ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტები აწყურის არქეოლოგიურ გათხრებზე

თსუ სტუდენტები აწყურის არქეოლოგიურ გათხრებზე
25 ივლისი, 2016
არქეოლოგიური გათხრები აწყურში, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით, თითქმის 20 წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე აწყურის გათხრებში თსუ არქეოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები მონაწილეობენ. სულ ცოტა ხნის წინ წარმოებული გათხრებისას ექსპედიციის მონაწილეებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.
პროფესორ ლიჩელის თქმით, აწყურის მნიშვნელობის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ქართული ქრონიკის _ "ქართლის ცხოვრების” ჩანართშია მოთხრობილი, სადაც საუბარია ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობის შესახებ კოლხეთსა და სამცხეში, კერძოდ, აწყურში. თითქმის ოცი წლის წინ, აწყურში არქეოლოგიური გათხრების საფუძველი სწორედ წერილობითი წყაროებიდან ამოღებული მინიშნებები გახდა. კვლევების მიზანი წერილობითი ცნობების არქეოლოგიური თვალსაზრისით შემოწმება იყო. კერძოდ, ქალაქის, სადაც ცხოვრობდა ამ მხარის მმართველი (ანუ აწყური, როგორც ადმინისტრაციული ცენტრი), აგრეთვე ციხის (საიდანაც იხილეს ხატის ნათელი), ელინისტური გავლენა (აპოლონის და არტემიდეს ტაძარი) და ეკლესიისა.
გათხრები მტკვრის ორივე ნაპირეზე ჩატარდა. დადგინდა, რომ უძველესი მოსახლეობა აქ, ჯერ კიდევ, ძვ.წ. XVI საუკუნეში მოსულა. ორი სამარხიდან ერთში სხვადასხვა ასაკისა და სქესის 62 მიცვალებული აღმოჩნდა, ხოლო მეორეში – მხოლოდ ოთხი. ამავე სამარხებში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ნივთები, ოქროს სამკაული და კერამიკული ნაწარმი (მათ შორის ისეთიც, რომელსაც ანალოგი არა აქვს კავკასიაში, თუმცა ადგილობრივი თიხისაგანაა დამზადებული). ამ პერიოდში აქ თავს იყრის ნაწარმი ისეთი შორეული ქვეყნებიდან, როგორიცაა აქემენიდური ირანი, კონტინენტური საბერძნეთი და ეგვიპტე.
რაც შეეხება I საუკუნის ციხის არსებობას. ციტადელის სამხრეთი კედლის ქვედა დონეზე არსებული ქვიშაქვის კვადრების წყობის მეშვეობით დადგინდა, რომ შუა საუკუნეების ციხის ციტადელი სწორედ I საუკუნის კედლებზეა დადგმული.
როგორც ექსპედიციის უცვლელი ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი განმარტავს, „დღემდე მიუკვლეველია ელინისტური ხანის ტაძარი, რისი ახსნაც მარტივად შეიძლება: ტრადიციულად, ქრისტიანული ტაძრები შენდებოდა იმ ადგილზე, სადაც მანამდე წარმართული ტაძარი იდგა. ამდენად, აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის დროს აპოლონისა და არტემიდეს ტაძარი, საფიქრებელია, მთლიანად განადგურდა. ბერძნულ/ელინისტური კულტურის და ამ კულტურის ამსახველი ტაძარის სამცხეში არსებობა დასტურდება ნაქალაქარის აღმოსავლეთ ნაწილში მიკვლეული სამარხით, რომელშიც ბერძნული ტრადიციის მიხედვით დაკრძალული მიცვალებული აღმოჩნდა“.
აწყურის კვლევაში განსაკუთრებით ინტენსიურად უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები 2006 წლიდან ჩაერთვნენ, როდესაც კიდევ უფრო გაღრმავდა ურთიერთობები თსუ პარტნიორებთან,  ნიუნბერგის ბუნებისა და ისტორიის საზოგადოებასთან. გრაკლიანის გორის აღმოჩენამდე სწორედ აწყური იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკის ძირითადი ცენტრი.
თვით აწყურის კათედრალი ქართული არქიტექტურის ისეთ შედევრებს შორის მოიაზრება, როგორებიცაა სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი და ალავერდი. მის ინტერიერში ჩატარებული გათხრებისას აღმოჩნდა სრულიად განსაკუთრებული გულსაკიდი ხატი, ტიხრული მინანქრით შემკულ ოქროს ჩარჩოში ჩასმულია იასპის ქვა. ქვაზე უზადო ხელოვნებითაა ამოკვეთილი ჯვარცმის სცენა (XII-XIII სს-ბი).
გასულ წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერო-ვნული სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვისა და გადარჩენის ფონდის სრული დაფინანსებით, გადაწყდა აწყურის კათედრალური ტაძრის რესტავრაცია. რესტავრაციის დაწყებასთან დაკავშირებით განახლდა სამუშაოები, რომლის შედეგად ინტერიერში კვლავ აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების რამოდენიმე შენობის ნაშთი. მათი ნაწილი საერო დანიშნულებისაა, ტაძრის გარშემო კი გაითხარა რამოდენიმე ათეული სამარხი, რომლებიც ტაძრის ფუნაქციონირების ხანას ემთხვევა.
რაც შეეხება არქეოლოგების ბოლო აღმოჩენას, ვახტანგ ლიჩელის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კათედრალის დასავლეთით ჩატარებული კვლევის შედეგი: „გამოვლინდა თლილი ქვით ნაგები ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის ჩრდილო მხარეში, როგორც ჩანს, სამკვეთლოა (მაგიდა სადაც ზიარებისთვის მზადდება პური და ღვინო) გამართული. სრულიად აშკარაა, რომ საქმე გვაქვს აქამდე უცნობ მასშტაბურ ნაგებობასთან, რომლის აღმოსავლეთ ფასადზე ჩადგმულ ქვაზე იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა: "ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოსი მირეანის ძე”.- ასე წაიკითხეს წარწერა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორებმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი გაგოშიძემ და საქართველოს ხელოვნების  მუზეუმის ფონდების წარმომადგენელმა ელენე კავლელაშვილმა. მათი აზრით, წარწერა IX-X საუკუნეებს განეკუთვნება და წარწერაში მოხსნიებულია ერთ-ერთი მაწვერელ ეპისკოპოსთაგანი“.
გათხრები თვის ბოლოდან განახლდება და მათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და გადარჩენის ფონდი დააფინანსებს.

სხვა სტატიები »