ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქეთევან ხუციშვილი: „საინტერესო სწორედ ტრანსფორმაციის პროცესია – თუ რა გავლენას ახდენს იგი ქართული საზოგადოების აღქმებზე, ღირებულებებზე და სოციალურ სტრუქტურაზე“

ქეთევან ხუციშვილი: „საინტერესო სწორედ ტრანსფორმაციის პროცესია – თუ რა გავლენას ახდენს იგი ქართული საზოგადოების აღქმებზე, ღირებულებებზე და სოციალურ სტრუქტურაზე“
1 ნოემბერი, 2018
გიფიქრიათ ოდესმე, რა ზეგავლენას ახდენს სიზმარი ჩვენს ყოფაზე, ჩვენს ქცევაზე? როგორ შეცვალა სუპერმარკეტების გამოჩენამ ბაზრის კულტურა და ჩვეულებრივი ყოფითი ურთიერთობები მოქალაქეებს შორის? როგორ აისახა გერმანელი მიგრანტების საქართველოში ცხოვრება მასპინძლებზე? რა ზეგავლენას ახდენს მიგრანტთა ტალღები ტრადიციულ კულტურებზე? როგორ ხდება რელიგიური ღირებულებების შეთავსება სხვა ტიპის ღირებულებებთან? ეს თემები მხოლოდ ნაწილია იმ ინტერესებისა, რომელზეც  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი მუშაობს. დღეს ის უნივერსიტეტის ახლად დაფუძნებული საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელია. ინტერვიუს დასაწყისში იგი პირად გამოცდილებას გვიზიარებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გახადო კვლევები საინტერესო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის.


მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობები

შესაძლებელია დარგების მიხედვით იყოს სხვაობები, მაგრამ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის მიმართულებაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არსებობს სირთულე და ბარიერი ინტერნაციონალიზაციისთვის. ერთადერთი სირთულე, რაც შეიძლება იყოს, ჩვენი პირადი დამოკიდებულებაა, გვინდა თუ არა ვიყოთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის ნაწილი. ჩვენ ვიკვლევთ საზოგადოებას, კულტურას. ამ მიმართულებით კვლევები უაღრესად აქტუალურია ყველა ასპექტით. ამ თვალსაზრისით, ჩვენი, ქართველი ეთნოლოგების/ანთროპოლოგების სამეცნიერო ინტერესები თანხვედრაშია მსოფლიო სამეცნიერო წრეების კვლევით ინტერესებთან – იკვლიონ მიგრაციული პროცესები და ამ პროცესების გავლენა ყოველდღიურ ყოფაზე, ღირებულებებსა და მათ შეთავსებაზე; ეთნოკულტურული და სოციალური კონფლიქტები, ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები, ურბანული და პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაციები. ამ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი მაგალითის ანალიზი საინტერესო და მნიშვნელოვანია ყველასათვის, სწორედ, ამ მიმართულებით წარმოებს კვლევები ეთნოლოგია/ანთროპოლოგიაში.

ამასთანავე, ჩვენს კვლევით სფეროს წარმოადგენს მსგავს გეოგრაფიულ გარემოში მცხოვრები, ან მსგავსი ეთნო-კულტურული ისტორიის მქონე ხალხების კულტურის შედარებითი კვლევა, საქართველო საბჭოთა სივრცის ნაწილი იყო, ეს უკვე როგორც ფაქტორი გარკვეული შედარების საშუალებას გვაძლევს იმ ქვეყნებთან, რომლებიც იგივე სივრცის ნაწილი იყვნენ. გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომელთა უმეტესობაში ჩვენი დოქტორანტები და მაგისტრანტებიც არიან ჩართული. დღეს ჩვენი ახალი თაობისთვის ინტერნაციონალიზაციის პრობლემა ნაკლებ დგას. ისინი ფლობენ ენებს, აქვთ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის და თსუ-შივე უცხოელი პროფესორების ლექციების მოსმენის შესაძლებლობა.
რელიგიის კვლევები

ეს ის სფეროა, რომლითაც ჯერ კიდევ, სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი. რელიგიის კვლევის, რელიგიური ღირებულებების სხვა ტიპის ღირებულებებთან მიმართების, რელიგიურობის გამოვლინებების, ჯგუფის შიდა და გარე კონფლიქტების, სეკულარიზმის საკითხებია ჩემი ინტერესის სფერო. რამდენიმე დასრულებული და მიმდინარე პროექტის ავტორი და თანამონაწილე გახლავართ. კვლევის ერთი მიმართულებაა რელიგიისა და სეკულარიზმის მიმართება, მათი კვლევისა და სწავლების პრობლემები. ამ თემატიკის ფარგლებში შეიძლება იქნას განხილული საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ რელიგია სკოლასა და უნივერსიტეტში. ამ საკითხზე მსჯელობა დიდიხანია დგას დღის წესრიგში, არსებობს განსხვავებული მიდგომები და სტრატეგიები.

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ის, რომ იგი არასდროს ყოფილა მონოეთნიკური და მონოკულტურული. ამ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს ლიდერის (კულტურული, ეკონომიკური, რიგ პერიოდებში კი პოლიტიკურიც) ფუნქცია ეკისრა, რამაც ქართული კულტურა საკმაოდ მოქნილი გახადა გარე ფაქტორების ზეგავლენისადმი, მათი კულტურულ ფილტრში გატარებისა და ინკორპორაციისადმი. საუკუნეების მანძილზე ჰეტეროგენულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა თანაცხოვრების გარკვეული სისტემა, რასაც ეთნოლოგიაში ვუწოდებთ „მშვიდობიანი თანაცხოვრების სისტემებს“. რაც არ უნდა საოცარი იყოს, რელიგიაც ჩაერთო ამ სისტემაში. მითუმეტეს, რომ საქართველოს გარშემო და მის ფარგლებში ცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის მატარებელი ჯგუფები.

საინტერესოა ამ მხრივ მიმდინარე კვლევა, რომელიც ეხება ქრისტიანულ-მუსლიმურ ურთიერთობებს, სათაურით „გაზიარებული სალოცავები“. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო განსაკუთრებით იმ ტერიტორიებსა და სასაზღვრო ზოლებზე, სადაც შერეული მოსახლეობა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ ან ურთიერთობდნენ. ეს ცოდნა დღემდეა ცოცხალ მახსოვრობაში შემორჩენილი და გაზიარებული სალოცავების პრაქტიკაც ხორციელდება, რიგ შემთხვევებში.

მაგალითად, ქვემო ქართლში, რამდენიმე ადგილას, სადაც ერთად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, ქართველი და აზერბაიჯანელი მუსულმანები, სომეხი სამოციქულო ეკლესიის მრევლი. მათი ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგია ყოველდღიური პრაქტიკის სინკრეტიზაცია და ჰიბრიდიცაზია. მოვიყვან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაგალითს, სადაც არის ასეთი სოფლები - ხატისოფელი და ვანათი. მათ ერთი გზა ჰყოფთ. ხატისოფელში ქართველები ცხოვრობენ, მათ შორის აჭარელი ეკომიგრანტები, ვანათი კი აზერბაიჯანული სოფელია. ამ ორ სოფელს საერთო სალოცავი ჰქონდა XVII-XVIII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც დგას. ეს არის პატარა, ერთნავიანი ეკლესია. დღემდე, 22 ნოემბერს, გიორგობის წინა დღეს, აზერბაიჯანელი მუსულმანები მიდიან სალოცავად და შემდგომ 23-ში უკვე ქართველი მართლმადიდებლები. ისინი კლავენ საკლავს და ეპატიჟებიან ერთმანეთს, არის დამოყვრების პრაქტიკაც. კავკასია და საქართველო ცნობილია იმით, რომ რელიგიურ ნიადაგზე არასდროს ყოფილა დაპირისპირება, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ, ყოფით გამოვლინებებს. მუშაობდა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემა, რისი რღვევაც დაიწყო ჯერ რუსეთის იმპერიამ და მერე მოშალა საბჭოთა კავშირმა.

დასტურდება, რომ ახალგაზრდების გაზიარებულ რელიგიურ პრაქტიკაში ჩართვა და მონაწილეობა თანდათან იკლებს. ეს არ არის იმის ბრალი, რომ ტოლერანტობა შემცირდა ან ერთმანეთს პატივს არ სცემენ, ეს არის სხვა პროცესების შედეგი, რომელიც ზოგადად რელიგიების, რელიგიური სისტემების, ორგანიზაციების ნორმატივიზაციას უკავშირდება და გლობალური ხასიათისაა.

ღია დისკუსიის დეფიციტი, ფუნდამენტალიზაციის საფრთხე

საბჭოთა პერიოდმა დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას და მეცნიერებას. საზოგადოებაში მოხდა ხედვების ფუნდამენტალიზაცია.

საქართველო სეკულარული ქვეყანაა, არადა რელიგიური და საერო ხშირად არ არის გამიჯნული. ვაწყდებით კანონდარღვევის ფაქტებსაც, რომლებზეც თვალს ვხუჭავთ სწორედ ე.წ. ტრადიციების გამო. თუმცა, ძირითადი პრობლემა ეს მაინც არ არის, თანამედროვეობაში პრობლემა არის ხედვა და ღირებულებები. ჩვენ ხშირად ვაწყდებით განსხვავებული აზრის სრულ მიუღებლობას. მწყინს ამას რომ ვამბობ, თუმცა ეს რეალობაა.

დიახ, სწავლების ფუნდამენტალიზაციის საფრთხეც არის. მთავარი მიზეზი საზოგადოების განათლების დაბალი დონე მგონია. მიღებული ცოდნის საღად განსჯა ნაკლებად ხდება და დისკუსია ძირითადად გადადის ემოციურ დონეზე. მსჯელობის ემოციურ სივრცეში გადამყვანი, პირველ რიგში, არის მასწავლებელი. პრობლემაა სტერეოტიპული ხედვებიც. სტერეოტიპების გარდა პრობლემაა ისიც, რომ სამეცნიერო ტერმინები ყოფითი მნიშვნელობებით გამოყენება. მაგალითად, სიტყვა „სექტას“ უარყოფითი კონოტაცია აქვს, ბნელეთთან აკავშირებენ, როდესაც ამ სიტყვის სამეცნიერო დატვირთვა სრულიად ნეიტრალურია და კონკრეტული მახასიათებლების მქონე ერთობას ნიშნავს. მინდა გითხრათ, რომ აღქმის თვალსაზრისით, ხშირად უფრო მარტივია ურთიერთობა მოსწავლეებთან, ვიდრე მასწავლებლებთან. ბავშვი ღიაა და არ აქვს დაშტამპული აზროვნება, ნეიტრალურად შეუძლია მსჯელობა სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ, ვატარებთ ლექციებს სკოლის მოსწავლეებთანაც. მქონდა ასევე ლექციები ჩვენს სტუდენტებთან, რომლებიც „1+4“ პროგრამით სწავლობენ. ვფიქრობ, რომ მათთან ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა მრავალფეროვნება, ტოლერანტობა, ეთნო-კულტურული სხვაობები, აქტუალური და საინტერესოა. იმედი მაქვს, მიმდინარე სასწავლო წელს დავამატებთ ჩვენს კურიკულუმს კიდევ ერთ ახალ საგანს - „მრავალფეროვნება და ტოლერანტობა“. ეს საბაკალავრო დონის საგანია არა მხოლოდ ჩვენი მიმართულების, არამედ ყველა სხვა მიმართულების სტუდენტებისთვის. სტუდენტები სავარაუდოდ გაზაფხულიდან შეძლებენ ამ საგნის არჩევას და, იმედი გვაქვს, ინტერესი იქნება მათი მხრიდან.

სიზმარი ქართულ ყოფაში

ეს იყო ჩემი საკანდიდატო კვლევის თემა. მაშინ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემი უფროსი კოლეგებისთვის გაეზიარებინათ ჩემი ინტერესი. ამ საკითხის კვლევა მარტო ჩემი იდეა არ ყოფილა, მაშინ არაფორმალურად ხელმძღვანელობას მიწევდა პროფესორი თამარ დრაგაძე, ქართული წარმომავლობის, ბრიტანელი ანთროპოლოგი. მისი რჩევით დავინტერესდი საკითხით. ჩემი კვლევის ასპექტი იყო გამეანალიზებინა სიზმრის (წარმოსახვითის) გავლენა სოციალური ურთიერთობების კონსტრუქციაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სიზმარი მნიშვნელოვანია ტრადიციულ საზოგადოებებში, რადგან მისი მეშვეობით ადამიანები ურთიერთობებს აგებენ ერთმანეთთან.

ასეთ საზოგადოებებში სიზმარი, აღიქმება როგორც საშუალება, რომელიც აკავშირებს ადამიანებს წარსულთან, მომავალთან და თავიანთ გარემოში, აწმყოში სხვა ადამიანებთან. ჩემი ინტერესი იყო გამერკვია, როგორ გამოყენება ეს წარმოსახვითი ფენომენი ურთიერთობების აგებაში და რატომ არის ზოგჯერ ეს ფენომენი უფრო მაღალი ხარისხის არგუმენტი, ვიდრე სხვა უფრო მატერიალური მტკიცებულებები. ეთნოლოგისთვის ისაა საინტერესო თუ როგორ იქცევა ადამიანი. მაგალითად, ნახა სიზმარი, წავიდა სალოცავში შეასრულა რიტუალი - ანუ მოიქცა ჯგუფის მიერ გაზიარებული ქცევის მოდელის შესაბამისად. კვლევამ აჩვენა, რომ სიზმრის საფუძველზე განხორციელებული ქმედებები ყოველთვის სოციალური კავშირების გამყარებას ემსახურება, ჯგუფს კრავს. სიზმრის ნახვის სხვადასხვანაირი ახსნები არსებობს ხალხში. სიზმრის ნახვის შემდეგ მოუნახულებიათ ადამიანები, ან რაიმე, რაც დაგეგმილი ჰქონიათ, არ გაუკეთებიათ, მაგალითად არ დაუწყიათ სახლის შენება და ა.შ. არსებობს “ცუდი სიზმრის” “გაუქმების” სხვადასვანაირი პრაქტიკაც. სიზმრის ნახვის ეტაპიდან იწყება გარკვეული სქემის ამოქმედება, რაც შეიძლება გადამუშავების სიტუაციად განვიხილოთ. ამ დროს ხდება სიზმრის პრეზენტატიული ხატ-სიმბოლოების ნახვა, აღქმა-დამახსოვრება, გაღვიძების ეტაპიდან კი მათი ახსნა-ინტერპრეტირება, რაც, თავის მხრივ, საფუძველს უმზადებს გარკვეულ მოქმედებებს, როლებიც შესაძლებელია ჩვეულ, ყოველდღიურ რექაციაში გამოვლინდეს (მაგ. სიზმარში გარდაცვლილი ახლობლის ნახვის შემდეგ სანთლის დანთება, საკურთხის მომზადება, სასაფლაოზე გასვლა, სიზმრის მოყოლა და ა.შ.) ან რიგ შემთხვევაში რიტუალის სახითაც ჩამოყალიბდნენ. ამდენად, ჩემთვის საინტერესო იყო გამერკვია როგორ იღებს ადამიანი სიზმარს, როგორც ქცევის არგუმენტს.

ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა სიზმრის ნახვის უტყუარობა-სინამდვილეს, დასაშვებია, რომ ამ მოვლენის მოხმობით შეგნებულად თუ უნებლიეთ, სოციალური ჯგუფის ინტერესები დგებოდეს წინა პლანზე (მაგალითად, ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ოჯახების, გვარების დაახლოება და ა.შ.). არსებითი აქ ისაა, რომ სიზმრის, როგორც ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილში კავშირის დამყარების საშუალების გააზრებაში არ შეაქვთ ეჭვი. მაგალითად ხევსურეთში არსებობს “სულის სახელის” დარქმევის ჩვეულება, როცა ახალდაბადებული ბავშვს არქმევდნენ გარდაცვლილის სახელს და ეს სახელი შეირჩეოდა სიზმრის მიხედვით. საქმე ამით არ თავდებოდა, მთავარი ჯგუფის შიდა ურთიერთობები გახლდათ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებოდათ ამ ახალდაბადებულის მიმართ. რაც თავისთავად ცხადია ამყარებდა შიდა კავშირებს. ბევრი მსგავსი მაგალიტის მოხმობა შეიძლება

ბაზრის კულტურა

ეს ის საკითხია, რაც საზოგადოებას, მეცნიერებას აინტერესებს და თან გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს. აქვთ კითხვები, რა არის ამ საკითხში ისეთი, რომ ეთნოლოგს/ანთროპოლოგს შეიძლება აინტერესებდეს? არადა ეკონომიკური ურთიერთობები არის ის სფერო, რომელზეც ყოფა დგას. საინტერესოა ის, თუ როგორ ხდება ამ ურთიერთობების რეგულირება. არსებობს განსხვავებები ქალაქებსა და რეგიონებს შორის. ქალაქის მოსახლეობა უფრო მრავალრიცხოვანი და ჭრელია, ეთნიკურად, კულტურულად და სოციალური კავშირები სხვანაირად ლაგდება.

საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ღერძების გადაკვეთაზე მდებარეობს და, ამიტომ, იგი, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი თბილისი ყოველთვის იყო სხვადასხვა კულტურების შეხვედრის ტერიტორია. რა არის ბაზრის მთავარი მახასიათებელი? კონტაქტი, ვაჭრობა, კომუნიკაცია. როგორია ურთიერთობების ფორმალური და არაფორმალური ნაწილი? ეს ყველაფერი თანამედროვე ყოფამ შეცვალა. ჩემი მიზანი იყო დავკვირვებოდი ამ პროცესებს, როგორ ახდენს ბაზრები გავლენას ღირებულებებსა და კულტურაზე ქალაქის სივრცეში. დღეს, ტრადიციული ე.წ. “აღმოსავლური ტიპის” ბაზრები თითქმის აღარ არსებობს თბილისში, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ისე ურთიერთობების მხრივ. იგი მოდერნიზაცია, ევროპეიზაციის ლოზუნგით სუპერმარკეტებმა ჩაანცვლა. ბუნებრივია, შეიცვალა სოციალური ინტერაქციის ფორმა. ძველი ბაზრები იყო საკმაოდ მოსახერხებელი, იმ თვალსაზრისით, რომ თითქმის ყველა უბანს ჰქონდა, არსებობდა სოციალური კავშირები, რომლებიც ნდობის ხარისხს ამაღლებდა მყიდველსა და გამყიდველს შორის. თქვენ რომ ჰკითხოთ თქვენს ბებია-პაპებს, გეტყვიან, რომ მუდმივად მიდიოდნენ პროდუქციის საყიდლად ერთი და იგივე ადამიანებთან. ეს ურთიერთობები სოციალურ მიმართებებს აჩენდა და ზრდიდა ნდობის ხარისხს. დღეისათვის ვითარება შეცვლილია და ამ ურთიერთობების ფორმებს განაპირობებს ასაკობრივი, სოციალური და სხვ. ჯგუფების წევრობა.

საბაზრო ეკონომიკამ ყოფითი ქცევების ახალი მოდელი მოითხოვა, თუმცა, გადაწყობის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საინტერესო სწორედ, ტრანსფორმაციის ეს პროცესია, ის, თუ რა გავლენას ახდენს იგი ქართული საზოგადოების აღქმებზე, ღირებულებებზე და სოციალურ სტრუქტურაზე.

საუნივერსიტეტო საბჭო

საუნივერსიტეტო საბჭოს მიზანი სამეცნიერო საქმიანობის განვითარების და ხარისხის ზრდის ხელშეწყობაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო კერა იყო არა მარტო საქართველოში. აქ მოღვაწეობდნენ მსოფილო მნიშვნელობის მეცნიერები და ზრდიდნენ ახალ თაობას. ჩვენი უნივერსიტეტი ქმნიდა მაღალმეცნიერულ პროდუქციას. ჩვენ გვინდა ამ ტრადიციების გაგრძელება და სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლება და ღრმად მწამს, რომ ეს ასეც იქნება. ჩვენი მიზანია, რომ დისერტაციების ხარისხი იყოს მაღალი და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტებს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის და უნივერსიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თუ არ ვიქნებით კონკურენტუნარიანები, დავკარგავთ თანდათან ჩვენს ფუნქციას.


სხვა სტატიები »