ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტების ბიზნეს პროექტები, ბიზნეს-იდეიდან – პროტოტიპების შექმნამდე

თსუ სტუდენტების ბიზნეს პროექტები, ბიზნეს-იდეიდან – პროტოტიპების შექმნამდე
3 თებერვალი, 2018
თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში თსუ სტუდენტების ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველი პრეცენდენტია, როცა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ბიზნეს პროექტები სასწავლო კურსის ფარგლებში და ადგილზე, პრაქტიკულად შეასრულეს და რეალური პროდუქტების სახით წარმოადგინეს.

2017 წლის სექტემბრიდან თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს - ინკუბატორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში ჩაერთო და დაიწყო ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარება იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო კურსი „ პრაქტიკული მენეჯმენტი “.

აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტები მუშაობდნენ ბიზნეს პროექტების პრაქტიკულ შესრულებაზე. სტუდენტებმა, ფაბლაბში ჩატარებული ლაბორატორიული მეცადინეობების დახმარებით, ბიზნეს პროექტის მთელი ციკლი – ბიზნეს იდეიდან პროტოტიპის შექმნამდე – განახორციელეს. წარმოდგენილი იყო 15-მდე პროექტი, რომელზეც მუშაობდა 150-მდე სტუდენტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ის პროფესორები, რომლებიც ასწავლიდნენ სასწავლო კურსს „ პრაქტიკულ მენეჯმენტს“. სტუდენტების აქტიურობამ და შესრულებულმა პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, თითოეულ მათგანს ნებისმიერ დროს შეეძლება ფაბლაბის მომსახურებით სარგებლობა, რაც გულისხმობს ტექნიკური დახმარებას გაწევას და სასურველი ტექნოლოგიების გამოყენების უფლებას.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს - ინკუბატორი თსუ - ში 2015 წლიდან ფუნქციონირებს. იგი შეიქმნა თბილისის მერიის დახმარებით და თსუ-ს საკუთრებაში 2017 წელს გადმოეცა. ფაბლაბი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა: 3D პრინტერები – uPrint 3D და Dual Extruder , Epilog Fusion – ლაზერული დანადგარი, UV Printer – ულტრაიისფერი სხივით საბეჭდი, CNC დანადგარი, 3D სკანერი. მისი ძირითადი დანიშნულებაა მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და სტარტაპების მხარდაჭერა. ფაბლაბის დახმარებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ჩამოაყალიბონ და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები.

ოთო მამუკაშვილი და გიორგი ტატუნაშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები არიან, ისინი გვიყვებიან საკუთარი პროექტებისა და ფაბლაბში მიღებული გამოცდილების შესახებ, მათი თქმით, უნივერსიტეტში ძალიან მალე TSU FAB-Lab Club ჩამოყალიბდება. მასში გაწევრიანება ნებისმიერ თსუ სტუდენტსა და პროფესორს შეეძლება. კლუბში სტუდენტები და პროფესორები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და სხვადასხვა პროექტზე ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას. დღეს კი პროექტების ავტორები საკუთარ ისტორიას „ უნივერსიტეტის “ მკითხველს უყვებიან .

გიორგი ტატუნაშვილი:
FAB-Lab - ში განხორციელებულ პროექტზე მუშაობა მიზნად ისახავდა 12 სტუდენტისაგან შემდგარი საპროექტო გუნდის ფორმირებას. ამ ფორმატით მოხდა ჩვენი გუნდის პროექტის შემუშავებაც, რომელიც ეხებოდა ხის საყურეების დამზადებას ყუთთან ( ზარდახშასთან ) ერთად. პროექტის განხორციელების პროცესის დროს საპროექტო გუნდმა გამოიყენა შესაბამისი სპეციალიზებული ხელსაწყოები , კონკრეტულად : ლაზერული მოწყობილობა ხეზე ჭრისთვის და M imaki მასალაზე საღებავის დასატანად.

გუნდის წევრებისთვის და პირადად ჩემთვის , კონკრეტული პროექტის განხორციელება იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, რადგან მოგეხსენებათ , პროექტის მომზადების მსგავსი ფორმატი სიახლეს წარმოადგენს მთლიანად უნივერსიტეტისთვის და ამ დრომდე ასეთი ღონისძიების განხორციელება შეუძლებელი იყო. პროექტის მიმზიდველობას ასევე განაპირობებდა იდეების გენერირება, ამ იდეების პრაქტიკული ხასიათი , განხორციელებაში უშუალო ჩართულობა , ოპერაციული საქმიანობა და სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქციის შექმნა . “

უშუალოდ ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი პროექტი სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩეოდა, რამაც საბოლოოდ, პროფესორებისა და სტუდენტების დადებითი შეფასება გამოიწვია. პროექტის მომზადების კონკრეტული ფორმატის დახვეწისა და შემდგომი სრულყოფის მიზნით, თითოეულ მონაწილე ჯგუფს გამოეყო ფაბლაბში დანადგარებთან უფასოდ მუშაობა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პროფესორებისა და დამსწრე აუდიტორიის კეთილგანწყობაზე . მოცემულ დროში სტუდენტებს შეუძლიათ მოახდინონ ნებისმიერი იდეის რეალიზება კონკრეტული დანადგარების ფარგლებში. ეს კი გამოიწვევს მათი მოტივაციის ამაღლებას და სამომავლოდ, წარსადგენი პროექტებიც უფრო დაიხვეწება, ამ ეტაპზე კი უკვე დაწყებულია აქტიური სამუშაოები ფორმატის ფორმალიზებისთვის.

ოთო მამუკაშვილი :

ჩვენ სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში მოგვეცა საშუალება აქტიურად გვემუშავა ლაბორატორიაში . უნივერსიტეტში დაინერგა ერთ - ერთი საგანი ,, პრაქტიკული მენეჯმენტი '' რომელიც სხვა საგნებისგან განსხვავდებოდა იმით , რომ ჩვენ ჩვენი ცოდნა და კრეატიული აზროვნების უნარი უნდა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში . აღნიშნული კურსის ფარგლებში ჩვენ სააუდიტორო მეცადინეობების პარალელურად ვმუშაობდით ლაბორატორიაში და ვცდილობდით ჩვენი ბიზნეს იდეები განგვეხორციელებინა პრაქტიკულად , ანუ შეგვექმნა მაკეტი და შემდგომ ლექტორებისა და სხვა დამსწრე სააზოგადოებისთვის მოგვეხსენებინა თუ როგორ ვაპირებდით მის კომერციალიზაციას .

მე როგორც ერთ - ერთი პროექტის მონაწილე აღნიშნული ლაბორატორიის ფუნქციონირებას ჩვენს უნივერსიტეტში ვაფასებ დადებითად და უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ის უდიდესი მნიშვნელობისაა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ყოველი სტუდენტისთვის , რადგან ფაბლაბი ჩვენ გვაძლევს საშუალებას აღნიშნული ( ბიზნეს - ადმინისტრირების ) კურსის განმავლობაში შესწავლილი სალექციო მასალა ( რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ არაა კავშირში ქართულ რეალობასთან , და ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ნაკლებად გამოსაყენებელია სამომავლო პერსპექტივაში ) გამოვიყენოთ პრაქტიკულად .

ასევე გვეძლევა საშუალება გავხდეთ სტარტაპერები, ვაკეთოთ ჩვენთვის საინტერესო საქმე და მოვახდინოთ ამ ყველაფრის კომერციალიზაცია. ლაბორატორიის სტარტაპერებმა ფეისბუქ გვერდიც https://www.facebook.com/TSUFabLab/ შევქმენით, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს ჩვენი ლაბორატორიის შესახებ".

 
სხვა სტატიები »