ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის

თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის
27 ოქტომბერი, 2017
U.S.News&World Report-ის 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 359-ე ადგილი დაიკავა. 2018 წლის რანჟირებისთვის განხორციელებულ კვლევებში მსოფლიოს 74 ქვეყნის 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.

U.S.News&World Report უკვე 30 წელია რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. გასულ წელს კვლევაში მხოლოდ 1000 უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

U.S.News&World Report რეიტინგების შედგენისას 13 ინდიკატორს იყენებს, რაც უნივერსიტეტების აკადემიურ კვლევით საქმიანობას და გლობალურ და რეგიონულ  რეპუტაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ  უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში  აშშ ლიდერობს - 221 უნივერსიტეტით, რომელთა შორის პირველ პოზიციაზეა ჰარვარდის უნივერსიტეტი. საქართველოდან რანჟირებაში მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა  359-ე ადგილზე 49.6 ქულით. რანჟირებაში თსუ უსწრებს ისეთ ცნობილ უნივერსიტეტებს, როგორიცაა ვარშავის, ბორდოს, გისენის და სხვა.

U.S.News&World Report მიიჩნევს, რომ გლობალური რანჟირება საუკეთესო მაჩვენებელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლით არიან დაინტერესებულნი და მეტ ყურადღებას აქცევენ უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობას და მსოფლიო რეპუტაციას.
სხვა სტატიები »