი პრინციპია, სტუდენტზე ორიენტირებული და სტუდენტის მიერ წარმართული განათლება.

– რა არის საჭირო საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის?

– ერთადერთი, რაც ხელს უშლის მეცნიერების განვითარებას, ეს არის პოლიტიკური ნება – არა დეკლარირებული, არამედ რეალური ნება, რომ მეცნიერება და განათლება იყოს პრიორიტეტი, არა განაცხადის დონეზე, არამედ საქმის დონეზე. მეორეც, ეს უნდა იყოს ხანგრძლივი პოლიტიკა, არ შეიძლება, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მინისტრის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდეს გეგმები, სტრატეგია და ა.შ. განათლება და მეცნიერება მოითხოვს ხანგრძლივ და მიზანმიმართულ ინვესტირებას. მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური პარტიაა ქვეყნის სათავეში, უნდა დაისახოს და განხორციელდეს ერთიანი გეგმა. ბოლო 25 წელია, ყველა ამბობს, რომ განათლება პრიორიტეტულია, მაგრამ წინ ძალიან ნელა მივდივართ. 25 წლის წინ რომ შევთანხმებულიყავით და დაგვეწყო რაღაც მიმართულებებით მეთოდური სვლა, გვქონოდა ჩამოყალიბებული, ყველასთვის მისაღები მიზნები, დღევანდელი რეალობა ალბათ სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. გადახრები ნამდვილად იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს შენარჩუნდებოდა ძირითადი მიმართულება.

– საქართველო პატარა ქვეყანაა და განათლებას ბევრი ფული სჭირდება...

– რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ განათლება და ადამიანური რესურსია ის ძირითადი კაპიტალი, რაშიც უნდა მოხდეს ინვესტირება. პატარა ქვეყანაში ძნელია მეცნიერების ყველა დარგის განვითარება. უნდა შევთანხმდეთ რა დარგი, მიმართულება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, გავარკვიოთ, რისი ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური რესურსი გვაქვს, რომლითაც შეგვეძლება კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს.

– ღეროვანი უჯრედები თავის ტვინის ინსულტის შემდეგ აღდგენითი პროცესების გაძლიერებას უწყობს ხელს – თქვენ მუშაობთ ამ მიმართულებით. საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, ადამიანის ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ტიპის უჯრედის შექმნა და გარკვეული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა და დამარცხება, სწორად მესმის?

– სწორია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, დღესდღეობით ეს არის ექსპერიმენტული მიმართულებები. ერთადერთი ღეროვანი უჯრედები, რასაც ჩვენ უკვე მრავალი ათეული წლებია ვიყენებთ, ეს არის სისხლის ღეროვანი უჯრედები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია, სისხლის სიმსივნური ღეროვანი უჯრედები ახალი ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედებით ჩავანაცვლოთ. სწორედ ეს არის ე.წ. ძვლის ტვინის გადანერგვის მთავარი არსი. ამ მეთოდის განვითარებამ წარმოუდგენლად შეამცირა ლეიკემიით სიკვდილიანობა ბავშვებში. რაც შეეხება ტვინის ღეროვანი უჯრედების კლინიკურ გამოყენებას, დღეისათვის ეს რეალობას არ შეესაბამება. არსებობს ექსპერიმენტული მონაცემები, რომ ამ უჯრედებს შესწევთ უნარი ნერვული სისტემის დაზიანებული უჯრედები ჩაანაცვლონ, ან ხელი შეუწყონ რეგენერაციის პროცესებს. იმისთვის, რომ ეს ექსპერიმენტული მონაცემები დაინერგოს კლინიკაში, ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს. შემდგომი ეტაპი იქნება პაციენტებზე სრულყოფილი კლინიკური გამოკვლევების ჩატარება. დღეს ბევრ კლინიკაში, მათ შორის საქართველოშიც, სრულყოფილი კლინიკური დასაბუთების გარეშე იყენებენ ძვლის ტვინიდან მიღებულ ღეროვან უჯრედებს არა სისხლის, არამედ სხვადასხვა ნერვოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სამწუხაროდ, ეს ძალიან დაბლა წევს ქართული მედიცინის რეპუტაციას. ეს არ არის აღიარებული, მიღებული და წამყვან სამედიცინო ცენტრებში დანერგილი მეთოდები. ვიმედოვნებ, მომავალში ეს დარგი სწორად განვითარდება და პაციენტებს შევთავაზებთ კლინიკურად გამოცდილ ახალ მეთოდებს იმ დაავადებების და სიმპტომების სამკურნალოდ, რომელთაც დღეს ვერ ვმკურნალობთ. მთელი ცხოვრება ამაზე ვმუშაობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი სამეცნიერო კარიერის დასრულებამდე შესაძლებელი იქნება, თუნდაც იმის დასაბუთება, რომ კლინიკაში შესაძლებელია დაინგეროს ტვინის ინსულტის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მეთოდი.

– თქვენ განაცხადეთ, რომ ექსპერიმენტების დონეზე, რაღაც პროგრესი არის. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზღაპრული უკვდავების წამალი, ოდესმე გამოვიგონოთ ადამიანებმა?


– არა, უკვდავების წამალს ამას ვერ დავარქმევდი. ეს მეთოდი იძლევა საშუალებას, რომ დაზიანებული ქსოვილი ჩანაცვლდეს ახლით, მაგრამ ეს არ იქნება განუსაზღვრელი დროით. დაბერება და ასაკში შესვლა ადამიანში არ შეიცვლება. დაბერება ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია. უბრალოდ უნდა დავბერდეთ ჯანმრთელად. ჯანმრთელი დაბერება უნდა იყოს ჩვენი მიზანი და არა არდაბერება. არამგონია ბევრ ადამიანს უნდოდეს უკვდავება.

– ოდესმე შესაძლებელი იქნება თუ არა ადამიანის ტვინის ჩანაცვლება?


– თავის ტვინის გარკვეული ფიზიოლოგიური ფუნქციების ჩანაცვლება ალბათ შესაძლებელი იქნება. თანამედროვე კომპიუტერები ბევრ ისეთ ფუნქციას ასრულებს, რასაც ჩვენ ტვინით ვასრულებთ, მაგალითად ანგარიში, ლოგიკური გამოთვლები. მომავალში, სავარაუდოა, კომპიუტერი უფრო მეტს ჩაანაცვლებს. მაგრამ ტვინის, როგორც ორგანოს, რომელიც განაგებს აზროვნებას და მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას, ჩანაცვლება მეეჭვება, ოდესმე შესაძლებელი გახდეს. თუმცა, ყოველთვის როდესაც რაღაცის პროგნოზირებას ვახდენთ, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ესაა დღევანდელი ჩვენი ცოდნის და ინფორმაციის გათვალისწინებით, რაღაც შესაძლებელია, ან შეუძლებელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ხვალაც შეუძლებელი იქნება.

– თსუ დოქტორანტებისთვის კითხულობთ ლექციების კურსებს: სწავლების თანამედროვე მეთოდებს და აკადემიურ წერას. რატომ კითხულობთ ამ ორ საგანს და არა ბიოლოგიას?

– ვფიქრობ, რომ ეს სალექციო კურსები არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის. მე ვასწავლი დოქტორანტურაში ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ მეცნიერება და კვლევა საკუთარი პროფესიის ნაწილი გახადონ. მეცნიერის მთავარი პროდუქტი, ერთი მხრივ, არის სამეცნიერო სტატია, მეორე მხრივ, კი ინფორმაცია და ცოდნა, რომელსაც იღებ კვლევების შედეგად, და რომელიც მოხსენების ან პრეზენეტაციის ფორმით უნდა გაუზიარო კოლეგებს და საზოგადოებას. იმისთვის, რომ მეცნიერება განავითარო და განახორციელო სამეცნიერო პროექტები, უნდა გქონდეს რესურსები – მოიპოვო სამეცნიერო გრანტები. ამისათვის კი უნდა დაწერო აპლიკაცია, ჩამოაყალიბო სამეცნიერო პრობლემა და პრობლემის გადაწყვეტის გზები. ეს სამი ძირითადი კომპონენტი, სამეცნიერო სტატიის, მოხსენების და გრანტის დაწერა, გაერთიანებულია სალექციო კურსში – აკადემიური წერა. გადავწყვიტე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დოქტორანტებისთვის ამის სწავლება. იმ ინსტრუმენტის, იმ ანკესის მიცემა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ თევზის დაჭერას. მეორე საგანი, რომელსაც ვასწავლი დოქტორანტებს – პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდია. სწორედ ამ მეთოდით ვასწავლით სტუდენტებს ლუნდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზეც. ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს გარკვეულ პრობლემებს და ისინი ჯგუფური მეცადინეობის საფუძველზე ასკვნიან თუ რა უნდა ისწავლონ, რათა შეძლონ მოცემული პრობლემის გადაჭრა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება სტუდენტი იყოს აქტიური და წარმართოს საკუთარი განათლების და ცოდნის მიღების პროცესი. ჩემი მიზანია, რომ უნდა გამდიდრდეს ქართველი დოქტორანტების აზროვნება, მათ უნდა დაინახონ, რომ გარდა კლასიკურისა, სხვა ტიპის საგანმანათლებლო მეთოდებიც არსებობს.

– შარშან თსუ-ში აღდგა „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“ და თქვენ ხართ ამ საზოგადოების პირველი ხელმძღვანელი.

– ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო საზოგადოების აღდგენა. ასი წლის წინ „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება“ შეიქმნა იმისთვის, რომ მოზიდულიყო სახსრები და დაფუძნებულიყო პირველი ქართული უნივერსიტეტი. „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ აქტუალობა დღესაც მნიშვნელოვანია. დღეს მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს იმ წამოწყებებს, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის და სტუდენტების განვითარებისთვის. მეორეც, ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ინსტრუმენტი, რითაც კურსდამთავრებული შეძლებს საკუთარი წვლილი შეიტანოს ალმა მატერის განვითარებასა და წინსვლაში. ხშირად ვამბობ, რომ ადამიანებს უნდა მივცეთ სიკეთის კეთების შანსი. ადამიანს აქვს სიკეთის კეთების მოთხოვნილება. ვთვლი, რომ ეს არამარტო უნივერსიტეტისთვისაა კარგი, არამედ პოზიტიური და კარგია თავად კურსდამთავრებულებისთვისაც.

– რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა მეცნიერებს?


– ორ რამეს ვურჩევდი, პირველი – ახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და მეორე – სჯეროდეთ საკუთარი თავის. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ყველაფერი თავად სტუდენტების ხელშია. რა თქმა უნდა, ადვილია, ბევრი რამ სხვას გადააბრალო: ცუდი ლექტორი მყავს, სახელმძღვანელო არ მაქვს... ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტური ფაქტორი შეიძლება არსებობდეს კიდეც. მაგრამ თუ მაღალი მოტივაციაა, სურვილია, მიზანსწრაფვაა, შეუძლებელი არაფერია. მნიშვნელოვანია გვქონდეს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მონდომებით და დაუღალავი შრომით იმაზე გაცილებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე ოდესმე გვიოცნებია.

სხვა სტატიები »