ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ქალი გამომგონებლები“ თსუ-დან

„ქალი გამომგონებლები“ თსუ-დან
30 ოქტომბერი, 2018
უპილოტო გამნაღმველი სისტემა და ვაზისგან ბიოდიზელის მიღება, ეს ის ორი გამოგონებაა, რომელიც 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართველი ქალი გამომგონებლების გამოფენაზე თსუ სტუდენტებისგან იყო წარმოდგენილი. თსუ იურიდიული და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ანა ხუციშვილი და ნანუკა შარვაშიძე, სწავლის პარალელურად,  მუდმივად მუშაობენ საკუთარ გამოგონებაზე. აქვთ სხვა იდეები და მომავალში მათ განვითარებასაც გეგმავენ.

„გამოფენა „ქართველი ქალები მეცნიერებაში“, ვფიქრობ, ძალიან კარგი მიგნება იყო, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. მინდა მადლობა გადავუხადო ამ დღის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს!

ამ გამოფენამ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი ვართ საქართველოში ისეთი ქალები, რომლებიც სტერეოტიპებს ვამსხვრევთ, თითქოს მხოლოდ "კაცების საქმე" იყოს სამეცნიერო სფერო, ერთმანეთი გაგვაცნო და დაგვამეგობრა, რათა შემდგომში ერთიანი ძალებით ვაკეთოთ როგორც ქვეყნისთვის, ისე მთელი სამყაროსთვის საჭირო საქმე... შევქმნათ რაღაც ისეთი, რაც მსოფლიოს გააოცებს!“, – ასე იხსენებს გამოფენის დღეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი და გამომგონებელი ანა ხუციშვილი. ამბობს, რომ მისი ცხოვრებისეული დევიზია „შენ უნდა გჯეროდეს, რომ საოცრების შექმნა შეგიძლია!“, ანას ერთ-ერთი საოცრება, რომლის შესახებაც გიამბობთ, ინოვაციურ ხელსაწყოს, უპილოტო გამნაღმველ სისტემას ეხება.

„მსოფლიოში ყოველ 19 წუთში 1 ადამიანი იღუპება ნაღმის აფეთქების შედეგად. ნაღმის აფეთქება იწვევს როგორც ადამიანების დასახიჩრებასა და დაღუპვას, ასევე ცხოველთა და მცენარეთა განადგურებას. სწორედ ამიტომ, ეს მსოფლიოში აქტუალურ პრობლემად ითვლება. ეს ხდება განსაკუთრებით მილიტარისტულ ქვეყნებში. სამწუხაროდ, ქართველ ჯარისკაცთა უმეტესობა სწორედ ნაღმის აფეთქების შედეგად სახიჩრდება და იღუპება, ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა სწორედ ამ მიმართულებით მეწარმოებინა ჩვენი კვლევა. LIFESAVER-ი არის ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც ემსახურება ამ მეტად აქტუალური და მწვავე პრობლემის გადაჭრას, ეს უდიდესი გამოწვევა იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენი პროექტი თავისი მნიშვნელობით მეტად საჭირო და გამოყენებადია, სახელის იდეაც აქედან მოდის – „LIFESAVER“ – რაც სიცოცხლის შემნარჩუნებელს/შემნახავს ნიშნავს.

„LIFESAVER“ არის უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც იმართება IPად-ის მეშვეობით. გამოგონების მუშაობის პრინციპი ასეთია: წინასწარ, 1 საფრენი აპარატის მიერ რუკაზე მოინიშნება ის ტერიტორია, რომელიც უნდა გაინაღმოს, შემდეგ მე-2 (გამნაღმველი) დრონი ავტომატურად გაფრინდება და განაღმავს მონიშნულ ადგილებს. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ კოორდინატებამდე „Life Saver“-ს რამე დაბრკოლება შეხვდება, ის დაკეცავს ფრთებს, დაჯდება მიწაზე და ბორბლების საშუალებით, გააგრძელებს გზას. თუ ბორბლებით წასვლა შეუძლებელია, „Life Saver“ ტანკისებრ მუხლუხოდ გადაკეთდება. აღსანიშნავია, რომ „Life Saver“-ს შეუძლია გადაადგილება ჰაერში, ხმელეთზე და წყალზე. როცა მოწყობილობა მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ის ჰაერიდან, უსაფრთხოდ გააუვნებელყოფს ნაღმს, ისე, რომ თავად არ დაზიანდება“, – ამბობს ანა.

ანას გამოგონებამ 2016 წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე „IYIPO 2016“  მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მიიღო. 

„უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნო. გვიწვევდნენ სხვადასხვა ტელევიზიაში და გვწერდნენ უამრავი ჟურნალ-გაზეთიდან. საზოგადოების მხრიდან მართლაც დიდი დაინტერესება იყო. პროექტი ასევე თბილისის მერიის რჩეულ გამოგონებებში მოხვდა და დაფინანსებას დაგვპირდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, არ მიგვიღია ეს დაფინანსება.

ამჟამად, ჩემს ძმასთან ერთად საჯარო ლექციებს ვატარებ, სადაც ჩემი ძირითადი სასაუბრო თემა სწორედ ქალთა მოტივაცია და გამოგონებების სფეროში მათი ჩართვისკენ მოწოდებაა. გვინდა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ამ სფეროში და ამ კუთხით ვაგრძელებთ მუშაობას. გამოგონებებზე მუდმივად ვმუშაობთ, გვაქვს უამრავი ინოვაციური იდეა და ამას აუცილებლად იხილავს საზოგადოება დასრულებული სახით.

პროფესიის არჩევის დროს ბევრი ყოყმანი მომიწია. თსუ-ს სამართალი ჩემი ბავშვობის ოცნება და მიზანი იყო. აბიტურიენტობის დროს შემოთავაზება მქონდა სან დიეგოს უნვერსიტეტიდან, სადაც ყველა ეტაპი გავიარე და ასპროცენტიანი დაფინანსება მოვიპოვე, თუმცა ბოლოს მაინც იმ გზას გავუყევი, სადაც უკეთ ვხედავდი საკუთარ თავს. მეცნიერების სფერო ისედაც ყოველთვის იკავებდა დიდ ადგილს ჩემს ცხოვრებაში. პროფესიად კი იურისტობა მინდოდა პატარა ასაკიდან, რადგან შინაგანად ყოველთვის მქონდა უსამართლობასთან ბრძოლის სურვილი, სწორედ ამიტომ ვარ იქ, სადაც ვარ“, – ამბობს ანა ხუციშვილი.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I-ლი კურსის სტუდენტი ანა ხუციშვილი პოლიტიკოსობას აპირებს. მას ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს, ამ მიზნის მიღწევას კი, როგორც საკუთარ პროფესიაში წარმატების მიღწევით, ისე გამომგონებლობის სფეროში მოღვაწეობით გეგმავს.  ფიქრობს, რომ ყველა გამოგონება ადამიანის სასიკეთოდაა შექმნილი, გარდა მასობრივი განადგურების იარაღებისა, რომელთა გამოყენება ადამიანის მოსპობას ნიშნავს. ნანუკას და მისი მეგობრების გამოგონება ვაზით მიღებული ბიოდიზელის მეშვეობით გარემოს დაბინძურების შემცირებას უკავშირდება.

„მიხარია რომ დღეს აქტიურად მიმდინარეობს ქალის „სისუსტესთან“ დაკავშირებული სტერეოტიპების ნგრევა. „ქალი გამომგონებელი“ ერთ დროს შეუძლებელი და მიუღებელი, დღეს სავსებით რეალურია. იმდენად რეალური რომ თავად აღმოვჩნდი ამ სტატუსის მატარებელი. მიხარია, რომ ვცხოვრობ ისეთ გარემოში, სადაც შემიძლია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ჩემი გამოგონებით დავეხმარო ადამიანებს.

ყველაზე სასიამოვნო მომენტი ცხოვრებაში მაშინ დგება როდესაც შენი დაუღალავი შრომა ფასდება და წარმატებას აღწევ. აღნიშნული გამოფენა ჩემთვისაც და ჩემი გუნდის წევრებისთვისაც კიდევ ერთი წარმატება იყო რომელიც ჩვენმა პროექტმა მოგვიტანა.

ჩვენი პროექტის მიზანია კახეთის მხარეში ყველაზე გავრცელებული კულტურის ვაზის გამოყენება საწვავის მისაღებად. პროექტის უპირატესობა და საინტერესოობა მდგომრეობს იმაში რომ მისთვის საჭირო ორ კომპონენტს, სპირტს და ზეთს, ვიღებთ ერთი ნარჩენისგან, შემდეგ ამ ორ კომპონენტს შორის ვახდენთ ქიმიურ რეაქციებს და შედეგად ვიღებთ ბიოდიზელს. წარმოების პროცესი მუშაობს შემდეგი პრინციპის თანახმად - ხდება ნარჩენების გამოყენება, გადამუშავება და შემდგომ მათი ბიოდიზელის წარმოებაში გამოყენება. აღნიშნული პროექტი ფერმერებს აძლევს საშუალებას სახლის პირობებში უსაფრთხოდ მიიღონ ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რაც ასევე ათავისუფლებს მათ ყოველგვარი ხარჯებისგან.

ჩვენი პროექტით რამდენიმე ბიზნესმენი დაინტერესდა, ასევე დიდი იყო დაინტერესება ფერმერებისგან და ერთ-ერთმა ფერმერმა სახლის პირობებში მიიღო კიდეც ბიოდიზელი.

მოგეხსენებათ კახეთის მხარეში ყოველ შემოდგომაზე ყურძნის დაწურვის შემდეგ უამრავი წიპწა იყრება, ამ წიპწას შემდეგ წვავენ, რაც ცუდია გარემოსთვის. სკოლის პერიოდში ეკოკლუბის აქტიური წევრი ვიყავი და კარგად ვიცნობდი და ვაანალიზებდი, რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მოჰყვეს ჰაერისა და გარემოს დაბინძურებას, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად შემექმნა ისეთი რამ, რაც წვლილს შეიტანდა გარემოს დაბინძურების წინაშე ბრძოლაში.

ჩემდა სასიხარულოდ, წელს გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. დღეს საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა დიდი პროტესტი და სურვილი გამიჩინა გავხდე კარგი პოლიტიკოსი და საკუთარი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში, რათა მომავალმა თაობებმა უკეთეს გარემოში იცხოვრონ“, – ამბობს ნანუკა.


სხვა სტატიები »