ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

კვლევები უსაფრთხოების საკითხებზე თსუ-ში

კვლევები უსაფრთხოების საკითხებზე თსუ-ში
10 თებერვალი, 2016
საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მსოფლიოში გამოქვეყნდა უამრავი ნაშრომი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე ტრანზიციის საკითხებზე, თუმცა, 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აღმოჩნდა, რომ დემოკრატიზაციასთან ერთად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სერიოზულად გაძლიერდა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. საქართველოში კი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემამ კითხვის ქვეშ დააყენა თვით ქვეყნის უსაფრთხოებაც კი, ხოლო პოლიტიკის მეცნიერები ალაპარაკდნენ არშემდგარ სახელმწიფოზე. ამიტომ, 2002 წლიდან დღემდე ხორციელდება კვლევითი პროგრამა, რომლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე თემა. თავიდან, ყურადღების ცენტრში მოექცა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემატიკა. 2003 წლიდან კი ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური რეფორმები საქართველოში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორის, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის წევრის ალექსანდრე კუხიანიძის ხელმძღვანელობით რამდენიმე პროექტი განხოციელდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, 2003-2009 წლებში განხორციელდა კვლევითი პროექტი თემაზე „კონტრაბანდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით“. იმავე პერიოდში განხორციელდა მეორე პროექტიც – „ბირთვული მასალების კონტრაბანდა საქართველოს გავლით“, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერით. ორივე პროექტი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრთან ერთად ჩატარდა. ამ ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ ამერიკელი პროფესორი ლუიზ შელი.

ზოგადად, ამ პროექტების მიგნება ის იყო, რომ არა მხოლოდ ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია არის ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემის შემადგენელი ნაწილი, არამედ შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი, შეადგენენ ტრანსნაციონალური დანაშაულის ელემენტებს და წარმოადგენენ გლობალური უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილს. ამიტომ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ალექსანდრე კუხიანიძის კვლევით ინტერესებში შევიდა უსაფრთხოების ახალი კონცეფციების პრობლემატიკაც.

მეცნიერის თქმით, ცნობილია, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ უსაფრთხოების კონცეფცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ მიზნით, 2010-11 წლებში განხორციელდა კვლევითი პროექტი თემაზე „არატრადიციული მუქარებისა და გამოწვევების თეორიები ნაციონალური უსაფრთხოებისათვის“. პროექტი კარნეგის ფონდის დაფინანსებით, აშშ-ში მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში განხორციელდა, ამ ინსტიტუტში არსებული ჯეიმს მარტინის სახელობის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრის დირექტორ, უილიამ პოტერთან თანამშრომლობით.

ამ პროექტის მიგნება ის იყო, რომ ვარშავის ხელშეკრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ასევე ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ის შიში და მუქარა გაქრა, რომელიც არსებობდა ბირთვული არმაგედონის შესახებ. თუმცა, ძველი მიდგომები უსაფრთხოების გარანტიის შესახებ ნელა იცვლება. სწრაფმა გლობალიზაციამ მოიტანა ისეთი ახალი საფრთხეები, როგორებიცაა: ბირთვული კონტრაბანდა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული, ვაჭრობა ადამიანების ორგანოებით, ფულის გათეთრება. პირველი პუბლიკაციები ახალი საფრთხეების შესახებ გაჩნდა 1980-იან წლებში, ხოლო 1990-იანი წლებიდან „არატრადიციული“ საფრთხეების საშიში შედეგები სრული სახით გამოჩნდა. ტრადიციულად, უსაფრთხოების შესახებ კვლევები განიხილებოდა ეროვნულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც ითვლებოდა როგორც უსაფრთხოების პროვაიდერი. სამოქალაქო საზოგადოება კი წარმოდგენილი იყო როგორც პასიური ობიექტი. უსაფრთხოების ტრადიციული კონცეფციები იყო კონცენტრირებული გეოპოლიტიკაზე, სამხედრო ძალაზე, ეროვნული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ბიზნესს და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს კი უმნიშვნელო როლი ენიჭებოდათ. 1990 წლებში დასავლეთის პოლიტიკურ ლიტერატურაში დაიწყო უსაფრთხოების ტრადიციული მიდგომების გადახედვა. როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში არატრადიციულ საფრთხეებში მოიაზრებოდა ეკონომიკური ზრდის პრობლემები, სიღარიბე და განვითარება და არა – სამხედრო ბლოკები და მათი დაბალანსება, სუპერსახელმწიფოები. ამან განაპირობა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გაფართოება ორი მიმართულებით: პირველი, გაანალიზება გლობალურ, რეგიონალურ, ადგილობრივ პრობლემებს შორის ურთიერთკავშირის და მეორე, აქცენტების გაკეთება სამოქალაქო ჯგუფებსა და ხალხებს შორის ურთიერთობაზე. თეორიულად უსაფრთხოების კონცეფციის გაზრდის გაფართოებამ გაართულა იმის გააზრება, თუ რას წარმოადგენს თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოება და როგორია მისი პრიორიტეტები ახალ ეპოქაში ცივი ომის დასრულების შემდეგ.

როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ტრადიციულად, გამოკვლევები უსაფრთხოების სფეროს შესახებ შედიოდა ისეთი დისციპლინის კომპეტენციაში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები. მაგრამ, დღეს არა ყველა საფრთხე და მუქარა შედის ამ დისციპლინის კომპეტენციაში. ცნება „უსაფრთხოება“ არ ექვემდებარება მარტივ განსაზღვრებას და უფრო განსხვავებული, მრავალდისციპლინური მიდგომა სჭირდება სტიქიური უბედურებების, კორუფციის, ტექნოგენური საფრთხეების, ორგანიზებული დამნაშავეობის ანალიზს. აქ განსაზღვრულ ადგილს იკავებს პოლიტიკური მეცნიერება. უსაფრთხოების დარგში „ახალ“ ან „არატრადიციულ“ კვლევებს აქვს მრავალი ხარვეზი. ის, რაც დღეს არის „ახალი“ და „არატრადიციული“, ხვალ იქნება „ძველი“ და „ტრადიციული“, მაგალითად, კიბერდამნაშავეობა. ასეთი ტერმინები მხოლოდ დროებით ახასიათებს თანამედროვე გამოკვლევების არსს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოება ითვალისწინებს აქცენტების გადატანას სამხედრო უსაფრთხოებიდან სამოქალაქო უსაფრთხოებაზე. ის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან ერთად რთავს სამოქალაქო ორგანიზაციებს, როგორც უსაფრთხოების პროვაიდერებს და გულისხმობს სხვადასხვა ფორმით ბრძოლას ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და კორუფციასთან. სხვა სიტყვებით, ბრძოლა ორგანიზებულ დამნაშავეობასთან და კორუფციასთან ეხება სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების სფეროს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საფრთხეების ცვალებადობასთან ერთად, უსაფრთხოების პრიორიტეტებიც მუდმივად იცვლება.

საერთაშორისო ეკონომიკის მზარდი გლობალიზაციის პირობებში ორგანიზებული დამნაშავეობა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად „ახალ“ საფრთხეს ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. გლობალური ორგანიზებული დამნაშავეობა უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო ფინანსურ ქსელზე და ეროვნულ ეკონომიკაზე, კავშირი მათ შორის იზრდება.

ის, რომ დამნაშავეებს აქვთ შესაძლებლობა, თავი შეაფარონ უცხოეთის ქვეყნებს და გადამალონ თავიანთი არაკანონიერი შემოსავლები საზღვარგარეთ, ართულებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას, გააკონტროლონ ფინანსური ნაკადი, შეამოწმონ დოკუმენტაციები და დააკავონ დამნაშავეები. ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ მილიარდობით ფულის გათეთრებით ეროვნული სახელმწიფოების ბიუჯეტს აკლდება საგადასახადო შემოსავლების დიდი ნაწილი. მაგალითად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები აკონტროლებენ რუსეთის 200-ზე მეტი ბანკის დიდ ნაწილს და მათი კაპიტალის ნახევარს. რუსეთში ბიზნესი უმეტესად ხდება გამოძალვის, ძარცვის, ქურდობის, მკვლელობის ობიექტი. იქ ბიზნესმენები თავიანთი შემოსავლების 30 პროცენტზე მეტს ხარჯავენ მათ საწარმოებში მომუშავე ადამიანებისა და პროდუქციის უსაფრთხოებაზე. ეს 30 პროცენტი მიდის იმ „განგსტერების“ ჯიბეებში, ვისგანაც ისინი თავიანთ ბიზნესს იცავენ, რაც აიძულებთ, დაუმალონ შემოსავლები საგადასახადო სამსახურებს.

გლობალური ორგანიზებული დამნაშავეობა წარმოადგენს საფრთხეს პოლიტიკური ინსტიტუტებისთვის, განსაკუთრებით – ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნებში. მაგალითად, პერუსა და კოლუმბიაში ადგილობრივი კრიმინალური კარტელები აწვდიან იარაღს და უწევენ ფინანსურ დახმარებას მთავრობის საწინააღმდეგო შეიარაღებულ ფორმირებებს. ამით ასუსტებენ მთავრობას, რათა თავისუფლად შეძლონ კოკაინის წარმოება და ექსპორტი. სიცილიის მაფია თავის ფინანსურ ძლიერებას იყენებს კორუმპირებული პოლიტიკოსების, სასამართლოსა და პოლიციის მოსასყიდად, ფიზიკურად იშორებს იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მასთან არ მიდიან თანამშრომლობაზე.

ორგანიზებული დამნაშავეობის მიმართ შიში წარმოშობს უნდობლობას მოქალაქეებში, რომ დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, წარმატებით გაუმკლავდნენ დამნაშავეობას და პოლიტიკური რადიკალიზმისა და მკაცრი, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის მხარდაჭერა მოიპოვონ.
პროგრამის შემდეგი ეტაპი იყო 2013-14 წლებში შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახალ პროექტზე მუშაობა რომლის თემაა: „სამოქალაქო უსაფრთხოება შვედეთში: რისი შესწავლა შეუძლია საქართველოს მათგან?“ შვედეთში სამოქალაქო უსაფრთხოების გამოცდილების და სკანდინავიის/ბალტიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის შესწავლამ, მათ შორის რუსული მუქარის გათვალისწინებით, ხელი შეუწყო საქართველოსა და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების უკეთესად გააზრებას, განსაკუთრებით იმას, თუ რატომ არ იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ეფექტური საქართველოში, მათ შორის აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტების მოგვარების საქმეში და 2008 წელს რუსეთთან ომის დროს.

შვედეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა, ძირითადათ რბილი ძალის პოლიტიკაზეა აგებული, მაშინ როდესაც, საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემა ეფუძნებოდა ხისტ ძალას და ხასიათთებოდა ცივი ომის დროინდელი ტრადიციული მილიტარისტული მიდგომებით. საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობა რომ გაიზარდოს, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს არატრადიციულ მიდგომებს – უნდა მოხდეს ადამიანისა და საზოგადოების მობრუნება უსაფრთხოებისაკენ, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და რბილი პოლიტიკის უფრო ძლიერი ელემენტებით. ეს პროექტი განხორციელდა მალმოს უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკური კვლევების დეპარტამენტის დახმარებით, პროფესორ კარინა ვამლინგ და პროფესორ კარენ სარსენოვთან თანამშრომლობით.

აღნიშნული პროექტების განხორცილების შედეგად, ალექსანდრე კუხიანიძის ავტორობით გამოქვეყნდა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი, აგრეთვე კვლევის შედეგები იყო წარმოდგენილი უამრავ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარზე, ძირითადად აშშ–ში, ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. გამოქვეყნებული ნაშრომები არაერთხელ იყო ციტირებული სხვადასხვა საერთაშორისო პუბლიკაციებში და ეს ასახულია, მაგალითად, Google Scholar-ის ციტირების ინდექსში (ვებგვერდი: https://scholar.google.se/citations?user=9anIxBEAAAAJ&hl=en).

ამჟამად ალექსანდრე კუხიანიძის კვლევის ინტერესებში მოექცა რუსული ნაციონალიზმი, ექსტრემიზმი და რუსეთის ომი უკრაინაში, როგორც გლობალური უსაფრთხოების მუქარა. მაგრამ, ამ პროექტზე მუშაობა არის მომავლის საქმე.

წყარო
სხვა სტატიები »