ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ემერიტუს-პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

თსუ ემერიტუს-პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
13 სექტემბერი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი  წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ  ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

"დასაფასებელია  ბატონი შოთას არა მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობა, არამედ ის ფაქტი, რომ მან 70 წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის აღზრდას. ერთეულები არიან ბატონი შოთასნაირი ადამიანები, რომელთაც პირნათლად მოიხადეს საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე. პრეზიდენტმა და ჩვენც გავიზიარეთ უნივერსიტეტის პოზიცია და შოთა ცხოვრებაშვილს გადავეცით ღირსების ორდენი“- განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას თქმით, „უნივერსიტეტის უხუცესი ემერიტუს-პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. სომბოლურია, რომ უნივერსიტეტი და ბატონი შოთა თითქმის ერთი ასაკისანი არიან.  მას ძალიან საინტერესო წინადადებები და მოსაზრებები გააჩნია და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“.

„საუკუნეს ვარ მიახლოებული. მართალია უნივერსიტეტში არ დავბადებულვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება აქ გავატარე. ეს პირველი ჯილდოა ჩემს ცხოვრებაში და დიდი მადლობა იმისთვის, რომ არ დამივიწყეთ“- აღნიშნა თსუ ემერიტუს-პროფესორმა შოთა ცხოვრებაშვილმა.

პროფესორი შოთა ცხოვრებაშვილი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი. აღსანიშნავია შოთა ცხოვრებაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი თითქმის 70 წელი კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. 1983 წელს პროფესორ შოთა ცხოვრებაშვილს მიენიჭა საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. დღეს იგი უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრია. 
სხვა სტატიები »