ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლევან გიგინეიშვილი: „ასეთი გამძაფრებული სურვილი, ჩვენდაუნებლიედ იმას ამხელს, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და განვიცდით, რომ მისგან შორს ვართ; ამ სწრაფვაში არის რაღაც რომანტიულიც“

ლევან გიგინეიშვილი: „ასეთი გამძაფრებული სურვილი, ჩვენდაუნებლიედ იმას ამხელს, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და განვიცდით, რომ მისგან შორს ვართ; ამ სწრაფვაში არის რაღაც რომანტიულიც“
1 ნოემბერი, 2018
ფილოლოგია, როგორც ყველა მეცნიერება, ეძებს კანონზომიერებებს მეტყველების, სხვადასხვა ჟანრის ტექსტების, სხვადასხვა ენის, მათი სტრუქტურისა და ურთიერთკავშირის სფეროში. როგორც ყველა მეცნიერებას, ფილოლოგიასაც აქვს უსასრულო საკვლევი სივრცე – ასე განმარტავს ფილოლოგიით დაინტერესებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან გიგინეიშვილი. სწორედ ასეთი „უსასრულოა“ მისი საკვლევი სივრცეც. იგი არ შემოიფარგლება მეცნიერების ერთი დარგით და ფილოლოგიასთან ერთად ფილოსოფიას, თეოლოგიას, ყველაფერ იმას მოიცავს, რაც მსჯელობისთვის განგვაწყობს. ინტერვიუსაც სწორედ უსასრულობაზე საუბრით ვიწყებთ:

– არსებობს ასეთი ბერძნული ფრაზა „ქონება უსასრულობისკენ”. ცხადია, რომ ჩავაბარე კლასიკურ ფილოლოგიაზე, მქონდა განცდა იმისა, რომ შევხებოდი რაღაცას, რაც მართლა უსასრულოა. ჯერ, მარტო, იმდენი საინტერესო ტექსტია წასაკითხი, რომ, რა თქმა უნდა, ერთ ცხოვრებაში არც მოესწრება. არის ასეთი გამოთქმა – ცხოვრება ხანმოკლეა, ხელოვნება კი უკვდავი. ასეა მეცნიერებაც – მეცნიერება ამოუწურავია, რაც უფრო მეტს იგებ, მით მეტი საინტერესო და რთული კითხვები ჩნდება. მეცნიერება გამუდმებით ეხება იმ სივრცეს, რომლის შესახებაც არ გვაქვს ცოდნა. ისეთი განცდაა, როცა იცი, რომ არაფერი იცი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, იცი, რადგან ხვდები რომ არსებობს უფრო ბევრი, რაც არ იცი. ამ შემთხვევაში, თავმდაბლობა არ უნდა იყოს მოჩვენებითი, იგი უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ რეალურად აფასებ შენს თავს, სხვების ცოდნას. ხანდახან არის ხოლმე წუთები, როდესაც ვიბღინძებით საკუთარი ცოდნით, წავალთ საერთაშორისო კონფერენციაზე და უცხოელი პროფესორებისა და მკვლევარების ერთი მოსმენაც კი საკმარისი იქნება იმის მისახვედრად, რომ გავიაზროთ – როგორ ჩამოვრჩენილვართ და როგორ მოიბეზრეს სხვა პროფესორებმა ის საკითხები, რაც ჩვენი გაბღენძის და კმაყოფილების საფუძველი იყო, თვითონ კი ისეთ საკითხებზე მუშაობენ, რომლებზე წარმოდგენაც არ გვქონდა. ძალიან კარგია საერთაშორისო კონფერენციებზე სიარული, ვინაიდან, ყოველთვის იგებ ახალს, ამ იდეების ხახუნში ნელ-ნელა საკუთარ ადგილს პოულობ. საინტერესო მაგია მაშინ ხდება, როცა შენ ხარ ძიებაში და მუხტის გადაცემა შეგიძლია.

ჩემი საკვლევი სივრცე ფილოსოფიისა და თეოლოგიის ზღვარია, ორი დამოკიდებულება რეალობის მიმართ. ერთია ბიბლიური ტრადიცია და გაცხადებული ჭეშმარიტების ტექსტები და მეორეა – ბერძნული ფილოსოფიური ტრადიცია. მე იმ ავტორებს ვეხები, ვინც ამ ორი ტრადიციის მატარებლები არიან. ვიკვლევ ქრისტიანულ ფილოსოფიას, შუა საუკუნეების ფილოსოფიას, პლატონიზმს, იმას, თუ როგორ არის ნეოპლატონისტების ფილოსოფია გარდატეხილი ქრისტიანულ აზროვნებაში, როგორ ცდილობენ ერთმანეთთან დააკავშირონ ეს ცნებები და გაგებები. ის, რაც ჩვენში ისწრაფვის ცოდნისკენ, არის უსასრულო. რაღაც საშიშს ვატარებთ საკუთარ თავში.

– თქვენ იკვლევთ იოანე პეტრიწს, რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ და არა მხოლოდ სამეცნიერო წრეებმა მის შესახებ?

– იოანე პეტრიწი ცდილობს სხვადასხვა კულტურებში მოიძიოს ჭეშმარიტება. ის არ ამბობს, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ერთ რომელიმე კულტურას აქვს, ან რომელიმე ინტელექტუალურ ტრადიციას. ჭეშმარიტება იმდენად ფართოა, რომ შეგიძლია აღმოაჩინო მისი მარცვლები და გამოხატულებები სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ რელიგიურ კულტურებში. იოანე პეტრიწს მიაჩნია, რომ ეს ყოველივე ქრისტიანულ კულტურასა და ბერძნულ ფილოსოფიაში სრულად გამოვლინდა. ამ ლოგოსის, როგორც ჭეშმარიტების, მარცვლები ჩანს მთელს კაცობრიობაში. ესაა მარადიული სიბრძნე, მარადიული წესრიგის ანარეკლი სხვადასხვა კულტურებში. პეტრიწის იდეა არის ის, რომ ფილოსოფოსი უნდა იყოს ღია სხვა კულტურების მიმართ. ეს ღიაობა საჭიროა იმისთვის, რომ აღმოაჩინოს მათში ღირებული, ჭეშმარიტებასთან წილნაყარი. იგი უნივერსალური საკაცობრიო სიბრძნის მომხრეა. იგი ერკვევა პლატონიზმში, კარგად იცის ნეოპლატონისტი ავტორები და ცდილობს გადოს ხიდი ბიბლიასა და პლატონიზმს შორის. ცდილობს, ბიბლია განმარტოს პლატონური მეტაფიზიკის შუქზე.

ძალიან მომეწონა პეტრიწის გამონათქვამები და დამოკიდებულებები ჭეშმარიტებასა და სიტყვაზე. ვხედავდი, რომ იგი ძალიან გულწრფელი და პედანტურად პატიოსანი მეცნიერი იყო სიტყვასთან ურთიერთობაში. წერდა, რომ უჭირდა ბერძნულიდან ქართულად თარგმნა, რადგან ეშინოდა იმისა, რომ არასწორად გადმოთარგმნიდა რომელიმე ბერძნულ სიტყვას. ფიქრობდა, რომ ვერ პოულობდა შესატყვის ქართულ სიტყვას და ამბობდა, მარადისობის წინაშე ვაგებ პასუხს, თუ ერთი და იგივე ტერმინით განსხვავებულ ცნებებს გადმოვთარგმნიო. შესაბამისად, მისი ეს დამოკიდებულებები ძალიან მეცნიერული და პატიოსანია ტექსტებთან მიმართებაში. სწორედ ეს მომწონს იოანე პეტრიწის ნაწერებში.

ამჟამად, ვამზადებ ინგლისურ გამოცემას, ვთარგმნე ინგლისურად იოანე პეტრიწი, თუმცა მას ბევრი დამუშავება სჭირდება ინგლისურის გაშალაშინების თვალსაზრისით, ასევე ქართულისა და ბერძნულის შედარების თვალსაზრისით. მე-2 და მე-3-დ ვამოწმებ და მინდა, რომ კარგი ევროპული დონის გამოცემა გავაკეთო და ათასობით და მეტმა ადამიანმა წაიკითხოს.

– ერთგან ამბობთ, რომ ფილოსოფია არ ყოფილა ბევრი წიგნის წაკითხვა, მარტოობის გაბედვა ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თქვენს ფიქრებს ფიქრობთ?

– შეუძლებელია ლიტერატურისა და ფილოსოფიის სამი ათას წლიანი ტრადიციიდან თავი ამოიგლიჯო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუთიყუშივით უნდა იმეორებდე ამ აზრებს. ჩვენი, თითოეული ადამიანის ცხოვრება, უნიკალურია და ის წიგნები და ცოდნა, რაც ჩვენშია, უნდა იყოს გარდატეხილი ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ იმიტომ არ ვკითხულობთ წიგნებს, ფილოსოფოსებს, მწერლებს, რომ მერე სალონურ საუბრებში გამოვიჩინოთ თავი და ჭკვიან ადამიანად გამოვჩნდეთ, ეს ყველაფერი სხვა მიზანს ემსახურება. ეს ჩვენი სულის ზრდისთვისაა საჭირო და რეალიზაციისთვის. თუ ჩვენ ამ ყველაფრისთვის წავიკითხავთ, სხვაგვარად შევხედავთ მიღებულ ცოდნას. ჩვენ მარტო ვართ ტექსტებთან ურთიერთობისას. ოღონდ ეს მარტოობა არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ერთგვარი ტიპის აღმოსავლური მარტოობა, როცა ფიქრების გასათიშად აღმოსავლურ მედიტაციურ ტექნიკებს იყენებენ. მე საერთოდ არ მესმის ამ ტექნიკების, სინამდვილეში, მარტოობა არის ის, რაც გვაფიქრებს დიდ იდეებზე, გვაძლევს შედარების საშუალებას ჩვენი ცხოვრების გამოცდილებასთან. აუცილებელია ამ დროს დასკვნების გზით, ლოგიკური აუცილებლობების თანმიდევრული გაყოლით მივიდეთ კონკრეტულ შედეგამდე და არ გავაჩეროთ ფიქრი შუა გზაში. უნდა გავბედოთ რაღაცაზე ფიქრი, იმიტომ რომ არ მოვექცეთ მზამზარეული დასკვნების ტყვეობაში, ჩვენვე უნდა ჩავწვდეთ რაღაცებს, არ დავთანმხდეთ იმ დისკომფორტს, რომელსაც გვიჩენს ჯერ კიდევ გაუგებარი რეალობა.

– ერთ-ერთ სატელევიზო ლექციაზე სტუდენტებთან მსჯელობთ პერიკლეს სიტყვების შესახებ, რომელშიც ის დემოკრატიის სიკეთეებზე და პლატონის ნაკლებად ოპტიმისტურ შეხედულებებზე საუბრობს. თავად თქვენ რას ფიქრობთ დემოკრატიის შესახებ?


– დემოკრატია ბერძნების ყველაზე დიდი საჩუქარია კაცობრიობის ისტორიაში. დემოკრატიას ვერსად წაუხვალ და არსად არ უნდა წაუხვიდე. პლატონის, როცა აკრიტიკებს დემოკრატიას, ერთადერთი მიზანი აქვს – მან, როგორც ათენელმა, მისი დემოკრატიული ქალაქი გახადოს უფრო უკეთესი დემოკრატიული ქალაქი. პლატონის ფილოსოფიური სკოლა არის დემოკრატიული იმ გაგებით, რომ ყველას თავისი აზრის გამოთქმის თავისუფლება აქვს. პლატონი არ უარყოფს მსჯელობას, იგი უშვებს იმას, რომ მისი ახლო მოწაფეებიც შესაძლებელია დაუპირისპირდნენ მას. არისტოტელე, რომელიც 20 წელი იყო პლატონის სკოლაში, ამბობდა, რომ პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიო და მჯერა, მისი ამ სიტყვების შთაგონება იყო პლატონი, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა წინასწარმეტყველურ დამოძღვრას და ცოცხალი დიალოგის დაძაბულობაში ამყოფებდა თავის თავსაც და თავის მოწაფეებსაც. ასე რომ, პლატონი იყო განუწყვეტელი დიალოგის მომხრე. ჰერაკლიტური ტრადიციაც იგივეს იმეორებს – მე ნუ მისმენ, მოდი, უსმინე მსჯელობას, მივყვეთ ლოგოს-ს, ჩვენ თანასწორები ვართ ამ მსჯელობაში, შეიძლება შენ უფრო ვაჟკაცურად გაჰყვე ამ მსჯელობას, ვიდრე მე. არავინ ატარებს პიროვნულად ჭეშმარიტებას (იესოს თუ არ ჩავთვლით), არამედ მსჯელობით გვაქვს შანსი შევეხოთ მას. როგორც პეტრიწი ამბობს, დიალოგი, მსჯელობა არის “ჩვენ შორისი სიტყვა”. იგი არც მე მეკუთვნის, არც შენ, ის რაღაც ობიექტურობას უკავშირდება და ჩვენც ვმონაწილეობთ მასში.

მჯერა რომ დემოკრატიის კულტურას ვერსად წავუვალთ. მეორე მომენტია, როცა თავისუფალი აზროვნება ხდება უპასუხისმგებლო, როცა იგი რეალურ ჭეშმარიტებას არ ემსახურება.

აპრიორი მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მოწყობა აუცილებლად უნდა იყოს დემოკრატიული. როცა ფილოსოფიის სწავლა ლუვენში დავიწყე, მქონდა განცდა, რომ ფილოსოფოსები ბევრს ლაყბობდნენ და მხოლოდ რელიგიასა და ქრისტიანობაში იყო ყველაფერი ცხადი. ამდენი სხვადასხვა ერთმანეთის საწინააღმდეგო იდეა არსებობს. გამოჩნდა შემდგომ, რომ არც თეოლოგიაშია ყველაფერი ცხადი და იგიც ასეთივე განუწყვეტელი დიალოგის ნაწილია.

მსჯელობას და ფილოსოფიას ვერსად წაუხვალ, განწირული ხარ ყველა სივრცეში მსჯელობისთვის და აქედან გამომდინარე, თავისუფლებისთვის.

– ევროპული ტრადიციაზე საუბრის დროს თქვენ ამბობთ, რომ ეს არის მარტოობის ტრადიცია, რომ განმანათლებლურ ტრადიციაში ადამიანი ბედავს მარტოობას და ამ მარტოობაში საკუთარი პასუხისმგებლიანი აზრების დაკრისტალებას. უმთავრესად, ეს არის ნება იმისა, რომ გქონდეს საკუთარი ნება. რა არის ქართული ტრადიცია, განსხვავებულია თუ არა იგი ევროპულისგან?

– ქართული ტრადიცია მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყველა ეროვნული ხასიათი უნიკალურია. ისინი ჟესტიკულაციის, საუბრის, ტემბრის, კილოს დონეზეც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, ისე ხედავენ რეალობას, როგორც შეიძლება სხვა არ ხედავდეს. „შემომეჭამას“ სხვა ვერ იტყვის. საქართველოში მრავალი კულტურულად მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა: მივიღეთ ქრისტიანობა, მრავალი საუკუნე ვიბრძოდით იდენტობის შენარჩუნებისთვის, შემდგომ გაჩნდა სურვილი რომ დავკავშირებოდით ევროპას.

ასეთი გამძაფრებული სურვილი იმის ნიშანია და ჩვენდაუნებლიედ იმას ამხელს, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და განვიცდით, რომ მისგან შორს ვართ. ამ სწრაფვაში არის რაღაც რომანტიულიც.

რუსთაველს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „ვეფხისტყაოსანი, ზოგადქართული ეპოსის და ეროვნული ეთნოსის ჩამომყალიბებელი ტექსტი გახდა, რუსთაველის სულისკვეთება ჯერაც გასდევს ქართველებს. ქართველებში არის ის ღრმადჩაბუდებული მოტივი, რომ რად მინდა თავისუფლება, თუ იგი არ შევავსე რაღაც დიდი სიკეთით. ილია ჭავჭავაძესთან და თერგდალეულებთან ეს საკითხი უფრო ცხადი გახდა. მათ სწორედ ასეთი ევროპელობა შემოიტანეს საქართველოში, რომ თავისუფლებაც იმისთვის მინდა, რომ შევქმნა რაღაც ღირებული, მივაგნო ღირსეული ცხოვრების მოდელს. ეს საკმაოდ დიდი სპექტრია და ასე მარტივად ვერ ვიტყვით.

რაც დრო გადის, ჩვენ უფრო მეტი და მეტი ინდივიდუალიზმისკენ მივდივართ, რაც არ არის ცუდი. ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ არ დაიზეპირონ მასალა და ყველა დიდი ტექსტი, რასაც გავდივართ, საკუთარ სულში გაატარონ და ცხოვრებისეულ გამოცდილებად აქციონ.

სხვა სტატიები »