ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერის წიგნი კემბრიჯის გამომცემლობამ გამოსცა

თსუ მეცნიერის წიგნი კემბრიჯის გამომცემლობამ გამოსცა
27 დეკემბერი, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორის, კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ცისკარიძის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოსცა. ალექსანდრე ცისკარიძესთან ერთად მისი თანაავტორ-რედაქტორები არიან ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტიდან არნე ლინდგრენი და ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტიდან ადნან ქურეში. წიგნი ელქტრონული ფორმატით უკვე დევს „კემბრიჯ ქორის“ ონლაინ ბაზაში, რომელიც სრულიად ახალ პლატფორმას წარმოადგენს კემბრიჯის აკადემიური გამოცემების გასაერთიანებლად. ალექსანდრე ცისკარიძეს სწორედ მისი წიგნის შესახებ ვესაუბრეთ.
_ ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება დავაზუსტოთ, ვინ არის წიგნის სამიზნე აუდიტორია და რა კონკრეტულ შედეგზე შეიძლება საუბარი მისი გამოქვეყნების შემდეგ?
_ წიგნის სამიზნე აუდიტორიას, პირველ რიგში, წარმოადგენენ ექიმები-კლინიცისტები. რადგან მასში მოცული პრობლემები ძალზე პრაქტიკული სახის და კლინიკური საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, კი იგი იმ ექიმებისათვისაა განკუთვნილი, ვისაც ინსულტის დიაგნოსტირება და მკურნალობა უწევს. ძირითადად ეს ნევროლოგები და გადაუდებელი დახმარების ექიმები არიან, თუმცა, ამ წიგნში ინსულტის ისეთი ასპექტებიც არის განხილული, რომელიც ნევროლოგის გარდა სხვა პროფილის ექიმსაც შეიძლება შეხვდეს პრაქტიკაში, დაწყებული რეანიმატოლოგით ან კარდიოლოგით, დამთავრებული ქირურგით ან მეან-გინეკოლოგით. ასე მაგალითად, წიგნში ერთ-ერთი თავი ეძღვნება ინსულტს სამეანო პროფილის პაციენტებშიც (ორსულები, მშობიარები ან მელოგინეები). ამგვარი შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ გვხვდება და შესაბამისი დარგის სპეციალისტმა უნდა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას. ინსულტის განვითარების შემთხვევები არც თუ იშვიათად შესაძლოა შეგხვდეს სხვადასხვა სამკურნალო-სადიაგნოსტიკო პროცედურის ჩატარების დროს. მაგალითად, მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენშიც, ძალიან გავრცელებული ე.წ. ინვაზიური სადიაგნოსტიკო მეთოდია გულის გვირგვინოვანი არტერიების ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია), რასაც საკმაოდ ხშირად მოჰყვება სამკურნალო პროცედურაც (სტენტირება), რაც გარკვეულ შემთხვევაში (მართალია, ძალიან იშვიათად) შეიძლება გართულდეს იშემიური ინსულტით. ინსულტი შესაძლოა მოჰყვეს ასევე სხვადსხვა ქირურგიულ ოპერაციებს სისხლძარღვებზე, შინაგან ორგანოებზე, ნეიროქირურგიულ ოპერაციებს, ენდოვასკულურ ჩარევებს, თვით ინსულტის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ ჩატარებულ ღონისძიებებს. მედიკამენტურ მკურნალობასაც ზოგჯერ ახლავს გარკვეული გართულებები თუ გვერდითი მოვლენები, ზოგჯერ ინსულტის სახითაც. მაგალითად, ზოგიერთი დაავადების საპროფილაქტიკოდ ან სამკურნალოდ გამოიყენება სისხლის გამათხელებელი ან თრომბის დამშლელი საშუალებები, რასაც შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა, მათ შორის სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ანუ ესეც გახლავთ მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტის (ამ შემთხვევაში ჰემორაგიული), ერთ-ერთი სახე. სხვადასხვა ორგანოს ავთვისებანი სიმსივნეების დროს ძალიან ხშირად და საკმაოდ ეფექტიანად გამოიყება ქიმიო- და სხივური თერაპია. მასაც ზოგჯერ ახასიათებს გართულებები იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტების სახით. მანუალურმა თერაპიამაც კი, მისი არასწორად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დაზიანება და კვლავ ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც, ინსულტის განვითარების საშიშროება. ანუ არსებობს მკურნალობასთან დაკავშირებული გართულებები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ინსულტის სხვადასხვა სახეები. ვინაიდან ჩვენს ეპოქაში სულ უფრო მატულობს მკურნალობის ეფექტიანი, ამავდროულად `აგრესიული~ მეთოდების განვითარება და დანერგვა, სულ უფრო მეტ პაციენტს უტარდება უაღრესად მაღალი სირთულის დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურები, ცხადია იზრდება ამ მეთოდების გვერდითი მოვლენების თუ გართულებების სიხშირეც. ბუნებრივია, ექიმი ყოველივე ამის შესახებ კარგად გაცნობიერებული უნდა იყოს და ისიც ზედმიწევნით კარგად იცოდეს თუ რა სახის რეაგირება მოახდინოს ამგვარ სიტუაციებში.
_ კერძოდ რა განასახვავებს ამ წიგნს მსგავსი პროფილის, ტიპის სახელმძღვანელობისა თუ მონოგრაფიისაგან?
_ ძალიან ბევრი მონოგრაფია, წიგნი და გაიდლაინია ნევროლოგიის სფეროში ინსულტის მკურნალობის მიმართულებით, თუმცა თითოეული მათგანი დროის განმავლობაში ძველდება. კლინიკური მედიცინა მუდმივად, ამასთან უაღრესად მაღალი ტემპით განვითარებადი დარგია, რასაც ფეხდაფეხ უნდა მიყვეს დარგის პროგრესის ამსახველი საინფორმაციო, მათ შორის, ბეჭდვითი პროდუქცია, რათა პრაქტიკოსმა ექიმმა დროულად მიიღოს ყველაზე თანამედროვე ინფორმაცია, შეიძინოს და განაახლოს ცოდნა. ამ წიგნს სხვებისგან განასხვავებს ის, რომ მასში მოტანილი ძალიან ბევრი საკითხი შეეხება უახლეს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ტექნოლოგიებს. მკურნალობის და დიაგნოსტიკის ის საშუალებები, რომელიც ადრე არ არსებობდა, ძალიან სწრაფად ინერგება და ვითარდება. ბუნებრივია, ამ მეთოდებს ახლავს გვერდითი მოვლენები და გართულებებიც. მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ადრინდელ სახელმძღვანელოებში საუბარი თუნდაც იმიტომ არ იყო, რომ ადრე თავად ასეთი სახის მეთოდები არ არსებობდა ან ნაკლებად იყო განვითარებული და დანერგილი. ამის მაგალითად გამოდგება ენდოვასკულური პროცედურები სხვადასხვა სისხლძარღვოვანი თუ არა სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს. ეს მეთოდები კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ბოლო წლებში წარმოუდგენლად გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა ვისაც ამ სახის მკურნალობა უტარდება. იგივე შეიძლება ითქვას ქიმიო- და სხივურ თერაპიაზე. ამ სახელმძღვანელოში მოწოდებულია მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია ასეთ შემთხვევებში ინსულტის, როგორც გართულების, პრევენციაზე, გართულების შემთხვევაში კი მის დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე. ამიტომაც არის ეს თემატიკა ძალიან აქტუალური, და იმის გამო, რომ წარსულში იგი სისტემური შესწავლის ობიექტი არ გამხდარა, აქამდე ერთ მონოგრაფიაში მოცული არც ყოფილა.
_ მოხდა თუ არა თქვენთან ამ პროექტის გარშემო მინესოტასა და შვედეთის უნივერსიტეტების წარმოამდგენელ პროფესორებთან გაერთიანება კონკრეტულად ამ სახელმძღვანელოს გამო, თუ მანამდეც გქონდათ განხორციელებული რაღაც სახის ერთობლივი პროექტები?
_ ამ კონკრეტული პროექტის გამო მიზნობრივად გავერთიანდით. თუმცა, ეს მეცნიერები გახლავან ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები, რომელებსაც კარგად ვიცნობ ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე. როდესაც ამ წიგნის გამოშვების იდეა გაჩნდა, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო კემბრიჯის გამომცემლობაც. ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ წიგნის შექმნაში და რედაქტირებაში მონაწილობას მიიღებდნენ ის ადამიანები ვისაც განსაკუთრებული სამეცნიერო თუ პრაქტიკული ინტერესი ჰქონდა სახელმძღვანელოში მოტანილი საკითხებისადმი. ასევე შევთანხმდით, რომ წიგნის თითოეული თავის ავტორად მოგვეწვია მხოლოდ დარგის წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით. თავდაპირველად მე და ჩემმა შვედმა თანაავტორმა, პროფესორმა ლინდგრენმა, რომელთან ერთადაც რამდენიმეჯერ მომიწია თანათავმჯდომარეობა წიგნში ასახული თემატიკისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიებზე ინსულტის ევროპულ და მსოფლიო კონგრესებზე, კემბრჯის საგამომცემლო საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ პროექტის შესრულებაში თანარედაქტორად ჩაგვერთო აშშ-ის რომელიმე უნივერსიტეტის წარმომადგენელიც, რადგან ეს საკითხები ამერიკაში განსაკუთრებით აქტიურად შეისწავლება. ადნან ქურეში კი ამ დარგის და ზოგადად `ინსულტოლოგიის~, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია. სახელმძღვანელოზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, რასაც სამ წელიწადზე მეტი მოვანდომეთ.
_ რამდენადაც ვიცით ეს წიგნი უკვე შეტანილია კემბრიჯის ბაზაში „კემბრიჯ ქორი“, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება იგი დაინტერესებული პირებისთვის. ამას გარდა სად შეიძლება კიდევ მისი მოძიება?
_ წიგნის მოძიება შესაძლებელი იქნება ინტერნეტ საიტებზე, პირველ რიგში თვით კემბრიჯის უნივერისტეტის გამომცემლობის საიტზე, აგრეთზე „ამაზონზე“. მსგავს სახელმძღვანელოებს, როგორც წესი, იძენენ უნივერსიტეტები, კლინიკები, ინდივიდუალურად ექიმები და მეცნიერები. წიგნი აგრეთვე გაიყიდება სამედიცინო ლიტერატურის სპეციალიზებულ მაღაზიებში და საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო კონგრესებსა და კონფერენციებზე, სადაც როგორც წესი ეწყობა ბეჭდვითი პროდუქციის თემატური გამოფენა-გაყიდვა.
_ თუ არის საუბარი სახელმძღვანელოს ქართულად თარგმნის თარიღებზე და რამდენად საჭიროა ეს?
_ სახელმძღვანელოს თუ მონოგრაფიიის სხვა ენაზე თარგმნა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცედურაა. პირველ რიგში გამომცემლობისგან შესაბამისი უფლებების ყიდვაა საჭირო; შემდგომ იწყება თარგმნის და რედაქტირების პროცედურა სანამ წიგნი საბოლოოდ გადაიცემა დასასტამბად. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს ექიმ-სპეციალისტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოა და კლინიკური მედიცინის იმ საკითხებს ეხება, რომელიც ძალიან დინამიურად და სწრაფად ვითარდება. ამიტომ მის თარგმანთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოძველებული პროდუქტი და წიგნის ავტორები უკვე ახალი რედაქციის გამოშვებაზე ვიყოთ შეთანხმებული. ზოგადად ეს პრობლემა ყველა დარგშია, მაგრამ მედიცინაში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან იგი პრაქტიკული, გამოყენებითი დარგია და ახალი ინფორმაცია მყისიერად უნდა დაინერგოს. ინგლისური საერთაშორისო სამედიცინო-სამეცნიერო ენაა (რომელსაც, ჩემი აზრით, ნებისმიერი თანამედროვე ექიმი უნდა ფლობდეს, იმ დონეზე მაინც, რომ შეეძლოს სამედიცინო ლიტერატურის გაცნობა), რომლის მეშვეობითაც ექიმს შეუძლია მაქსიმალურად ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია მისთვის საჭირო თემაზე. თუ იგი თარგმანს დაელოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ოთხი-ხუთი წლით ჩამორჩება პროცესებს, რისი ფუფუნების საშუალებაც მედიცინაში სამწუხაროდ არა გვაქვს. თუ შენ ცოდნა დროულად არ განაახლე, მაშინ არაფერი გესაქმება ამ სფეროში და შენი სპეციალიზაცია არავის სჭირდება.

სხვა სტატიები »