ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიები თსუ-ში

საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიები თსუ-ში
20 თებერვალი, 2017
2016 წელს ლაბორატორიების მსოფლიო რუკაზე თსუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab-ი გამოჩნდა. ლაბორატორიამ Fab Lab-ების მსოფლიო ასოციაციაში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა. Fab Lab-ების მსოფლიო ქსელის წევრობა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში განთავსებულ ლაბორატორიას საშუალებას აძლევს აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Fab Lab-ებთან, მიიღოს და გაავრცელოს ინოვაციების დარგში არსებული ცოდნა და გამოცდილება. უნივერსიტეტის Fab Lab-ს უკვე აქვს აქტიური კომუნიკაცია დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში არსებულ სხვა Fab Lab-ებთან. Fabrication Laboratory (FabLab) TSU – სრულიად ინოვაციური დაწესებულებაა ქართულ რეალობაში. სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც თსუ-ში თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშაონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში 21 სექტემბერს სმარტ-ლაბი (SMART Lab) გაიხსნა. უნივერსიტეტში იმედოვნებენ, რომ იულიხის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით შექმნილი ლაბორატორიის გახსნით ქართველი წარმატებული მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას დაედება საფუძველი. ამასთან, თსუ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, თბილისშივე მიიღონ მონაწილეობა იულიხის ცენტრის კვლევებში.

BLOOMBERG-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორიის ტერმინალი თსუ სტუდენტებს აძლევს საშუალებას იყვნენ რეალური დროის რეჟიმში, სტუდენტებმა მიიღონ მაქსიმალური განათლება და ჰქონდეთ ღრმა კვლევები. 19 სექტემბერს გახსნილი დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) აძლევს საშუალებას ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, მოაწყონ მის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულ რეალურ ლაბორატორიებში დაეუფლონ ცოდნას და შეძლონ ამ ცოდნის ტესტირება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სხვა სტატიები »