ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
2 ოქტომბერი, 2015
„მიუხედავად კატაკლიზმებისა და  მის წინააღმდეგ ბრძოლის 2 ათეული წლისა, ლარი მაინც ფეხზე დგას და მყარია, მას აქვს მომავალი“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლარის შემოღების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა ლარის 20 წლის ისტორია მიმოიხილა და მოხსენება "პოსტსაბჭოთა საქართველოს ეროვნული ვალუტა: წარმატებული რეფორმის და ლარის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი წელი" წაიკითხა.

„საქართველოს ეროვნულ ვალუტას, ლარს შემოღებიდან 20 წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, ეს ისტორიული თარიღია. ის ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და დღეს, როდესაც ჩვენ ამ ისტორიულ პერიოდს ვიხსენებთ, ბევრს ინტერესი აქვს საკუთარი თავი წინ წამოწიოს და სურს ისტორიის გადაწერა. ამიტომ, დღევანდელი სამეცნიერო სესია, ეს არის მცირე ისტორია და მეტი ეკონომიკა იმის შესახებ, თუ რა მოხდა 20 წლის წინ და როგორ ებრძოდნენ ლარს შემდეგი 20 წელი“,- აღნიშა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა  ვლადიმერ პაპავამ.

ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ პროფესორის ელგუჯა მექვაბიშვილის თქმით, „ლარი ეროვნული ვალუტაა და ეს არის ისეთივე ატრიბუტი სახელმწიფოსი, როგორიც არის დროშა, ჰიმნი. შესაბამისად, ლარის დაბადება იყო იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ რეალურად მოიპოვა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და დაიწყო დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის აგება. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახლა, როდესაც ლარს უჭირს. განვლილი 20 წლის ისტორიის გაანალიზება მისი დადებითი შედეგებითა და ხარვეზებით არის იმის საფუძველი, რომ აღარ გავიმეოროთ შეცდომები და ის დადებითი ტენდენციები, კანონზომიერებები, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, განვავითაროთ და ჩამოვაყალიბოთ ჭეშმარიტად ეროვნული, ძლიერი ვალუტა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის წინსვლის და აყვავების საფუძველი გახდება“.
სხვა სტატიები »