ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის აპლიკაციის ავტორები მეორე კურსის სტუდენტები არიან

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის აპლიკაციის ავტორები მეორე კურსის სტუდენტები არიან
20 ოქტომბერი, 2016
თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობენ ახალგაზრდები, რომლებმაც გადაწყვიტეს აბიტურიენტებისთვის სწავლა გაეიოლებინათ და ამ მიზნით სპეციალური აპლიკაცია შეექმნათ. იდეის საქმედ ქცევას, დაახლოებით, ერთ წლამდე მოანდომეს და დღეს მეორე კურსელთა აპლიკაციით დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და ტესტირების უნარების სრულყოფა შეუძლიათ.
აპლიკაციის ავტორები დავით სოსელია და ლუკა ლომთაძე არიან. აპლიკაცია naec-ის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც დამზადდა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა დასახმარებლად.
იდეის ავტორი, პროექტის მენეჯერი და IOS დეველოპერი დავით სოსელიაა, მან თავის მეგობართან ანდრო გვივრაძესთან გიგა ვაშაკიძესთან, ნიკა მინაშვილთან და ლუკა ლომთაძესთან ერთად შექმნა აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტებს მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებისთვის კითხვების ნიმუშებსა და გამოცდების პროგრამას სთავაზობს.
ახალგაზრდები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ – მათი თქმით, აპლიკაციას ახლო მომავალში ახალი ფუნქციები, მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო კითხვების ნიმუშები დაემატება და, ბეტა ტესტინგის დასრულების შემდეგ, კითხვების ბაზა მრავალჯერადად გაიზრდება. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის IOS App Store და Android Play Market-ზე.
პროექტი 2016 წლის გამოცდებისათვის უკვე იყო ტესტირების რეჟიმში და მომხმარებლებისაგან დადებითი შეფასება (რეიტინგი 5/5) დაიმსახურა. ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, მანამდე კი პროექტის იდეისა და განხორციელების შესახებ დეტალებზე დავითი და ლუკა გვესაუბრებიან.
დავით სოსელია, თსუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, კომპიუტერული ინჟინერია, მეორე კურსი: „ამერიკაში, თუ სხვა წამყვან ქვეყნებში არსებობს ბევრი აპლიკაცია, რომელიც უმარტივებს ბავშვებს სწავლას და გამოცდებისთვის მომზადებას. ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში შევატყვეთ, რომ საქართველოში ასეთი სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებდა სწავლის პროცესს და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ეს იდეა პროექტად ჩამოვაყალიბე.
პროექტის პლატფორმად შევარჩიე სმარტფონები და ტაბლეტები, რადგან სტატისტიკურად ახალგაზრდები უდიდეს დროს სწორედ მათთან ატარებენ. პროექტის მიზანი იყო მობილური აპლიკაციის შექმნა, რომელიც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს დაეხმარებოდა ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში სხვადასხვა ტესტებით, სასწავლო მასალებითა და სიახლეებით.
პროექტის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან. Naec-მა მხარი დაგვიჭირა წამოწყებაში და გადაწყდა NAPP, NAEC app აპლიკაციის შექმნა. NAPP-ი ამ ტიპის პირველი აპლიკაციაა საქართველოში.
2016 წლის ეროვნული გამოცდებისათვის აპლიკაცია იყო დეველოპმენტის, უფრო ზუსტად ბეტა ტესტირების ფაზაში, მაგრამ ამ პერიოდშიც ათასობით აბიტურიენტს დაეხმარა გამოცდებისთვის მომზადებაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ NAPP-ი ფუნქციონალურად მუდმივად იხვეწება და მისი ოფიციალური რელიზი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი“. – ამბობს დავითი.
ლუკა ლომთაძე, თსუ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, კომპიუტერული ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტია. იგი ამბობს, რომ NAPP იყო პირველი იმ მრავალი აპლიკაციათაგან, რომელიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს.
„NAPP-ზე ვიმუშავეთ ოთხმა APP დეველოპერმა და ერთმა დიზაინერმა. ეს პირველი ერთობლივი პროექტი იყო ახალბედა სტუდენტებისთვის და დიდი ინტერესით და მონდომებით ვცდილობდით შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც დაეხმარებოდა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უკეთესად მომზადებულიყვნენ საატესტატო თუ ეროვნული გამოცდებისთვის.
ახალი „საგამოცდო სეზონის“ მოახლოებასთან ერთად ვაპირებთ მონაცემთა ბაზის გაზრდას და აპლიკაციის ზოგადი მუშაობის სტრუქტურის დახვეწას. დიდი ხელშეწყობა გვქონდა, როგორც თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან, ასევე ჩვენი უნივერსიტეტიდან, რომელიც გვეხმარებოდა დეველოპმენტის საორგანიზაციო საქმეებში.
რთულია დაიწყო რაიმე ახალი, თუ მარტო ხარ და მხარში არავინ გიდგას. ასე, რომ მათ ვისაც სურთ იგივე საკითხზე მუშაობის დაწყება, ვურჩევდი, რომ იპოვონ ვინმე, თუნდაც ამ სფეროში ახალბედა, მაგრამ მონდომებით სავსე, რათა გუნდური ენთუზიაზმით შექმნან პროდუქტი, რომლითაც იამაყებენ და რომლის შექმნის პროცესში გამოცდილებასა და დიდ სიამოვნებას მიიღებენ“, – ამბობს ლუკა.
ახალგაზრდები ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე სწავლობენ და წინ დიდი გეგმები აქვთ. პირველი ეტაპი არსებული აპლიკაციის გაუმჯობესებაა, შემდეგ კი წინ ახალი პროექტებია.
სხვა სტატიები »