ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული თსუ სტუდენტები ხის სათამაშოების ბიზნესს აწყობენ

„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული თსუ სტუდენტები ხის სათამაშოების ბიზნესს აწყობენ
20 დეკემბერი, 2016
უნივერსიტეტელმა მეგობრებმა ერთობლივი ბიზნესის დაწყების იდეის საქმედ ქცევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ფაბლაბის შესაძლებლობების შესახებ გაიგეს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტმა საბა ღუდუშაურმა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ზურაბ გომიაშვილმა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა სოფო ხიმშიაშვილმა ხის სათამაშოების წარმოება გადაწყვიტეს. ამის შესაძლებლობას თსუ მეათე კორპუსში არსებული ბიზნეს-ინკუბატორის ტექნიკა და დანადგარები იძლეოდა. ექსპერიმენტი საკმაოდ მალე, დიდი წარმატებით, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მოგებით დასრულდა.

როგორც საბა ამბობს, მას და მის მეგობრებს იდეა საინტერესოდ იმის გამოც მოეჩვენათ, რომ აქტიური ურთიერთობა მოუწევდათ ბავშვებთან და საბავშვო ბაღებთან. საცდელად რამდენიმე სათამაშოც დაამზადეს, რომელთაგან ერთ-ერთი „ფაზლის“ სახით დამზადებული საქართველოს რუკა გახლდათ. რუკა საკმაოდ მარტივად იშლებოდა და იწყობოდა და, შესაბამისად, ბავშვიც საკმაოდ მარტივად ითვისებდა, თუ სად მდებარეობდა საქართველოს ესა თუ ის კუთხე.

სულ მალე ტექნოპარკმა კონკურსი _ დაიწყე „ბიზნესი ფაბლაბთან“ ერთად გამოაცხადა, რომელშიც გუნდმა მონაწილეობა მიიღო და საკმაოდ კარგი მონაცემებიც აჩვენა. როგორც საბა ამბობს, კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან „თბილისი მოლში“ გამართული ბაზრობისას თავისი პროდუქციის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სწორედ მათმა კომპანიამ, „''Georgian Factory“-მ აჩვენა. კონკურსში მონაწილე 500 კომპანიიდან `საბოლოოდ~ მაშინ 20 შეირჩა, რომელთაგან ერთ-ერთი საბას გუნდიც იყო.

ამის შემდგომ, პრემიერ მინისტრის ინიციატივით, მალე ახალი კონკურსი, „სტარტაპ საქართველო“ გამოცხადდა. „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამას მთავრობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს. ''Georgian Factory“-მ, სხვა რამდენიმე ფინალისტთან ერთობლივად, ამ კონკურსში სოლიდური დაფინანსება მოიპოვა.


 



   









კომპანიაზე არჩევანი, საბას განმარტებით, მათ მიერ ქართული სათამაშო პროდუქციის წარმოებისა და შშმ პირთა აზრის კვლევაზე აქცენტის გაკეთების გამო გადაწყდა. შშმპ-ებთან თანამშრომლობა, საბას განმარტებით, მათთან აქტიური კონტაქტის საშულებით იმის გარკვევას გულისხმობს, თუ რა სახის პროდუქცია, სათამაშოა მათთვის უფრო მისაღები და საინტერესო. გარდა ამისა, ახალგაზრდა მეწარმეები სათამაშოებზე მათთვის შეღავათიანი ფასის დაწესებასაც აპირებენ. ამ დროისთვის, კომპანიის წარმომადგენლებს აქტიური კონტაქტი აქვთ ერთ-ერთ სკოლასთან, სადაც მხედველობადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ.

იმის დასატესტად, თუ რა სახის ხის სათამაშოები უნდათ ბავშვებს და მათ მშობლებს, საბას და მის მეგობრებს სხვადასხვა აქტივობა აქვთ დაგეგმილი. მათ შორისაა ფეისბუქი, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდა მეწარმეები მომხმარებელს უკვე არსებულ პროდუქციაზე მაქსიმალურ ინფორმაციას და ახლის დამზადებაზეც იდეებს შესთავაზებენ. პროდუქციის რეალიზების საშუალებად, ტრადიციული გზების გარდა, ''Georgian Factory“-ის წარმომადგენლებს სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებიც მიაჩნიათ.

კონკურსის შედეგად აღებული თანხის დიდი ნაწილი (სადღაც 67 ათას ლარამდე) ახალგაზრდა კომპანიის წევრების მიერ სათამაშოების დასამზადებლად საჭირო დანადგარზე დაიხარჯება, რომლის ჩამოტანასაც აშშ-დან ელოდებიან. თანხის ნაწილი გადანაწილდება კომუნალურ და მასალის ხარჯებზე და პირველი რამდენიმე თვის ხელფასზე, რათა სანამ ახალგაზრდები თავისი პროდუქციის წარმატებით რეალიზებას შესძლებენ, საქმიანობაში შეფერხება არ ჰქონდეთ. როგორც საბა ამბობს, საწყის ეტაპზე, ხარჯების დასაზოგად, საქმიანობაში მათი სამეგობრო და სააახლობლოა ჩართული. კომპანიაში ხალხის დამატებას კი ბიზნესის გაფართოვების შემდგომ გეგმავენ.

ახალგაზრდების მიერ უკვე შექმნილი სათამაშოებიდან, ყველაზე პოპულარული თავსატეხის სახით სხვადასხვა კუთხეებით აწყობილი საქართველო აღმოჩნდა. მართალია ''Georgian Factory“-ის პროდუქცია სამ წელს ზემოთ ასაკის ბავშვებზეა გათვალისწინებული, მაგრამ ეს სათამაშო დიდი სიამოვნებით მოზრდილებმაც შეიძინეს. მათ შორის ნაწილმა ოფისის გასაფორმებლად.

სხვა სტატიები »