ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში

29 აპრილი, 2015
23-24 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიმართა. ორდღიან სამეცნიერო ფორუმზე შვიდივე საფაკულტეტო კომისიების და  საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები წაიკითხეს ავტორებმა - თსუ პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.

ფორუმის წლევანდელი მონაწილეებისა და გამარჯვებული თემების ნუსხა საკმაოდ საინტერესოა. კერძოდ, ფორუმის მონაწილეთა შორის არიან:
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან დოქტორანტები: ვახტანგ ჭარაია, ირაკლი დოღონაძე, ოთარ ანგურიძე, მოხსენებით: „ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზემოქმედი ფაქტორების ანალიზი“, ბაკალავრებს შორის მეოთხე კურსის ბაკალავრი თამარ ბარბაქაძე მოხსენებით: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საწარმოთა ეკონომიკური მდგრადობა“. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან დოქტორანტი გიორგი ბურჯანაძე მოხსენებით: „ჰიპოკამპში კრეატინკინაზას აქტივობის ცვლილება ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევის პირობებში“ და ბაკალავრიატის სტუდენტი ლაშა ბარამიძე მოხსენებით: „ფურიეს მწკრივების ლოგარითმული საშუალოების წერტილოვანი კრებადობის შესახებ“. იურიდიული ფაკულტეტიდან დოქტორანტი გიორგი ამირანაშვილი მოხსენებით: „ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მესამე პირისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის ანალიზი)“. მაგისტრანტი სიმონ ტაკაშვილი მოხსენებით: „საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორისა და სისრულის პრეზუმცია - დემოკრატიული კანონმდებლობა თუ საკანონმდებლო ხარვეზი“. ბაკალავრიატის სტუდენტი თორნიკე ნემსწვერიძე მოხსენებით: „თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქები, როგორც ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთი საფუძველი _ არსებული რეალობა და პერსპექტივები საქართველოში“.

მედიცინის ფაკულტეტიდან დოქტორანტი: მარინე ქარჩავა მოხსენებით: ,,ინტერლეიკინ 28B გენოტიპის და ულტრასწრაფი ვირუსული პასუხის პროგნოზული  ღირებულება საქართველოში მწვავე და ქრონიკული ჩ ჰეპატიტით ავადმყოფებისათვის.“ მაგისტრანტი ნათია ადამია მოხსენებით: ,,რეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“. ბაკალავრიატის სტუდენტები მაია ღავთაძე და გიორგი ქისტაური მოხსენებით: ,,მაგნიტური ნანონაწილაკების მდგრადი სუსპენზია - "უნიმაგი“, მისი ჰიპერთერმული და მაგნიტური თვისებების კვლევა“.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ბაკალავრიატის სტუდენტი ეკატერინე ლაზარაშვილი მოხსენებით: "საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ტექნოგენური ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემები".

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. ბაკალავრიატის სტუდენტები ნინო ასათაშვილი და თეკლა ნემანიშვილი მოხსენებით: “ფემინისტებო, ჰაიტ“, ანუ ფემინისტების სტიგმატიზაცია საქართველოში: იდენტობა, სტიგმა და დაძლევა“.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: დოქტორანტი სოფიო მოდებაძე მოხსენებით: „მუსიკალური ხელოვნების კრიზისი პოსტმოდერნულ ეპოქაში“. მაგისტრანტი: გიორგი ქიტოშვილი მოხსენებით: „ლექციონარში დაცული იონა წინასწარმეტყველის გალობის ტექსტისათვის“. ბაკალავრიატის სტუდენტი ქეთევან ჭილაია მოხსენებით: „სივრცის ლინგვისტური სტრუქტურირება სკოლამდელი ასაკის ქართველ ბავშვებში“.

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები,  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ თსუ პროფესორების, ემერიტუსების, მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებების ავტორებს  გადაეცათ სერტიფიკატები და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.

თსუ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეული სამეცნიერო მოხსენებებისთვის მოხსენების ავტორებს ასევე გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა: ბაკალავრებს - 500 ლარის,  მაგისტრანტებს - 1000 ლარის, დოქტორანტებს - 1500 ლარის ოდენობით.

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით პირველად შარშან, 2014 წელს გაიმართა.  მასში თსუ ყველა ფაკულტეტის პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურად სამეცნიერო ფორუმისთვის გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის" რედაქციამ მოამზადა კრებული - "კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა ივანე ჯავახიშვილი” (შემდგენელი და რედაქტორი ნინო კაკულია), რომლის პრეზენტაციაც ფორუმის მსვლელობისას გაიმართა და კრებული სამეცნიერო ფორუმში გამარჯვებულებს გადაეცათ.

სხვა სტატიები »