ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

თსუ-ში „ჭკვიანი ლაბორატორია“ - SMART Lab გაიხსნა

თსუ-ში „ჭკვიანი ლაბორატორია“ - SMART Lab გაიხსნა
21 სექტემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში 21 სექტემბერს სმარტ-ლაბი (SMART Lab) გაიხსნა. უნივერსიტეტში იმედოვნებენ, რომ იულიხის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით შექმნილი ლაბორატორიის გახსნით ქართველი წარმატებული მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას და მათთვის სათანადო პირობების შექმნას დაედება საფუძველი. ამასთან, თსუ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, თბილისშივე მიიღონ მონაწილეობა იულიხის ცენტრის კვლევებში.
„უკვე 10 წელია გერმანულ-ქართულ სამეცნიერო პროექტს ვახორციელებთ. ეს პროექტი ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს საშუალებას მისცემს ჩამოვიდნენ გერმანიაში, სადაც სწავლას და კვლევებს განაგრძობენ. დღეს კი ჩვენს თანამშრომლობას უფრო ფორმალური სახე მიეცა, ამ ლაბორატორიის საშუალებით ერთად ჩავატარებთ კვლევებს მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე. ქართველ სტუდნეტებს აქვთ პოტენციალი გახდნენ დიდი მეცნიერები. მათ საშუალება ექნებათ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი გერმანიაში მიიღონ, შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და აქ განაგრძონ სამეცნიერო მოღვაწეობა,“ - განაცხადა იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაზე.
SMART EDM_Lab-ში მიმდინარე სამუშაოები დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის გამოყენება-ათვისება მოხდება კონკრეტულ აქტუალურ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობით, რაც თავისთავად უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერებს ჩაატარონ კვლევები და უფრო ღრმად შეისწავლონ, სამყაროს განვითარება დიდი აფეთქებიდან დღემდე. დიდი აფეთქების შემდგომ, სამყაროს ევოლუციის პროცესში ყოველი 10 მილიარდი ნაწილაკიდან 1 ნაწილაკი (მატერია) გადაურჩა ანტიმატერიასთან ანიჰილაციის (გაერთიანების) პროცესს. სწორედ ამ გადარჩენილი ნაწილაკებიდან შეიქმნა დღევანდელი სამყარო. იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა ასე, არის აღნიშნული კვლევების მიზანი.
არსებობს სამყაროს უცნობი კანონზომიერებების ძიების ორი სტრატეგიული მიმართულება: კვლევების წარმოება მაღალ ენერგიებზე, რომლის თვალსაჩინო მაგალითია LHC-ზე მიმდინარე ექსპერიმენტები, და მისი ალტერნატივა - მოწინავე ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენება შედარებით დაბალ ენერგიებზე, რაც რაციონალური რესურსების პირობებში იძლევა ექსპერიმენტების სიზუსტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას. ასეთ ჯგუფს განეკუთვნება დამუხტული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტების (ედმ) ძიება. ამ ფიზიკურის სიდის ექსპერიმენტული დამზერა იქნება უშუალო მინიშნება სამყაროს განვითარების დღეისათვის არსებული სურათის არასრულყოფილობაზე, რამაც შესაძლოა ასევე წარმოდგენა შეგვიქმნას ჩვენი არსებობის მიზეზებზე.
აღნიშნული ტიპის კვლევები, პოლარიზებული დეიტრონების ნაკადის გამოყენებით, უკვე დაწყებულია იულიხის კვლევითი ცენტრის COSY ამაჩქარებელზე, სადაც ქართული ჯგუფი აქტიურადაა ჩართული. ედმ-ის არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია პოლარიზებული ნაკადის პოლარიზაციის ვექტორის ორიენტაციის ცვლილება დროში, რომლის დამზერაც წარმოადგენს აღნიშნული ექსპერიმენტის ძირითად იდეას. ამ ცვლილების დასაფიქსირებლად კი საჭიროა მაღალი მგრძნობიარობის პოლარიმეტრის შექმნა, რაც წარმოადგენს ქართული ჯგუფის ძირითად ამოცანას.
აღნიშნული პოლარიმეტრი შედგება დეტექტორისა და სამიზნისაგან. მისი ცალკეული დეტალების შექმნა და გამოცდა იქნება SMART EDM_Lab-ის ძირითადი ამოცანა. აღნიშნული ლაბორატორია იქნება JEDI (იულიხის ელექტრული დიპოლური მომენტის კვლევები) საერთაშორისო კოლაბორაციის ძირითადი პარტნიორი ამ მიმართულებით. ამ ლაბორატორიაში ასევე მოხდება პოლარიმეტრის დეტექტორის მონაცემების შეგროვებისა და მათი რეალურ დროში გაანალიზების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაც. გარდა ამისა, პოლარიმეტრის კონცეფცია მოიცავს სრულიად ახალი ტიპის სამიზნის შექმნასაც, რაც არნახულ საინჟინრო სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ სამიზნის კონსტრუქციის ცალკეული კვანძების გამოცდა-დახვეწა ასევე მოხდება SMART EDM_Lab-ში.

სხვა სტატიები »