ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"ჩვენი მშობლიური კულტურა აყალიბებს ჩვენს აღქმას"

20 აგვისტო, 2013
კულტურა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფორმირებაზე, მისი წარმოდგენებისა და, საზოგადოდ, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. რა ტენდენციებია დღეს თანამედროვე მეცნიერებაში კულტურული გავლენების შესწავლის თვალსაზრისით? ავლენს თუ არა თავს თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში მისი მშობლიური კულტურის სპეციფიკური თავისებურებები? რა შედეგებს აჩვენებს კვლევები ამ მიმართულებით? _ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავისი კვლევებით ცდილობს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლალი სურმანიძე. მკვლევარი უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გასაყარზე, ინტერდისციპლინურ სფეროში. 

„თანამედროვე სამეცნიერო კვლევა-ძიების ცენტრი ადამიანია, რაც განპირობებულია დროის მოთხოვნებით - ცნობიერების ტრანსფორმაცია, შინაარსეული ცვლილებები თუ ღირებულებრივი აქცენტების გადანაცვლება დღეს აშკარაა. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ  ლოკალურ-კულტურული კონტექსტების შესწავლა, კერძოდ, ადამიანის ყოველდღიური ცნობიერების რეალური შინაარსების, ფსიქოლოგიური განწყობების, აღქმის სტერეოტიპების, ქცევის მოდელების, ჩვევების, მოთხოვნილებების, ღირებულებათა სისტემების კულტურული მრავალგვარობისა და ყოველდღიური გამოცდილების გავლენით მათი მოდიფიკაციის შესწავლა ისევე აქტუალურია, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი მოძრაობების ფართო ძალებისა. ამიტომ დარგთა ანთროპოლოგიზაცია დღეს ერთ-ერთი უმძლავრესი ტენდენციაა. თანამედროვე მეცნიერებაში  „ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიად“ სახელდებული ინტერდისციპლინური სფერო, რომელიც აერთიანებს რამდენიმე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ, კოგნიტურ და კულტურის შემსწავლელ დარგებს, ორიენტირებულია  ფსიქიკური ფუნქციონირების პროცესების შესწავლაზე კულტურულ კონტექსტებში. ჩემი კვლევებიც ამ სფეროში თავსდება“ - ამბობს ლალი სურმანიძე.

კვლევა სათაურით „სტერეოტიპები პიროვნული თვისებების კულტურული კონსტრუქტების შუქზე“, რომელიც დღევანდელი სტატიის საგანია, გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში ВЕСТНИК Российского университета дружбы народов. НАУЧНЫЙ ЖУРНАЛ. Серия СОЦИОЛОГИЯ. 2010,  № 2  Москва, 41-51 (ინგლ. და რუს. ენაზე).

„ადამიანის ცნობიერებაში კულტურული კოდები იმპლიციტურად, არააშკარად მოიცავს მენტალურ-კულტურულ ორიენტაციებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენა, პირველ რიგში, ენობრივი ფოლკლორი - ის უშუალოდაა ჩაწნული ყოფასა და ფსიქოლოგიაში, მეტაფორულია და ამიტომ ეკონომიკური აღწერისთვის ენობრივი ფოლკლორული მასალის გამოყენება კვლევაში შესაძლებელს ხდის კულტურის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლას არა აბსტრაქტულად, ისტორიული კონტექსტის გარეშე, არამედ კულტურის თავისებურებათა კონტექსტში“. _ აღნიშნავს მეცნიერი.

კვლევა თანამედროვე ქართველთა სამყაროს სურათის იმ ასპექტებს ეხება, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული კულტურულ-ისტორიულ პლასტებთან. ესაა, ერთის მხრივ, პიროვნების შეფასების კრიტერიუმები, რომელთა გამოსავლენად ჩატარებულ ექსპერიმენტულ კვლევაში გამოყენებული იყო ქართული ფოლკლორული იდიომები (ხატოვანი გამოთქმები); მეორეს მხრივ - დამოკიდებულებები იმ სტერეოტიპთა მიმართ, რომლებიც წარმოადგენს ე.წ. კულტურულ უნივერსალიებს იმდენად, რამდენადაც ეს სტერეოტიპები საზოგადოდ არსებობს ყველა კულტურაში. კვლევისთვის შეირჩა ისეთები, რომლებიც ტიპურია, პირველ რიგში, ქრისტიანული ქვეყნებისთვის.

მკვლევარი ამბობს, რომ „ორივე საკვლევი თემა - პიროვნების შეფასების კულტურული კრიტერიუმებიც  და სტერეოტიპებიც მეცნიერებაში ძალზე აქტუალურია: პირველი უკავშირდება პიროვნების შეფასების კრიტერიუმთა უნივერსალურობისა და კულტურულ-სპეციფიკურობის ძალზე მნიშვნელოვან მეცნიერულ პრობლემას - ამგვარ კვლევა-ძიებაში მთელს მსოფლიოში მეცნიერთა არაერთი მრავალეროვანი  კოლექტივია ჩართული, სტერეოტიპთა კვლევა კი საზოგადოდ მიიჩნევა ყოველდღიური ცნობიერების შესწავლის ერთ-ერთ აღიარებულ  საშუალებად, რამდენადაც სტერეოტიპის უკან დგას არა უბრალოდ სტერეოტიპი, როგორც ასეთი, არამედ სტერეოტიპით აღნიშნული მთელი მოვლენა თავისი მრავალფეროვნებითა და ფუნქციით სოციო-კულტურულ ცხოვრებაში“. 

ფსიქოსემანტიკური ექსპერიმენტული მეთოდი, რომელიც კვლევაში არის გამოყენებული, ფსიქოლინგვისტური მეთოდების ნაირსახეობაა და შედეგების თვალსაჩინოდ, სემანტიკური სივრცის სახით წარმოდგენის საშუალებას იძლევა. ამასთან, თავისი არსით, ეს მეთოდი ინტერდისციპლინურია და გამოიყენება ცნობიერების საკვლევად სოციოკულტურული ცხოვრების მრავალ სფეროში,  პოლიტიკიდან აღზრდის მეთოდებამდე. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდით მოპოვებულ მონაცემთა მათემატიკური დამუშავება  ეყრდნობა რთულ, ახსნითი  სტატისტიკის პროცედურებს და, ამდენად, მონაცემთა სანდოობას მაქსიმალურად განსაზღვრავს. მოცემული კვლევა ე.წ. ემიკური კვლევაა, ანუ კულტურის კვლევა „შიგნიდან“, მისთვის სპეციფიკური კონცეპტების, ჩვენს შემთხვევაში ქართული ფოლკლორული ხატოვანი გამოთქმების გამოყენებით.

კვლევაში მონაწილეობდა ორივე სქესის 25-დან 45 წლამდე ასაკის 50 ქართულენოვანი პირი, რომლებმაც 6-ბალიანი შკალის სახით წარმოდგენილი 90 ქართული ფოლკლორული ხატოვანი გამოთქმით (მაგალითად, „რწყილის გატყავება“,   „ვირზე შეჯდომა“, „არც მწვადის დაწვა, არც შამფურის“,   „სხვის დუდუკზე ხტუნვა“ და სხვ.) შეაფასა ისტორიულ-არქეტიპული სტერეოტიპის აღმნიშვნელი 10 ცნება: ხელოსანი, ფილოსოფოსი, მევახშე, მეომარი, მეძავი, აღმშენებელი, დამპყრობელი, სულიერი მოძღვარი, ჯალათი და მსაჯული.  მონაცემთა დამუშავების შემდეგ გამოიყო  შეფასების 4 კრიტერიუმი, რომლებიც საკვლევ სტერეოტიპთა კონტექსტში მკვლევარის მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც „მიწიერება-სულიერება“, „დემონსტრაციულობა“, „მოქნილობა“ და „აქტიურობა-პასიურობა“. ამგვარად, ცდის მონაწილეები იმპლიციტურად (ანუ ქვეცნობიერად, არააშკარად) სტერეოტიპთა შესაფასებლად სწორედ ამ ოთხ კრიტერიუმს იყენებენ. 

ამ კვლევამ ქართველთა ცნობიერების ბევრი საინტერესო ორიენტაცია გამოავლინა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ყველაზე „მძიმე უღელს“ ეწევა აღმშენებელი,  „ტყუილების ცხობა“ ყველაზე უკეთ დამპყრობელს ეხერხება, ხოლო „აუტკივარი თავის ატკივება“ - ფილოსოფოსს და სულიერ მოძღვარს. საერთოდ, ფილოსოფოსი, აღმშენებელი, სულიერი მოძღვარი და მსაჯული დადებითი აღწერებითაა ასახული სემანტიკურ სივრცეში, რაც ისტორიულ მიმართებას ავლენს, რამდენადაც სტერეოტიპთა ოთხივე ტიპი ტრადიციულად საქართველოში სულიერების მაღალი ნიშნით გაიაზრებოდა, დაფასებული და პატივსაცემი პიროვნებები იყვნენ, როგორც აღმზრდელნი და განმანათლებელნი. მკვლევარი განსაკუთრებით აღნიშნავს აღმშენებლის სტერეოტიპის რეპრეზენტაციას მათ მონაცემებში. ლალი სურმანიძის თქმით: „როგორც ჩანს, არსებობს უმტკიცესი ასოციაციური კავშირი სიტყვა „აღმშენებელსა“ და დავით აღმაშენებლის პიროვნებას შორის. ცნობილია, რომ მეფე დავითი საქართველოში გონიერების, სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და აღმშენებლობის სიმბოლოდაა ქცეული. სწორედ ამის ილუსტრაციაა „აღმშენებლის“ სტერეოტიპის აღწერა ჩვენი კვლევის შედეგად შექმნილ სემანტიკურ სივრცეში - ეს თითქოს მეფე დავითის შეფასებაა: სულიერების კრიტერიუმით ის ტოლს მცირეოდენი სხვაობით მხოლოდ „სულიერ მოძღვარს“ უდებს, ქცევის დემონსტრაციულობის თვალსაზრისით მასზე უფრო ძუნწია; საინტერესოა, რომ მოქნილობის კრიტერიუმით სტერეოტიპთა შორის „აღმშენებლის“ სტერეოტიპს  ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს და ამართლებს აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ აღნიშნულ მის ერთ-ერთ თვისებას - „მოხელოვნებას“, ანუ ხერხის ხმარების უნარს, მოქნილობას, ელასტიურობას; აქტიურობის კრიტერიუმით „აღმშენებლის“ სტერეოტიპი ასევე უმაღლესი მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ცნებას „აღმშენებელი“ ქართულ კულტურაში თავისი განსულიერებული სახე-ხატი ჰყავს დავით აღმაშენებლის სახით და მიეწერება მისი ძირითადი თვისებები:  ამაღლებულობა, თავშეკავებულობა, აქტიურობა და მოქნილობა“. 

კვლევას საკმაოდ მრავლისმომცველი შედეგები აქვს, მკვლევარი მათგან მხოლოდ რამდენიმეს აღნიშნავს: „სემანტიკურ სივრცეში, მაგალითად, პოზიტიურადაა აღწერილი „მსაჯულის“ სტერეოტიპი. "ვფიქრობ, ამგვარი მენტალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში თავისი როლი უნდა ეთამაშა   როგორც მართლმსაჯულების თავისებურებას ფეოდალურ საქართველოში, ისე ამ სიტყვის სემანტიკურ შეჭიდულობას უზენაეს მსაჯულთან - ღმერთთან; იმავდროულად, „მსაჯულის“ სტერეოტიპი საკმაოდ ხისტია და უფრო მოუქნელობისკენ იხრება. „მიწიერ“ პერსონაჟებად გვევლინებიან ხელოსანი, მევახშე, მეომარი, მეძავი, დამპყრობელი  და ჯალათი. ეს უკანასკნელი სემანტიკურ სივრცეში „სულიერი მოძღვრის“ ანტიპოდია - ის უკიდურესად არადემონსტრაციული, არააფიშირებულია ქცევაში,  პასიურია და მოუქნელი. თავისი უსახურობით „ჯალათის“ სტერეოტიპი სხვისი ნების აღმსრულებელი მექანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რომ ქართული სამართლის ძეგლებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ვის ევალებოდა სასიკვდილო განაჩენის აღსრულება,  სიკვდილის მისჯის განსაკუთრებულ შემთხვევებში (თამარ მეფის დროიდან სიკვდილით დასჯა საერთოდ აიკრძალა), როგორც სჩანს, განაჩენის აღსრულება მოწვეულ პირებს ევალებოდათ. ამგვარად, ჯალათთა ინსტიტუტი საერთოდაც არ არსებობდა. ვფიქრობ, რომ  „ჯალათის“ სტერეოტიპი ქართულ მენტალობაში სასტიკ დამპყრობელთან ასოცირდება და არა ამ კატეგორიის პირთა შესახებ ცოდნასთან. ჩვენი კვლევის მიხედვით, დანარჩენი მიწიერი პერსონაჟები ქცევით გამოვლინებებში დემონსტრაციულობით გამოირჩევიან, აქტიურობის ყველაზე მაღალი ხარისხი ახასიათებს მევახშეს, განსხვავებით მეძავისგან, რომელსაც ჩვენი ცდის მონაწილეები,  სემანტიკური სივრცის მიხედვით, ნეგატიურად აღიქვამენ. თუმცა, იქვე ვლინდება ტრადიციული ფემინური სტერეოტიპის უძლიერესი გავლენაც, მაგალითად, თავისი საქმიანობის სპეციფიკის მიუხედავად, მიწიერ პერსონაჟთაგან ის ყველაზე უფრო პასიურია“. - ამბობს ლალი სურმანიძე.

ამგვარად, მკვლევარი ასკვნის, რომ ჩვენი ცნობიერება მოიცავს მენტალურ აღქმებს, რომლებიც კულტურული აღქმის სისტემაშემქმნელი ბადის ელემენტად გვევლინება და ამით გარკვეულ როლს ასრულებს ჩვენს მიერ სამყაროს აღქმაში. ლალი სურმანიძის თქმით, ეს თეზისი სხვა კვლევებითაც, მათ შორის, ბევრი მისი კვლევითაც დასტურდება. იმავდროულად, არსებობს, ერთი მხრივ, საყოველთაოდ გავრცელებად ცვლილებათა ტენდენციები, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროცესებში კულტურათშორისი ვარიაციებიც.  

ყოველდღიური ცნობიერების ფსიქოანთროპოლოგიური ასპექტების კვლევა ლალი სურმანიძის ძირითადი სამეცნიერო ინტერესია, რასაც არაერთი ფსიქოსემანტიკური კვლევა მიუძღვნა. მაგრამ ექსპერიმენტული კვლევების გარდა, თანამედროვე გლობალისტურ სამყაროში ცნობიერების ტრანსფორმაციის დინამიკის შესასწავლად ის იყენებს სხვა კვლევით მეთოდებსაც, ძირითადად, თვისებრივ და ტექსტის ანალიზის მეთოდებს. მისი კვლევითი ინტერესები, ასევე,  მოიცავს კულტურის  ტიპოლოგიური თავისებურებებისა და კულტურის კვლევის მეთოდოლოგიური პრობლემების შესწავლას.

სხვა სტატიები »