ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქართული ექსპედიცია კვიპროსზე

ქართული ექსპედიცია კვიპროსზე
26 დეკემბერი, 2016
გასულ თვეში თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის არქეოლოგთა მიერ კუნძულ კვიპროსზე უაღრესად საინტერსო ექსპედიცია განხორციელდა. მისი მიზანი კუნძულ კვიპროსზე ქართული კვალის მიკვლევა იყო.
ალამინო, სადაც ქართული ექსპედიციის მიერ 5-26 ნოემბერს არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლარნაკას დასავლეთით 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დაბალი ბორცვებით შემოსაზღვრულ სწორ მინდორზე, რომელიც ამჟამად სახნავ-სათესად გამოიყენება, ეკლესიის მცირე ნანგრევი იდგა. კვლევის მონაწილეების მიზანი იყო იმის დადგენა, იყო თუ არა ამ ადგილებში სამონასტრო ცხოვრება საერთოდ და რამდენად იყო დაკავშირებული იგი ქართველთა მოღვაწეობასთან.
როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ლიჩელი აღნიშნავს, ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იყო. ფინანსურად კი მთლიანად საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის მიერ იყო უზრუნველყოფილი. კუნძულ კვიპროსზე არქეოლოგიური გათხრების წარმოების ნებართვა კვიპროსის კულტურის სამინისტრომ/კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გასცა ვახტანგ ლიჩელის სახელზე. „2015 წელს ჩვენ წინასწარული არქეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოები ჩავატარეთ კუნძულ კვიპროსის იმ ადგილებში, რომლებიც საისტორიო წყაროებისა და ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, ქართველ სასულიერო პირთა მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. მათ შორის იყო სოფელი ალამინო, სადაც ისტორიკოს სოფო ლაჭყებიანის მიერ მოძიებული ცნობების მიხედვით, სტეფანე ლუზინიელი (თხზულება გამოცემულია პარიზში 1580 წელს) ქართულ მონასტერს იხსენებს: `(იბერებს) ჰქონდათ კუნძულზე რამოდენიმე მონასტერი, ძირითადად, სოფელ ალამინოს მახლობლად“, _ განმარტავს ვახტანგ ლიჩელი.
ექსპედიციის მონაწილეებიდან ორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი: გიორგი გაგოშიძე, ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; ზურაბ გიორგაძე, ამავე სააგანტოს არქეოლოგიური სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო. დანარჩენი წევრები კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტები იყვნენ: კობა კობერიძე, სულიკო კოხრეიძე, დავით ნასყიდაშვილი, დავით გაგოშიძე, ბორის გელაშვილი, თამარ ლეჟავა, ალექსანდრე ჭუმბურიძე.
როგორც არქეოლოგები აღნიშნავენ, მუშაობის პროცესს, მისი დაწყების მომენტიდან მორიდებით, მაგრამ დიდი ინტერესით აკვირდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ექსპედიციის წევრი სტუდენტების მიერ გაწეული შრომა და მისი შედეგი - წმინდა გიორგის ეკლესია ნახეს, მოხდა მოულოდნელი რამ _ სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც მინდორში დადიოდნენ სამუშაოდ, ყოველდღიურად უხვი საჩუქრებით (ვისაც რა ჰქონდა) მიდიოდნენ მათთან. თავის მხრივ, ქართველები საქართველოს შესახებ აქედან წაღებულ ბროშურებს ურიგებდნენ.
„შედგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ჩვენ მივაკვლიეთ და თითქმის მთლიანად შევისწავლეთ ეკლესია და მის გარშემო გამართული 14 სამარხი. ეკლესია, სამარხების მსგავსად წინასწარულად XIV-XVI საუკუნეებით თარიღდება. თუმცა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აქვე არის აღმოჩენილი გაცილებით ძველი, XII-XIII საუკუნეების ფრაგმენტებიც, რაც ზუსტად ემთხვევა ქართველთა აქტიური მოღვაწეობის ხანას კვიპროსზე. ეკლესიის ინტერიერი შემკული აღმოჩნდა პილასტრებითა და მერხით, ხოლო იატაკი მარმარილოს ფილებით იყო მოგებული. სავარაუდოა, რომ ეკლესია ერთხელ მაინცაა გადაკეთებული და, ამიტომ, იატაკის ფილები ამოყრილია. თითქმის ყველა სამარხში აღმოჩნდა ულამაზესი მოჭიქული კერამიკა. საინტერესოა, რომ მიცვალებულთა დაკრძალვის წესი, რიგ შემთხვევაში, აქ ისეთივეა, როგორიც ჩვენ გრაკლიან გორაზე აღმოვაჩინეთ. კონკრეტულად ამ ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები პირველად ჩატარდა. გათხრილი ფართობი მთლიანად შემოღობილია, ტერიტორია დაცულია და დაკონსერვებული ჩვენ მიერ. გათხრების მიმდინარეობის პროცესი ორჯერ ინახულა სააგენტოსა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ და რამდენადაც ვიცი, სამუშაოები დადებითად შეფასდა “, _ აცხადებს ლიჩელი.
ექსპედიციის ხელძღვანელი სააგენტოს, ფონდის და სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, თანადგომისათვის მადლობას უხდის კვიპროსელი ქართველების სულიერ მოძღვარს მამა ზაქარიას და საქართველოს ელჩს კვიპროსზე რევაზ ლომინაძეს, რომელმაც ძალზე ბევრი გააკეთა ექსპედიციის წარმატებული შრომისათვის პირობების შესაქმნელად.

სხვა სტატიები »