ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტების საინტერესო პროექტები თბილისის ურბანული სივრცის გაუმჯობესებისთვის

თსუ სტუდენტების საინტერესო პროექტები თბილისის ურბანული სივრცის გაუმჯობესებისთვის
16 ნოემბერი, 2016
ურბანული სივრცე დონაციის აპარატით, ლედ ეკრანებითა და მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებით, სკამები, რომლებიც თბილი წყლის ცირკულაციის დახმარებით თბება და ზამთარში სკვერს სოციალური სივრცის ფუნქციას უნარჩუნებს  _ ეს თსუ სტუდენტების პროექტებია, რომლებიც წელს „მეიქათონის“ კონკურსის საუკეთესო 15 ნამუშევარს შორის მოხვდა. თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული კონკურსის ფარგლებში, მონაწილე გუნდებმა თბილისის განვითარების ურბანულ-ინოვაციური იდეები წარმოადგინეს. 165 გუნდიდან ფინალური ეტაპისთვის 15 საუკეთესო იდეის მქონე გუნდი შეირჩა, მათ შორის ორი იდეის ავტორი თსუ სტუდენტები, ვაჩე გუნდიშვილი და ენდი ჭელიძე არიან. თსუ რექტორმა ორივე მათგანს ფულადი ჯილდო გადასცა.სტუდენტების იდეები თსუ „ფაბ-ლაბში“ განთავსებული დანადგარების მეშვეობით სამგანზომილებიან მოდელებად გადაიქცა. ეთნოლოგიის მიმართულების სტუდენტი ვაჩე და სოციოლოგი ენდი მომავალშიც აპირებენ „ფაბ-ლაბთან“ თანამშრომლობას და ახალი იდეების განხორციელებას, ისინი გვიყვებიან საკუთარი იდეებისა და იმ გზის შესახებ, რაც მათ ამ კონკურსამდე გაიარეს.

ვაჩე გუნდიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი _ ეთნოლოგიის მიმართულება, მეოთხე კურსი:
2012 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პირველივე სემესტრის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი ინტერესები შეიცვალა და შიდა საუნივერსიტეტო მობილობით გადავედი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე _ ეთნოლოგიის მიმართულებაზე. ლექტორების და სემინარის ხელმძღვანელების პროფესიონალურმა, ინდივიდუალურმა მიდგომამ ბავშვებისადმი და სწავლისათვის კომფორტულმა გარემომ ჩემზე დადებითად იმოქმედა და მიბიძგა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისაკენ. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში და ჩემი ნაშრომი შელოცვების შესახებ სამეცნიერო კრებულშიც მოხვდა. უნივერსიტეტმა ჩემი იმედები გაამართლა.
„მეიქათონის“ შესახებ უნივერსიტეტში გავიგე. საჭირო იყო შეგვექმნა ურბანული ელემენტი, რომელიც თბილისს დადებითად წაადგებოდა და შეიტანდა წვლილს მის უკეთ განვითარებაში. პირობებს გავეცანი და პროექტის იდეა მალევე გამიჩნდა. მეგობრებთან იდეის განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ღირდა მისი განხორციელება, მით უმეტეს, რომ მყავს მეგობარი, რომელმაც შეძლო ტექნიკურ საკითხებში დამხმარებოდა. იდეის ფურცელზე და სამგანზომილებიან პროგრამაში გადატანის შემდეგ, შევავსეთ კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო აპლიკაცია. შედეგებმა არ დააყოვნა და შეგვატყობინეს, რომ ჩვენი პროექტი თხუთმეტეულში მოხვდა.
პროექტზე  _ ,,ShelChair'' ოთხი დღის განმავლობაში ვმუშაობდით. ის წარმოადგენს სკვერის სკამს, რომელიც თბილი წყლის ცირკულაციის დახმარებით თბება; შესაბამისად ზამთრის პირობებშიც ნარჩუნდება სკვერების, როგორც სოციალური სივრცის ფუნქცია. სკამს სხვა ფუნქციებიც გააჩნია: ის წარმოადგენს ველოსიპედის სადგომს და დენის წყაროს. პროექტში ყურადღება ცხოველებსაც დავუთმეთ და მათთვის გასათბობი ადგილი დავამატეთ. შედეგად მივიღეთ საკმაოდ კომპაქტური და ეკონომიური სკამი, რომელიც რამდენიმე ფუნქციას მცირე ენერგიის ხარჯზე ითავსებს. პროექტზე ვმუშაობდით ორნი: მე და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის მიმართულების სტუდენტი ლევან ქართველიშვილი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბ-ლაბში, სხვადასხვა დანადგარების საშუალებით დავამზადეთ მცირე ზომის მაკეტი, რომელიც მოიცავდა სკამის სამ განზომილებიან მოდელს და გარემოს დეტალებს.
პროექტების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „ბილთმორის“ საპრეზენტაციო სივრცეში. იმის მიუხედავად, რომ საპრიზო ადგილებზე ვერ მოვხვდით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ თავად გადმოგვცა წამახალისებელი საჩუქარი აქტიურობისათვის.
გარდა ამისა, გადმოგვეცა „ფაბ-ლაბის“ ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ მომავალ პროექტებზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ვიმუშაოთ.
მსგავსი პროექტები არა მხოლოდ ახალისებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, არამედ სტუდენტებს აძლევს თვითგამოხატვის და თავის წარმოჩენის საშუალებასაც.
ამჟამად, ვმუშაობ ჩემს პროექტზე  _ “Monkey Business boards”, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკეიტბორდების პოპულარიზაციას. “Monkey Business boards”-ის დაფები არის ქართული პროდუქტი, რომელსაც უკვე მრავალი მფლობელი გამოუჩნდა საქართველოში და არა მარტო. ვაპირებ საქმიანობის გაფართოებას და თანამედროვეობისთვის კონკურენტუნარიანი „ლონგბორდების“ და „კრუიზერების“ წარმოებას სწორედ აქ, სადაც სპორტის ეს სახეობა მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს.
ენდი ჭელიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2013 წელს ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, აღნიშნულ ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერების გაგრძელებას ვაპირებდი, თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სოციოლოგია არის ის სფერო, სადაც ჩემს მომავალს ვხედავ.
ეს მიმართულება არ ეხება მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხს, არ ზის ჩარჩოებში. გვაქვს ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ცხოვრების ნებისმიერი სფეროდან. ვსწავლობ და ვუყურებ არსებულ მოვლენებს „სხვა“, სოციოლოგიური თვალით. თსუ იყო და ითვლება ნომერ პირველ უნივერსიტეტად საქართველოში და ამაში დავრწმუნდი მაშინ, როდესაც უნვიერსიტეტის კარი შევაღე. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ ან წაგიკითხავთ უკმაყოფილო სტუდენტების შესახებ, თუმცა არსებული პრობლემების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ის ადგილია, სადაც საქართველოში ყველაზე ხარისხიან განათლებას ვიღებთ, თუმცა გვსურს უკეთესი.
მეიქათონი თსუს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანს წარმოადგენდა ურბანული ელემენტის პროტოტიპის შექმნა. თსუ-ს ფაბ-ლაბზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ მე და ჩემმა გუნდელმა მექი გიორგაძემ, რომელიც გრაფიკული დიზაინერი და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, გადავწყვიტეთ, ჩვენი იდეებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, შეგვექმნა ჯგუფი "KickArt''-ი და მონაწილეობა მიგვეღო მეიქათონის კონკურსში.
პირველი ეტაპი იყო „ბრეინ სთორმინგი“, სადაც იდეების გენერირება მოხდა, გადავარჩიეთ საუკეთესო, რის შემდეგაც მექიმ შექმნა იდეის 3D მოდელი, რომელიც საუკეთესო 15 პროექტს შორის აარჩიეს. ბოლო ეტაპზე კი ფაბ-ლაბის დანადგარების გამოყენებით, ლაზერული მჭრელითა და 3D პრინტერით ხორცი შეესხა ჩვენს იდეას.
ჩვენი პროექტი არის მაღალტექნოლოგიური საგამოფენო სივრცე, რომელიც მოიცავს სამ ელემენტს: 1. საგამოფენო სივრცეს დონაციის აპარატით და ლედ ეკრანებით; 2. ინოვაციური სკამი, მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებით, რომლითაც მობილურების და ლეპტოპების დამუხტვას შეძლებენ, მაღალსიჩქარიან WIFI-ს და ველოსიპედის პარკინგს; 3. პროექტის მესამე ელემენტია ბევრი სიმწვანე.
იდეის სახელწოდებაა ''KickArt" -ი და ამით მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ „უბიძგონ ხელოვნებას“!
იდეის არსი შემდეგნაირია: ადამიანი ეწვევა ამ ადგილს (მათ შორის ველოსიპედით, ველოპარკინგი კი საშუალებას მიცემს უპრობლემოდ დააბინავოს ველო), დაათვალიერებს ნამუშევრებს (ნამუშევრები წინასწარ შეირჩევა და ახალი ნამუშევრების წარდგენას სისტემატიური სახე ექნება. ლედ ეკრანები მცირე ენერგიას მოიხმარს და საკმაოდ ეკონომიური იქნება, როგორც ენერგიის დაზოგვის მხრივ, ასევე ახალი ნამუშევრების განთავსების მხრივაც), შემდგომ შეძლებს, სურვილისამებრ, მოწონებულ ნამუშევარს გადაურიცხოს თანხა და, რაღა თქმა უნდა, დაისვენებს სიმწვანეში, ხელმისაწვდომი ექნება სწრაფი ინტერნეტი და ელექტროენერგია.
ურბანული სივრცე ახალგაზრდებისთვის იქცევა თვითგამოხატვის საშუალებად. ქართველ ხელოვანებს მათი ნამუშევრების წარდგენით, მისცემს თანხის გამომუშვების შესაძლებლობას. ტურისტებს სხვა კუთხით გააცნობს ქართულ კულტურას. შედეგად მივიღებთ ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებულ, კულტურისა და ხელოვნების გამაჯანსაღებელ გარემოს.
აღნიშნული იდეის მაკეტზე მუშაობისთვის ხელსაყრელი გარემო თსუ-ს ფაბ-ლაბმა სამი დღის განმავლობაში შეგვიქმნა. მოგვაწოდა ყველანაირი რესურსი და ტექნიკა, ასევე გვეხმარებოდნენ არსებული პირობების მიზანმიმართულად და სწორად გამოყენებაში, შედეგად შევძელით ჩვენი იდეა რეალობად გვექცია და წარგვედგინა ჟიურის წინაშე.
მოულოდნელი აღმოჩნდა თსუ-ს რექტორის, ბატონი გიორგი შარვაშიძის განცხადება, რომ ჩვენ მივიღეთ თსუ-ს ფულადი პრიზი, რამაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებიც გააკვირვა, რადგან აღნიშნული პრიზის შესახებ ინფორმაცია კონკურსანტებს არ გვქონდა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ბატონი გიორგი შარვაშიძე დაინტერესდა ჩვენი პროექტით და დაგვპირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა, მაღლივში დაგეგმილ პროექტებთან ერთად დაგვეხმარებოდა ჩვენი იდეის განხორცილებაშიც. ვიმედოვნებ, რომ მალე გადავალთ მოლაპარაკების ეტაპზე და მოგვეცემა შანსი აღნიშნული პროექტი რეალობად ვაქციოთ. თუმცა, ჩვენ აქ გაჩერებას არ ვაპირებთ. მექი სტარტაპერია, შესაბამისად ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, რომლის პიარსა და მარკეტინგში მეც აქტიურად ვარ ჩართული. ვგეგმავთ მრავალი იდეის განხორციელებას და კიდევ ბევრ კონკურსში ერთობლივ მონაწილეობას.
როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, ახალგაზრდები მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და ახალი ტექნოლოგიების უკეთ ათვისებას და ახალი პროექტების შექმნას გეგმავენ.

სხვა სტატიები »