ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თანამედროვე ლაბორატორიები თსუ-ში

თანამედროვე ლაბორატორიები თსუ-ში
31 ოქტომბერი, 2018
სმარტ ლაბორატორიები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით 2016 და 2017 წლებში ორი „ჭკვიანი ლაბორატორია“ გაიხსნა. SMART|EDM და SMART AtmoSim ლაბორატორიებით სარგებლობის შესაძლებლობა თსუ სამივე საფეხურის სტუდენტებს აქვთ.

თსუ SMART AtmoSim ლაბორატორია რეგიონში ატმოსფეროს კვლევის უნიკალურ ცენტრს წარმოადგენს. ლაბორატორია სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე, რომელიც მოიცავს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს, ამასთანავე, შედეგების მათემატიკურ დამუშავებას და ატმოსფეროს მდგომარეობის მათემატიკური მოდელის შექმნას.

ლაბორატორიაში სტუდენტები უშუალოდ ერთვებიან ჰაერის ნიმუშების აღების პროცესში, ნიმუშების ანალიზსა და მათემატიკური სიმულაციების შედგენაში. ჰაერის ხარისხის შეფასების გარდა, ლაბორატორიაში ტარდება ატმოსფეროს დეტალური ანალიზი და მოდელირება, მუშავდება ანალიზის ახალი მეთოდები და ტექნიკა, მათ შორის, ატმოსფეროს ანალიზისთვის დრონების შექმნა.

თსუ AtmoSim ლაბორატორია გერმანიაში იულიხის IEK-8 ლაბორატორიის ანალოგს წარმოადგენს. IEK-8-ის მსგავსად თსუ AtmoSim ლაბორატორიაში შესაძლებელია ატმოსფეროს ისეთი დამაბინძურებლების განსაზღვრა, როგორებიცაა აზოტის ოქსიდები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, მეთანი და სხვა აქროლადი ნახშირწყალბადები, ოზონი და მიკრონაწილაკების შემცველობა.

ლაბორატორია იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე გაიხსნა 2017 წელს გაიხსნა.

იულიხის კვლევითი ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად პირველი ლაბორატორია 2016 წელს გაიხსნა. SMART|EDM ლაბორატორია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას წარმოადგენს. ლაბორატორიაში თსუ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, თბილისშივე მიიღონ მონაწილეობა იულიხის ცენტრის კვლევებში.

SMART|EDM Lab-ის მიზანი საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობაა, ამ მიზნით თსუ სტუდენტებთან ერთად უკვე ორი წელია პროექტში ჩართულები არიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მეცნიერები.

SMART EDM-Lab-ში მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობით თსუ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევები უყალიბდებათ. ისინი სწავლობენ ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა.

თსუ სტუდენტები იულიხის ცენტრის ისეთ კვლევებში იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა სამყაროს განვითარების შესწავლა დიდი აფეთქებიდან დღემდე. დიდი აფეთქების შემდგომ, სამყაროს ევოლუციის პროცესში ყოველი 10 მილიარდი ნაწილაკიდან 1 ნაწილაკი (მატერია) გადაურჩა ანტიმატერიასთან ანიჰილაციის (გაერთიანების) პროცესს. სწორედ ამ გადარჩენილი ნაწილაკებიდან შეიქმნა დღევანდელი სამყარო. იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა ასე, არის აღნიშნული კვლევების მიზანი. აღნიშნული ტიპის კვლევები, პოლარიზებული დეიტრონების ნაკადის გამოყენებით, უკვე დაწყებულია იულიხის კვლევითი ცენტრის COSY ამაჩქარებელზე, სადაც ქართული ჯგუფი აქტიურადაა ჩართული.

სან-დიეგოს უნივერსიტეტის მიერ მოდერნიზებული ქიმიისა და ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორიები

ქიმიის ლაბორატორიები:
SDSU-GEORGIA ქიმიური ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სტუდენტს დღეისათვის შესაძლებლობა აქვს დაეუფლონ ზოგადი, ანალიზური, ორგანული, ფიზიკური ქიმიის და ბიოქიმიის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. შეიძინონ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება. ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტი ეუფლება: ნარევის დაყოფის მეთოდებს, კალორიმეტრიას (სწავლობს კალორიმეტრზე მუშაობას – ენტალპია და ენტროპიას), მასისა და სიმკვრის განსაზღვრას, ტიტრაციას, ჟანგვა-აღდგენას, თვისობრივ ანალიზს. ეუფლება სპეტქტრომეტრის გამოყენებით ხსნარის კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდებს, pH Meter-ით ხსნარის არის და კონცენტრაციის განსაზღვრას, ქიმიურ კინეტიკას, გაზურ ქრომატოგრაფზე მუშაობას, ეუფლება წყალში ან ნარევში ქლორიდ იონების, კალციუმის, სულფატების, რკინის იონების და ა.შ. განსაზღვრას და რაოდენობის დადგენას. ორგანულ ქიმიაში სტუდენტი სწავლობს სინთეზის მეთოდებს, გამოხდას, გადაკრისტალებას, დაყოფას ქრომატოგრაფიულ სვეტზე. ეუფლება ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრით და ბირთვულ მაგნიტური რეზონანსული სპექტრით ნივთიერების სტრუქტურის დადგენას.

ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები:
ანალოგური წრედების ლაბორატორია დაკომპლექტებულია თანამედროვე გამზომი და სამუშაო ინსტრუმენტებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ოსცილოსკოპის გმოყენებით მოახდინონ დაკვირვება დროში ცვალებად ელექტრონულ პროცესებზე, ასევე გამოიკვლიონ მაძლიერებლების პარამეტრები და თვითონ მოახდინონ სხვადასხვა ფორმის იმპულსების გენერირება ლაბორატორიაში არსებული გენერატორების საშუალებით. ასევე ლაბორატორიაში არის მაღალი სიზუსტის ციფრული მზომი ხელსაწყოები, რომლებიც ნახევარგამტარული მოწყობილობების პარამეტრების დადგენისა და შეფასების საშუალებას იძლევიან. ყველა საჭირო ელექტრონული კომპონენტი სქემის აგებისა და მუშა პროტოტიპის შექმნისათვის ლაბორატორიაში ადგილზე არის ხელმისაწვდომი.


სხვა სტატიები »