ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერები ხანისწყლის ხეობის ტურისტულ პოტენციალს იკვლევენ

თსუ მეცნიერები ხანისწყლის ხეობის ტურისტულ პოტენციალს იკვლევენ
25 ივნისი, 2016
თსუ მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაღდათის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციები 2015 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (EN/15/2015 „ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“) განხორციელდა.

თსუ მკვლევარების შესწავლის ობიექტი ამ დროისთვის მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს -  ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ხანის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზევით არის განთავსებული.  სოფლის პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ხვედრითი წილი 78 %, პრობლემური სასოფლო-სამეურნეო სახნავი კი - 71%-ს შეადგენს. 2002 წელს სოფელში ცხოვრობდა 817, ხოლო 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით დაფიქსიებულია 525 ადამიანი,  მოსახლეობის ცვლილება -36 %.

ექსპედიციის ფარგლებში დაფიქსირებულია რამდენიმე ბუნებრივი ღირშესანიშნაობა, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით შეიძლება იყოს საინტერესო. ერთ-ერთია სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე მდინარის ხეობაში  მდებარე 30 მეტრიანი ჩანჩქერი, რომელიც იქვე მახლობლად მდინარე ხანისწყალის ქვის თაღში გაედინება. მოსახლეობა ამ ადგილს ,,ქვახვრელებს“ უწოდებს. სოფელ ხანის მახლობად, კერძოდ კაკასხიდის დიდ კლდეზე, მდინარე ხანისწყლისა და ქერშაულას ხეობის შესართავთან, აღმოჩენილია ქვაზე თევზის ანაბეჭდი. ხანიდან დაახლოებით, 20-25 კილომეტრში ბუნების კიდევ ერთი უნიკალური სანახაობაა, ამ ადგილს ნიქაბეეთი ქვია. კლდიდან გადმოსული წყალი მიწის აუზში ეშვება,  და თავისი შემადგენლობის წყალობით რევმატული  დაავადების სამკურნალო საშუალებაა. ხანის მშვენებას წარმოადგენს ადგილი გულაშმანის, რომელიც აღსანიშნავია თავისი ტერიტორიის, ბუნების სილამაზის, კლიმატის, ცხოველთა სამყაროს სიმდიდრის გამო. მაგრამ უნიკალურად მას მაინც აქცევს  ხელოვნურად გაშენებული ტყე-პარკი, სადაც მსოფლიოში არსებული სხვადასხვა წიწვიანი ჯიშის ხეები არის თავმოყრილი.

თსუ მეცნიერები ხეობასთან დაკავშირებულ პერსპექტივებსა და საფრთხეებზე საუბრობენ:
„მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ნასოფლარში, რომელსაც ქვედა ნოღა ჰქვია, (ზღვის დონიდან 950 მეტრზე) წარმოდგენილია რამდენიმე ტონიანი ლოდები. ერთ-ერთ ლოდში  გამორჩეული ფორმის მქონე ქვის საწნახელია გამოკვეთილი. იგი სამი განყოფილებისაგან შედგება და ქვის უბადლო ოსტატების მიერ, დაახლოებით, შუა საუკენებში არის დამუშავებული. ქვის დამუშავების კვალი შეინიშნება ლოდის გარშემოც. ლოდის სიმაღლე, დაახლოებით, 1,8-2,0 მეტრია, სიგრძე კი 3,5 მეტრი, ხოლო სიგანე 4 მეტრს აღწევს. ქვის საწნახელში ამოკვეთილია ხვრელი, საიდანაც სავარაუდოდ გადმოედინებოდა დაწურული ღვინო. იქვე არის დუღაბით შემორჩენილი ქვევრის ნაწილი. ეს უნიკალური წარმონაქმნი ბუნებრივად განიცდის ინტენსიურ გამოფიტვას. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ბოლო წლებში გარემო პირობების ზემოქმედების გამო კედლები დაიშალა.  შესაძლებელია მომავალში მოხდეს ამ კულტურული მემკვიდრეობის, ჯერ კიდევ, აუღიარებელი უძრავი ძეგლის დაზიანება და განადგურება. უპირველად აუცილებელია მისი დაცვა, სპეციალისტების მიერ მოხდეს მისი შეფასება და დაიწყოს კონსერვაცია. აუცილებელია ამ ძეგლის პოპულარიზაცია, თუმცა ამ ძეგლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა რთულად გასავლელია და საჭიროებს გადაუდებელ აღდგენა-რემონტს. აუცილებელია საინფორმაციო დაფებისა და ტურისტული ბილიკების მოწყობა-მარკირება. სოფელ ხანში და მის შემოგარენში არსებული ტურისტული რესურსების კარგად ათვისებისთვის აუცილებელია სოფელი ხანი შევიდეს ,,მაღალმთან დასახლებათა ნუსხაში“ შემავალი სოფლების ჩამონათვალში. მოსალოდნელია მომავალში მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის“. -აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესოირ გიორგი დვალაშვილი.

სხვა სტატიები »