ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ბლუმბერგის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია თსუ-ში

 ბლუმბერგის საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია თსუ-ში
19 სექტემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. „ეს გახლავთ პირველი ამ სახის ლაბორატორია რეგიონში. ჩემს უნივერსიტეტშიც კი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი გახლავთ დიდ ბრიტანეთში, მსგავსი ლაბორატორია არ გვქონია. ბლუმბერგის სისტემა გახლავთ სისტემა, რომელიც გამოიყენება საბანკო სტრუქტურებში, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მთავრობის ადმინისტრაციაში, მმართველობაში. ასე რომ სტუდენტებს, თავის დამსაქმებლებთან მისვლისას ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რაც, როგორც წესი, მუშაობის პირველ წლებში ადამიანს არ გააჩნია. მათ აქვთ გამოცდილება და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, უნივერსიტეტი იძენს დახვეწილ სისტემას ინფორმაციის შეგროვების, კვლევის ჩატარებისა და ახალი კურსების განხორციელების თვალსაზრისით,“- აღნიშნა ბლუმბერგის გაყიდვების მენეჯმენტის ხელმძღვანელმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ალექსანდრ უინჰემმა.
კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის - Bloomberg Education - რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე. ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის. Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით თსუ-ს ექნება პირდაპირი წვდომა მის ბაზაში არსებულ საერთაშორისო სავალუტო და სადილინგო ოპერაციების სრულ ციკლთან, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და, ამავდროულად, შეასრულონ მსგავსი ოპერაციები რეალური დროის რეჟიმში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი იქცეს ცენტრად საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც. მსოფლიო საფინანსო ბაზარზე სავალუტო, საფინანსო და სასაქონლო ბირჟებზე მუშაობის ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფას ორი კომპანია - ბლუმბერგი (Bloomberg) და როიტერსი (Reuters) ახორციელებს. მხოლოდ მათ გააჩნიათ დილინგის პროდუქტის შეთავაზების ექსკლუზიური უფლება და აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიო საფინანსო სამყარო ამ ორ კომპანიაზე დაყრდნობით ახორციელებს საბირჟო ოპერაციებს.

სხვა სტატიები »