ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გლობალური სამოქალაქო დებატები: „კლიმატის ცვლილება“

გლობალური სამოქალაქო დებატები: „კლიმატის ცვლილება“
5 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური სამოქალაქო დებატები „კლიმატის ცვლილება“ გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე იოსებ სალუქვაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენე სალენსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი დაესწრნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება უნივერსიტეტში, რომელიც ეძღვნება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. დღეს არის გარემოს დაცვის დღე და მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ შეხვედრას საქართველოში. მსგავსი ღონისძიებები პარალელურად მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში იმართება და ძალიან საინტერესოა, რომ მის მუშაობაში და დისკუსიებში მონაწილეობას იღებს საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონებიდან“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ იოსებ სალუქვაძემ.

„დღევანდელი ღონისძიება ასზე მეტ ქვეყანაში ტარდება და ათასობით ადამიანი იღებს მასში მონაწილეობას. ამ ტიპის ღონისძიებაში ჩვენი ჩართულობა ხელს უწყობს იმის გაცნობიერებას, რომ პრობლემა არის გლობალური, ის ვერ იქნება თავისი შინაარსით ლკოკალური ხასითის და დედამიწაზე უნდა იზუნოს ყველამ. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების თანამონაწილეობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს რადგან პრობლემები, რომლებიც  ჩვენს წინაშე არსებობს, შეუძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ან არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით გადაწყდეს. ამ პროცესში თითოეული ადამიანი არის უძვირფასესი შენაძენი“,- აღნიშნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

საფრანგეთის ელჩის საქართველოში რენე სალენსის თქმით, „დეკემბერში პარიზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია კლიმატის ცვლილებებზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური დათბობის პროცესების შემცირებას. დღევანდელი დებატები არის ამ კონფერენციისთვის მზადება, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება არის ჩართული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი არ არის მხოლოდ მთავრობის განხილვის საგანი, მასში ჩართული უნდა იყოს საზოგადოებაც“.

„დღეს გარემოს დაცვის დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი დებატები იმართება მთელ მსოფლიოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვაკონტროლოთ გარემოსდაცვითი საკითხები.   საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ მიმართულებით. დღევანდელი დებატების მიზანია განვიხილოთ ის გზები თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ გარემო და გავამხნეოთ საზოგადოება, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში და მომავალ წელს განსხვავებული გარემო გვქონდეს“-განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

დებატებში  მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა, ყველა პროფესიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით და მოქალაქეებს შისაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ აზრი  დედამიწაზე მიმდინარე კლიმატურ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ყველაზე დიდ საჯარო დებატებში „კლიმატის ცვლილება“ მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 10 000–მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას. ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ჩაერთონ „COP21-მხარეების კონფერენცია 21”-ის დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში, რომელიც 2015 წელს პარიზში გაიმართება.

გლობალური სამოქალაქო დებატების ორგანიზატორები საქართველოში არიან CENN და გეო–ეკო ალიანსი. ღონისძიების პარტნიორები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
სხვა სტატიები »