ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქართველი მეცნიერის თვალით დანახული ქართული საბაჟოს რეფორმები

20 აგვისტო, 2013
2012 წლის 11-13 აპრილს იტალიაში, რომის „Tor Vergata"-ს უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში ჩატარდა  კონფერენცია თემაზე “წინააღმდეგობები საჯარო მმართველობაში არასტაბილურ პერიოდში”. კონფერენციის მონაწილე 69 ქვეყნის მეცნიერთა მოხსენებები გამოიცა კრებულად. მათ შორის არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორის რუსუდან სეთურიძის სამეცნიერო ნაშრომი: „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“ (თანაავტორი ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი).

როგორც რუსუდან სეთურიძე განმარტავს, სტატია ეხება საქართველოს სახელმწიფოს ერთ–ერთ სტრატეგიულ სფეროში, საბაჟო სისტემაში 2004-2012 წლებში განხორციელებულ ეფექტიან რეფორმებს. სტატიის მიზანი იყო მსოფლიო სამეცნიერო წრისათვის გაეცნო საქართველოს ქართული რეფორმების გამოცდილება - თავისი მიღწევებითა და წინააღმდეგობებით.  

სტატიაში „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“  ავტორი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს 2000 წლიდან. დღეს მას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და ცდილობს მიაღწიოს საუკეთესო სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობებს  პარტნიორ ქვეყნებთან.

თუმცა, აქამდე საქართველოს საკმაოდ მძიმე საწყისიდან მოუხდა მოძრაობის დაწყება. სტატიაში ავტორი საუბრობს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართულ საბაჟოზე  დანერგილ მანკიერ პრაქტიკაზე, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში კანონმდებლობით იყო დარეგულირებული. რუსუდან სეთურიძის აზრით, რეფორმამდე დამატებითი პრეფერენციების მიღების მიზნით, უამრავი  საკანონმდებლო ცვლილება  ლობირებული იყო ცალკეული ჯგუფების მიერ და ამ კონკრეტული ჯგუფის პირად ინტერესებს ემსახურებოდა. ხდებოდა ინვესტორის დაინტერესება საგადასახადო შეღავათების დაწესების შეპირებით, რაც ქვეყანაში იზიდავდა საეჭვო წარმოშობის მოკლევადიან სპეკულაციურ კაპიტალს. დანერგილი იყო უმსხვილესი მასშტაბების კორუფციული  გარიგებების ინსტრუმენტები, ბიუჯეტი სრულდებოდა ქაღალდზე, კანონმდებლობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. არსებობდა ფიქტიური ფირმები, რომლის მეშვეობითაც მრავალი დანაშაულებრივი გარიგება ხორციელდებოდა.

რეფორმის შემდეგ კი საიმპორტო ტარიფები გაუქმდა პროდუქციის დაახლოებით 90 პროცენტზე და ამჟამად მოქმედებს მხოლოდ სამი სახის ტარიფი (0%, 5%, 12%), ადრე არსებული 16-ის ნაცვლად. საბაჟო გადასახადები დაწესებულია მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და სამშენებლო მასალებზე. გარდა ამისა, ქვეყანაში არ მოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვები (ქვოტები) იმპორტსა და ექსპორტზე; არ არის ტარიფები ექსპორტზე, რეექსპორტზე ან ტრანზიტზე; გამარტივებულია ექსპორტისა და იმპორტის პროცედურები, ძალიან მცირეა ნებართვების რაოდენობა. ერთი სარკმლის პრინციპით გაიცემა სერთიფიკატები და ნებართვები; ევროკავშირისა და ტექნიკური რეგულაციების აღიარება უპრობლემოდ ხდება ასევე შიდა ბაზარზე; მნიშვნელოვნად გამარტივდა საექსპორტო და საიმპორტო პროცედურები; განახევრდა ქაღალდთან შრომატევადი სამუშაოები. 

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან (თურქეთი, დსთ). მოსამზადებელი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ  შეთანხმებასთან  და  აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 2003-2009 წლებში, ყოველწლიურად სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა საშუალოდ 30%-ით, ხოლო ექსპორტი გაიზარდა 3.4-ჯერ.

განხორციელდა საბაჟო მოსაკრებელის სისტემის ჰარმონიზაცია GATT-ის პრინციპებთან. საბაჟო მოსაკრებელი,  ნაცვლად ადვალური სისტემისა, ჩამოყალიბდა ფიქსირებული გადასახადის სახით; დამტკიცდა საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი _ მონაცემთა ერთობლიობა საქართველოში პროდუქციის იმპორტისას მოქმედი გადასახადების განაკვეთების, შეღავათების, აკრძალვებისა და შეზღუდვების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო კოდებით, რაც რეფორმამდე ათეულობით დადგენილებით რეგულირდებოდა და დიდ სირთულეებს ქმნიდა.

მიუხედევად ამისა, რეფორმას, მეცნიერის შეფასებით, ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეებიც: დადებითი ძვრების ნაწილზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. იმის დასამტკიცებლად, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ საბაჟო სისტემაში მოხდა ძირეული ცვლილებები და რეფორმებმა თავისი შედეგები გამოიღო, რუსუდან სეთურიძე რამდენიმე რიცხვს ასახელებს. კერძოდ,  საქართველოში 2005 წელს საბიუჯეტო შემოსავლები იყო 1837 მილიონი ლარი, 2010 წელს კი უკვე 4592 მილიონი ლარი. ავტორის აზრით, აღნიშნულის მიღწევა, შესაძლებელი გახდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების სფეროში კორუფციის აღმოფხვრით, ახლებური მიდგომით და ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდით.

მკვლევარის აზრით, სწორედ ამ ცვლილებების გამო, მსოფლიო ბანკის პუბლიკაციებში საქართველოში ჩატარებული რეფორმების შესახებ აღნიშნულია, რომ საქართველო 2003 წლიდან რეგიონში სამაგალითო რეფორმატორ ქვეყნად იქცა, რომლის გამოცდილებასაც სხვა სახელმწიფოებიც ეცნობიან და იზიარებენ.

საბაჟო რეფორმის ხარვეზებიდან რუსუდან სეთურიძე შემდეგს გამოყოფს:  რადგან საბაჟო რეფორმები რიგითი ადამიანისთვის ხელშესახები ჯერ ვერ გახდა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე ჯერჯერობით კვლავ დაბალი რჩება; რეფორმების ჩატარება იწვევს დასაქმებულების რაოდენობის შემცირებას, სხვადასხვა სამსახურის დახურვას და უმუშევარი ხალხის უკმაყოფილებას; ზოგჯერ რეფორმას ღირსეული კვალიფიციური კადრი ეწირება, რაც უარყოფით ემოციებს იწვევს; ზოგიერთი ხელმძღვანელი თავისი პირადი ინტერესებისათვის იყენებს რეფორმების დროს მიმდინარე ცვლილებებს; რეფორმის დროს დაშვებული შეცდომები უფრო მეტად მტკივნეულად აღიქმება პატარა ქვეყნებში; რეფორმის განხორციელების დროს დაშვებული პატარა შეცდომა დიდ რეზონანს იწვევს და ა.შ.

საქართველოს საბაჟო სისტემაში 2004-2012 წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების შემდეგ, სტატიაში „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“ გაკეთებულ დასკვნით ნაწილში  ავტორი აღნიშნავს, რომ საბაჟო სისტემის შეფასებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს სამართლიანობა. დაბეგვრის თვალსაზრისით სამართლიანობის საბაჟო პოლიტიკის განსაზღვრისას  მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მიდგომებით, თუ რა პრინციპებით განისაზღვრება სამართლიანობა. ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე  პრობლემატურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხს გადაწყვეტილების მიღებისას.

„საქართველოს მიზანია სამართლიანი ადმინისტრირების სისტემის ჩამოყალიბება, რათა საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ვაჭრობაში, ასევე სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და პროგრესული წევრი, რომელიც სისტემატურად ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გამორიცხვის გზით. საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაცია ბაზარზე იმპორტირებული საქონლის გაიაფებას გამოიწვევს, რაც კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანას აზრს უკარგავს და ბიზნესის სრული ლეგალიზების საშუალებას იძლევა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის სექტორის განვითარება რეგიონში, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებს მოიცავს. ნულოვანი საბაჟო ტარიფი ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორის განვითარების რეალურ პერსპექტივას ქმნის, რაც დიდი სტიმული იქნება საქართველოს ეკონომიკის შემდგომი აღმავლობისათვის,” - ასეთია სტატიის „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“  საბოლოო დასკვნა.

სხვა სტატიები »