ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

სამეცნიერო ფორუმი თსუ-ში

0 , 0000
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმით დასრულდა ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თსუ-ში. სამდღიან სამეცნიერო ფორუმზე საფაკულტეტო კომისიების და საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები წაიკითხეს ავტორებმა - თსუ პროფესორებმა, ემერიტუსებმა, მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.

ღონისძიებებს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „სამეცნიერო ფორუმის ჩატარების პირველი მცდელობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სამი დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ თსუ პროფესორების, ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტების საინტერესო კვლევების შედეგები. ივანე ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება. “

23 აპრილი, ფორუმის პირველი დღე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეულ თსუ პროფესორების, ემერიტუსების, მეცნიერ-თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს დაეთმო. ექვსივე ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო თითო ნაშრომი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან პროფესორმა იური ანანიაშვილმა წაიკითხა სამეცნიერო მოხსენება თემაზე: „არადაკვირვებადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისა და ანალიზის მოდელები“. მედიცინის ფაკულტეტიდან პროფესორმა პაატა იმნაძემ წარმოადგინა სამეცნიერო მოხსენება თემაზე: „განსაკუთრებით საშიში პათოგენების მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში“. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ფორუმისთვის შეირჩა ამავე ფაკულტეტის პროფესორის, აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის მოხსენება - „ვეფხისტყაოსანი - შექსპირისა და შექსპირის მემკვიდრეების წყარო“. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან შეირჩა პროფესორების ალექსანდრე შენგელაიას, დიმიტრი დარასელიას, დავით ჯაფარიძის, ზურაბ ჯიბუტის მოხსენება - „თანამედროვე ზეგამტარი და მაგნიტური ნივთიერებების სწრაფი სინთეზის ახალი მეთოდი.“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ წარმოადგინა მოხსენება „დემოგრაფიული უსაფრთხოება - უმთავრესი გამოწვევა საქართველოსათვის“. იურიდიული ფაკულტეტიდან შეირჩა ამავე ფაკულტეტის ემერიტუსის გურამ ნაჭყებიას მოხსენება - „სისხლის სამართალი“.

24 აპრილს თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები. მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა ბაკალავრებს - 500 ლარის, ხოლო მაგისტრანტებს- 1000 ლარის ოდენობით. ბაკალავრიატის სტუდენტთა ნამუშევრები ფაკულტეტების საბჭოებმა შეარჩიეს: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან მარიამ ჯიბუტმა წაიკითხა მოხსენება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საკვანძო საკითხები“; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ოთარ სახელაშვილმა წარმოადგინა მოხსენება - „ექვსგანზომილებიანი მემბრანული სამყარო“; იურიდიული ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო თორნიკე ნემსწვერიძის მოხსენება - „ხვამლის ადგილი ფეოდალური საქართველოს მმართველობით სისტემაში“, მედიცინის ფაკულტეტიდან სალომე შამათავამ წაიკითხა მოხსენება - „არტერიული ჰიპერტენზია“; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მარიამ ნუცუბიძემ წარმოადგინა მოხსენება - „IOYPOEIПААХ“ (იუროეპაახ); სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა მარიამ ღრეულმა, ბარბარე გეთიამ წაიკითხეს მოხსენება - „ავტორიტეტის გავლენა სამუშაოს შესრულებაზე“.

საფაკულტეტო საბჭოებმა შეარჩიეს მაგისტრატურის სტუდენტთა ნაშრომებიც: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მირანდა გაბელაიამ წაიკითხა მოხსენება - „წამახვილებული ღეროს რხევის ერთი ამოცანის შესახებ იერარქიული მოდელების (0,0) მიახლოებაში“; იურიდიული ფაკულტეტიდან ანა თოხაძემ წარმოადგინა მოხსენება - „დივიდენდის გაუცემლობა, როგორც მცირე აქციონერის ქონებრივი უფლების შეზღუდვა“; მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა ლამარა გრატიაშვილმა, ლიანა ნემსაძემ, თამარ ნაროუშვილმა, სალომე როდონაიამ, თამარ მაისურაძემ, ირაკლი ბახუტაშვილმა წარმოადგინეს მოხსენება - „სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველადი პრევენცია და ქართველ ქალთა ინფორმირებულობის დონე“; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტმა კახაბერ ყალიჩავამ წაიკითხა მოხსენება - „გზა ომისაკენ - 2008 წელი იანვრიდან აგვისტომდე“; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა თინათინ ბანძელაძემ და თამარ ჩხაიძემ წარმოადგინეს მოხსენება - „სტიგმის უარყოფითი გავლენა აკადემიურ მიღწევებზე ეთნიკურ უმცირესობებში“.

საფაკულტეტო საბჭოების მიერ შერჩეული სამეცნიერო მოხსენებები დოქტორანტებმა 25 აპრილს წარმოადგინეს. მოხსენების ავტორებს - თსუ დოქტორანტებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 1500 ლარის ოდენობით. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტებმა ვახტანგ ჭარაიამ, გიორგი გაფრინდაშვილმა, ირაკლი დოღონაძემ წაიკითხეს მოხსენება - „საქართველოს გლობალური კონკურეტუნარიანობა, შედარებითი ანალიზი“; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან გიორგი ტეფნაძემ მოხსენების - „შემოსაზღვრული ოპერატორები ჰარდის მარტინგალურ სივრცეებზე“ პრეზენტაცია გამართა; იურიდიული ფაკულტეტიდან სერგი ჯორბენაძემ წაიკითხა მოხსენება - „რეკლამის განთავსება ტელემაუწყებელზე“; მედიცინის ფაკულტეტიდან მარიამ ველიჯანაშვილმა წარმოადგინა მოხსენება - „სიცოცხლის შეზღუდული ხანგრძლივობის გაცნობიერების პირობებში მოთხოვნილებებისა და პალიატიური მზრუნველობისადმი დამოკიდებულებათა გამოკვლევა“; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა აკაკი ჩიქობავამ წაიკითხა მოხსენება - „ქართული პატრონყმობის თავისებურებები და მისი რეპრეზენტაცია დასავლეთევროპული ფეოდალიზმის ჭრილში“; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ჯაბა უროტაძემ წაიკითხა მოხსენება - „საქართველოს საპენსიო პოლიტიკა და ალტერნატიული მოდელები“.

ფორუმის პარალელურად, თსუ მუზეუმში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ერთადერთი რაინდი“ გაიმართა.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს.


სხვა სტატიები »