ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერთა საველე ექსპედიცია ზემო სვანეთში

თსუ მეცნიერთა საველე ექსპედიცია ზემო სვანეთში
3 ოქტომბერი, 2016
სულ ცოტა ხნის წინ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის საველე ექსპედიცია ზემო სვანეთში სამეცნიერო პროექტის: ”ქართულ ხალხურ დღეობათა ილუსტრირებული კალენდარი (სვანეთი)” ფარგლებში ჩატარდა. ექსპედიციის მიზანი სვანეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ძირითადი საკულტო ცენტრების, მათი ორგანიზაცია-სტრუქტურის, ხალხურ დღეობათა ორგანიზების, მიმდინარეობის, რიტუალური ინტერაქციის შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება და სისტემატიზირება იყო. ასოცირებული პროფესორების როზეტა გუჯეჯიანისა და ქეთევან ხუციშვილის მიერ საველე ეთნოგრაფიული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრულიად ახალი მასალა სამეცნიერო ლიტერატურისთვის ქართულ ხალხურ დღეობათა შესახებ ცოდნის შევსების საშუალებას იძლევა.
მეცნიერთა განმარტებით, გადამოწმდა და დადგინდა სხვადასხვა დღეობებისა და რიტუალის აღწერილობა, მათი ჩატარების თარიღის გამოთვლის წესები, შესაწირავი ატრიბუტების სახეობები, მათი დამზადების ტრადიციები. დაზუსტდა საეკლესიოდ და წმიდად მიჩნეული მიწების, ტბების, ტყეების ადგილმდებარეობები. აღიწერა 70-მდე რელიგიური დღეობისა და რიტუალის ამსახველი მასალა. ძალიან საინტერესოა მაცხოვრის ეკლესიისათვის უღლის შეწირვისა და წმიდა ბარბარესათვის ფურის პირველი ნაწველით დასველებული კვირისთავის შეწირვის ტრადიციები. მლოცველები დღესაც ამზადებენ ხისგან პატარა ზომის უღლებს, ქვის კვირისთავებს და რიტულის დაცვით სწირავენ კონკრეტულ სალოცავებს. ექსპედიციის მონაწილეთა მიერ ყურადღება გამახვილდა რელიგიური რიტუალების ნაწილზე - სპორტულ შეჯიბრებების სახით, რომლებიც ახლაც დიდი ენთუზიაზმით სრულდება: ჭიდაობა, დოღი, საჯილდაო ქვის აწევა. ჩაწერილ იქნა ეთნოგრაფიული მასალა საოჯახო ლოცვების შესახებ („უწონაშ“). განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დღეობების დაგეგმვისა და განხორციელების ხალხურ წესებზე: დადგინდა ამა თუ იმ რიტუალის კონკრეტული სახელი სხვადასხვა თემში, თემის წევრების უფლება-მოვალეობანი ამ რიტუალების მომზადებისა და აღსრულების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ასევე ხელახლა აღდგენილ რელიგიურ ტრადიციებზე: მაგალითად, მუჟალის თემის სოფელ ჟაბეშის ტყეში აღდგენილი ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მარიამობის გამართვაზე, კანონიკური წირვითა და ხალხური რიტუალითურთ. ჩაწერილ იქნა ეკლესიათა მოვლა-პატრონობის ამსახველი მასალა, სოფლებისა და ოჯახების ფუნქცია-მოვალეობების მიხედვით.
საინტერესოა, რომ მეცნიერთა მიერ დაფიქსირდა ასევე მნიშვნელოვანი მასალა ეკოლოგიური ცოდნა-გამოცდილების შესახებ: ამინდის გამოცნობის ხერხები, ხვნა-თესვის, მშენებლობის, სამგზავროდ წასვლის თარიღის გამოთვლა მთვარის კალენდართან შეასაბამისობაში, ემპირიული ცოდნა ტყეებისა და მდინარეების დაცვის შესახებ, ნიადაგის ცოდნის ამსახველი მასალა ე.წ. წმიდა ტბებთან დაკავშირებული აკრძალვები და გადმოცემები. ეთნოგრაფიული წყაროებისა და მოპოვებული მასალის შეჯერების საფძველზე შესაძლებელი გახდა სვანეთის გამოჩენილი არისტოკრატული საგვარეულოს - რუჩეგიანების ნამოსახლარების იდენტიფიცირება ჩუბეხევში: ფარის, ლუჰას, ეცერის თემებში. მომზადდა წინასწარი ინფორმაცია ნაკრის თემში არსებული ჯუხლანის კოშკის შესახებ. როგორც მეცნიერები განმარტავენ, ამ ძალზე მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული მასალის შემდგომი სამეცნიერო დამუშავება და ანალიზი ბევრ საინტერესო პერსპექტივას იძლევა ქართული კულტურის კვლევის კუთხით. ყოფითი კულტურის ელემენტები, დღეობათა გეოგრაფიული ლანდშაფტი, დაგეგმვა-მართვა, მიმდინარეობა, რიტუალური საგნები, ტექსტები თუ სხვა ერთეულები შეიცავენ უნიკალურ ინფორმაციას ქართული კულტურის განვითარების ეტაპების შესახებ, ქართველთა მსოფლმხედველობრივ წარმოდგენებზე, ღირებულებებზე, სტერეოტიპებზე, ეთიკურ ნორმებსა და ა.შ. შესაბამისად, ხალხურ დღეობათა წარმოჩენა-ანალიზი საშუალებას იძლევა შევიქმნათ მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა ქართული კულტურის კონფიგურაციაზე.

სხვა სტატიები »