ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მეცნიერის წარმატება

თსუ მეცნიერის წარმატება
1 ივლისი, 2015
თსუ მეცნიერი ნინო ქოქიაშვილი ფულბრაიტის 2015-16 წლის  სამეცნიერო საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული გახდა. გამარჯვებისკენ სავალ გზაზე მას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამა და ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი დაეხმარა.

ქიმიის დოქტორი, თსუ ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ქოქიაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ დაფინანსებული უმაღლესი განათლების პროგრამის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020” - ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით 2014 წლის ზაფხულში თსუ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მივლინებული იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ), სადაც უშუალოდ იყო ჩართული ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის კურიკულუმის დამუშავების, სწავლება-შეფასების სისტემების განხილვასა და ამერიკული აკრედიტაციის ქართულ სტანდარტებთან შედარების პროცესში. შეხვედრები ჰქონდა ქიმიის დეპარტამენტში მომუშავე მკვლევარებთან პროფ. ვილიამ ტონგის ხელმძღვანელობით.

სწორედ აქ გაჩნდა ახალი პროექტის იდეა. მეცნიერი ასე იხსენებს ამ ისტორიას:
„დავინტერესდი პროფ. ჰარისონის სამეცნიერო კვლევით და მასთან დისკუსიის შემდეგ, გადავწყვიტეთ ერთობლივ პროექტზე გვემუშავა. ფულბრაიტის სამეცნიერო პროგრამა ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის უნიკალური საშუალება იქნებოდა და მეც მოვსინჯე ჩემი ძალები. ფულბრაიტის პროგრამაში გამარჯვებამდე რამდენიმე ეტაპია გასავლელი და ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლას დიდი მღელვარებით ველოდი, ვინაიდან ჩემთან ერთად სხვადასხვა სპეციალობის ბევრი ღირსეული მეცნიერი იღებდა მონაწილეობას და გამარჯვებული კი მხოლოდ რამდენიმე უნდა ყოფილიყო.. ვაშინგტონის ოფისიდან მიღებულმა დადებითმა პასუხმა ძალიან გამახარა. ფულბრაიტის პროგრამა ითვლება ამერიკის მთავრობის ყველაზე ავტორიტეტულ პროგრამად საერთაშორისო აკადემიური გაცვლების სფეროში. ძალიან მიხარია, რომ  წლევანდელ კონკურსში გამარჯვებულთა შორის მეც მოვხვდი. ფულბრაიტის სტიპენდია მნიშვნელოვნად დამეხმარება მაღალი დონის სამეცნიერო კვლევის განხორციელებაში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ბაზაზე. პროექტი ინოვაციურია და ეხება ინსტრუმენტული მეთოდებით ცოცხალ უჯრედებში ბიოაქტიური მოლეკულების იდენტიფიკაციას, რაც ბიო-ქიმიურ კვლევებში ძალიან მნიშვნელოვანია“.
მეცნიერს იმედი აქვს რომ მისი გამოცდილება ძალიან დაეხმარება პროფესორ ჰარისონთან ერთობლივი პროექტის წარმატებით განხორციელებაში და აღნიშნული ფაქტი განამტკიცებს უნივერსიტეტებს შორის დაწყებულ თანამშრომლობასაც.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების პროგრამის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020” ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისაგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას.

საბაკალავრო პროგრამების განხორციელება წლევანდელი წლიდან დაიწყო, კერძოდ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის მიმართულებით) და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები;

სხვა სტატიები »