ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ KM3NeT ექსპერიმენტში

თსუ KM3NeT ექსპერიმენტში
26 სექტემბერი, 2018
2018 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, სხვა მნიშნელოვან მოვლენებთან ერთად, ერთი განსაკუთრებული სამეცნიერო სიახლითაც იქნება გამორჩეული – სექტემბერში ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმის ფორმატით უნივერსიტეტის ჩართულობა ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის უმსხვილეს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში KM3NeT.

KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ კი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი 2017 წელს შეუერთდა. ამჟამად ამ თანამშრომლობაში 15 ქვეყნის სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და უნივერსიტეტები მონაწილეობენ.

თანამშრომლობის მიზანია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე განალაგოს ნეიტრინული დეტექტორები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება კვლევების ჩატარება ნეიტრინულ ფიზიკასა და ასტროფიზიკაში. KM3NeT რთული და ძვირადღირებული სამეცნიერო პროექტია, რომლის განხორციელება რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე (KM3NeT 2.0) მიმდინარეობს დეტექტორების განლაგება იტალიისა და საფრანგეთის სანაპიროებთან. აღსანიშნავია, რომ KM3NeT ზღვაში განლაგებულ საკვლევ-ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომლის დახმარებით მულტიდისციპლინარული კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი ზღვის და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში (მაგალითად ოკეანოლოგია, ზღვის ბიოლოგია, სეისმოლოგია).

საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილე და ჯგუფის ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ შანიძე გვესაუბრება:

„სამყაროს შესასწავლად სხვადასხვა ფიზიკური ხელსაწყო და დეტექტორი გამოიყენება, რაც მაგალითად ცნობილია ATLAS da JEDI ექსპერიმენტების სახელით, რომლებშიც ინსტიტუტი მონაწილეობს. პირველი დეტექტორი სამყაროს შესასწავლად ადამიანის თვალი იყო. მრავალსაუკუნოვანი დაკვირვებების შედეგად ჩამოყალიბდა ასტრონომია, ერთი პირველი მეცნიერება, რომელიც ციურ სხეულებსა და მათ მოძრაობას სწავლობს. დღეს ვიცით, რომ ადამიანის თვალით მხოლოდ სამყაროს მცირე ნაწილის დანახვაა შესაძლებელი. ამას ადასტურებს როგორც თანამედროვე ოპტიკური ტელესკოპები, ასევე დაკვირვებები ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვა დიაპაზონში. ასეთი დაკვირვებები ახალი ხელსაწყოების, რადიოტელესკოპებისა და დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე განლაგებული რენტგენული და გამა-სხივების ტელესკოპების საშუალებით გახდა შესაძლებელი. სამყაროს დაკვირვებადი მატერია, რაც ჩვენ დეტექტორებში ტოვებს კვალს, სამყაროში არსებული მატერიის მცირე ნაწილი აღმოჩნდა. მატერია, რომელიც ჩვენ არსებულ დეტექტორებში არ ფიქსირდება ბნელი (უხილავი) მატერიის სახელით არის ცნობილი.

მეცნიერების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა სამყარო არა მარტო ელექტრომაგნიტური გამოსხივების საშუალებით, არამედ ელემენტარული ნაწილაკებით - ნეიტრინოებით შევისწავლოთ. ნეიტრინოების საშუალებით შეგვიძლია ისეთი ასტროფიზიკური პროცესები შევისწავლოთ, რომელთა დაკვირვება სხვა საშუალებებით შეუძლებელია, მაგალითად მზესა და ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციები, კოსმოსური სხივების წყაროები და ბნელი (უხილავი) მატერია.

KM3NeT თანამშრომლობა ნეიტრინულ დეტექტორს იმ მიზნით იყენებს, რომ ნეიტრინოების ასტროფიზიკური წყაროები დაადგინოს და შეისწავლოს. ეს საშუალებას მოგვცემს კოსმოსური სხივებისა და ბნელი (უხილავი) მატერიის პრობლემების გადაწყვეტაზე ვიმუშაოთ. ნეიტრინული ასტრონომია ფუნდამენტური კვლევების ახალ მიმართულებას, ასტრონაწილაკების ფიზიკას მიეკუთვნება. KM3NeT ასტრონაწილაკების ფიზიკის პირველი პროექტია, რომელშიც მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მკვლევართა ჯგუფი მონაწილეობს. პროექტში მონაწილეობს 300-მდე მეცნიერი, ინჟინერი და დოქტორანტი 15 ქვეყანიდან.

21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტსა და KM3NeT საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას შორის. ეს ხელშეკრულება და KM3NeT თანამშრომლობის კონფერენცია, რომელიც 2019 წლის დასაწყისში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩატარდეს, ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართვას ამ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში.

პროექტი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ზღვის ფსკერზე (3 კმ სიღრმეზე) შესაძლებელი იქნება მულტიდისციპლინარული კვლევების ჩატარება. შესაბამისად KM3NeT საინტერესოა ზღვის და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებისთვის, ოკეანოლოგებისთვის. ექსპერიმენტი უწყვეტ, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. ზღვაში ექსპერიმენტის განხორციელება, რომელიც მუდმივი კვების წყაროსთან არის შეერთებული ნამდვილად უპრეცედენტოა. ზღვის ფსკერზე განლაგებული შემაერთებელი კვანძის საშულებით ექსპერიმენტს ზღვისა და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დეტექტორები შეიძლება შეუერთდეს“.


სხვა სტატიები »