ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა

თსუ-ში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა
26 მარტი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროგრამების სტუდენტებისთვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრული ინჟინერიის ორი ახალი ლაბორატორია გაიხსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ენტეპი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი და სტუდენტები, საპატიო სტუმრები საქართველოდან და აშშ-დან.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ორი თანამედროვე ლაბორატორია საშუალებას მისცემს ჩვენ სტუდენტებს საერთაშორისო დონეზე დაეუფლონ ცოდნას, შეიძინონ ის უნარები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ გახდნენ კონკურენტუნარიანები. მას შემდეგ, რაც დაასრულებენ სწავლას, სტუდენტები მიიღებენ ორ დიპლომს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომებს. ძალიან სასიხარულოა და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი გოგონა სწავლობს საინჟინრო მიმართულებაზე.“

„STEM დარგების განვითარება და პარტნიორი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანებია. მოხარული ვარ, რომ გავხსენით ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები თსუ-ში, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ზუსტი ასლია. სტუდენტებს აქ შეეძლებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და უკეთ დაეუფლონ საკუთარ პროფესიას“, – განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა ჰალილ გუვენმა.

„ლაბორატორიები ელექტრონულ ინჟინერიაში გაიხსნა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. შედეგად ახალგაზრდებს საშუალება აქვთ კონკურენტუნარიანი იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ.

აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორის კატერინა ენტეპის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი ინფრასტრუქტურა ორივე უნივერსიტეტისთვის, რადგან სწორედ STEM პროგრამებისთვის მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში უკვე მეორე კომპაქტს ახორციელებს. ამ კომპაქტის მთავარი ამოცანაა საქართველოში განათლების სექტორის დახმარება“.

თსუ-ს მეთერთმეტე კორპუსში უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გარემონტდა 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია. ლაბორატორიებში განთავსდა საკლასო ოთახები, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები და სამუშაო სივრცეები. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა ამერიკის შეერთებულ შტატებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების მიხედვითაა მოწყობილი. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის მოემზადონ. ელექტრონული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტის, ანა ლომაშვილის თქმით, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია ის,რომ ლაბორატორიით სარგებლობა მათთვის,როგორც სალექციო, ისე დამატებით საათებშიც იქნება შესაძლებელი.

ანა ლომაშვილი, ელექტრონული ინჟინერია, მე-3 კურსი:
„როგორც იცით, სან დიეგოს უნივერსიტეტმა გახსნა ელ-ინჟინერიის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. მოცემული ტექნიკა საშუალებას იძლევა მცირე ცდომილებებით გამოვიკვლიოთ ელექტრული კომპონენტის პარამეტრები. პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის ფაქტი რომ დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები განებივრებულები არ არიან თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობით, სან დიეგოს უნივერსიტეტმა კი საშუალება მოგვცა ვიმუშაოთ თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაში, რაც საგრძნობლად დაგვეხმარება სამომავლოდ კარიერული წინსვლისთვის.

ეს ლაბორატორიები გამოიყენება, როგორც ელექტრონული, ასევე კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტებისთვის, როგორც აუცილებელი საგანი მაგრამ კარგი ის არის, რომ ლექტორს აქვს დამატებითი საათები, სადაც შეგვიძლია მივიდეთ, ვიმუშაოთ და ლექტორის ხელშეწყობით დავხვეწოთ ჩვენი,როგორც ინჟინრების მონაცემები“, – ამბობს ანა ლომაშვილი.



სხვა სტატიები »