ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

შაჰ-ნამეს ვერსიები საქართველოდან

შაჰ-ნამეს ვერსიები საქართველოდან
20 აგვისტო, 2013
2012 წელი მთელს მსოფლიოში გამოცხადებული იყო კაცობრიობის ერთ-ერთი  უდიდესი მწერლის ფირდოუსისა და მისი უკვდავი ლიტერატურული ძეგლის, "შაჰ-ნამეს” საიუბილეო თარიღად. „მეფეთა წიგნი“ ანუ „წიგნი მეფეთა შესახებ“  ძველ ირანელ მეფეთა ისტორიულ ქრონიკებს, ეპიკურ თხზულებებს, მითოლოგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს ეფუძნება. მისი ცალკეული ნაწილები კი სასანიანთა ეპოქაში შეიქმნა. გარდა ისტორიული ცნობებისა, ამ ნაწარმოებში თავმოყრილი იყო ირანელი ხალხების მიერ შეთხზული მითებისა და ლეგენდების ფრაგმენტები. მიუხედავად იმისა, რომ იგი სპარსული ნაწარმოებია, VIII-IX საუკუნეებში არაბულ ენაზე გაჩნდა ფალაური ძეგლის ათამდე თარგმანი („ხოდაინამე“ — „მეფეთა ცხოვრება“). თუმცა, არც ორიგინალს, არც არაბულ თარგმანებს დღემდე არ მოუღწევია, წყაროებმა (ალ-მასუდი, ალ-ისტახრი) შემოგვინახეს მხოლოდ მთარგმნელთა სახელები (იბნ-ალ-მუკაფა, ბარმაქი და სხვა) და ცალკეული დეტალები.

”შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტშია. ამ ნაწარმოების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შარშან სიმპოზიუმი   გაიმართა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელსაც ისტორიული კავშირი გააჩნია ამ ძეგლთან,  საკუთრი მოხსენებები წარადგინა. მათ შორის იყვნენ ქართველი მეცნიერებიც. კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიკოსის ჩარლზ მელვილის პროექტის "შაჰ-ნამეს" დასურათებული ხელნაწერების” ფარგლებში, სიმპოზიუმზე მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსმა კურატორმა, ხელოვნებათმცოდნე ირინე კოშორიძემ. მოხსენების სახელწოდება იყო - ”შაჰ-ნამე" ქართულ კულტურაში -ქართული დასურათებული ხელნაწერების მიხედვით”. (კვლევა და ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დაფინანსებული იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ).

”ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა "შაჰ-ნამეს" როლი და მნიშვნელობა ქართულ კულტურაში, რადგან საქართველო ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ პოემის შექმნის პერიოდიდან, ანუ X-XI საუკუნეებიდან   კარგად იყო ცნობილი ქართველებისთვის. მისი თარგმანების სხვადასხვა ვერსიები საქართველოში შუა საუკუნებში ფართოდ ცირკულირებდა და ჩვენამდე სხვადასხვა ვერსიებად და ნაწილებადაა მოღწეული. ეს ირანული ეპოსი იმდენად  იყო გათავისებული ქართველთა მიერ, რომ მას საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობადაც განიხილავდნენ,”-  ამბობს ირინე კოშორიძე.  

მეცნიერთა მტკიცებით, ქართულ სინამდვილეში გვხვდება როგორც ”შაჰ-ნამეს”   პროზაული და პოეტური ვერსიები, ასევე ცნობილია ხალხური, სრულიად გაქართულებული “როსტომიანი”, რომლის ლიტერატურული პირველწყარო სწორედ ”შაჰ-ნამე” უნდა იყოს. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანშიც”. 

ირინე კოშორიძის განმარტებით, ხანდახან ”შაჰ-ნამეს” ვერსიები ქართულ სინამდვილეში ძალზე სახეცვლილია და იმდენადაა გათავისებული და შესისხლხორცებული ქართველი ხალხის მიერ, რომ ნაწარმოების გმირები ეროვნულ ქართველ გმირებადაც კი მოიაზრებიან. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართულ ყოფაში ძალზე პოპულარულია “შაჰ-ნამეს” გმირების სახელები: რუსთამ - როსტომი, თიჰმურაზ-თეიმურაზი,  ჰაუსჰანგ-უშანგი, გივ-გივი, მეჰრაბ-მერაბი, ბეჟანი და სხვა... 

დღემდე მოღწეული ფრაგმენტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში პოემა განსაკუთრებით პოპულარული გახდა XVII-XVIII საუკუნეებში - ქართველთათვის ძალზე მძიმე ისტორიულ-პოლიტიკურ სიტუაციაში. აი რას წერს ამის შესახებ ანონიმი ქართველი მწერალი, “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი ქართული ნათარგმნი ვერსიის მინდვრის მინაწერზე: ”ჰოი მკითხველო, არ გაიცინო ამ წიგნის კითხვისას, არამედ ყურადღებით წაიკითხეთ იგი. თქვენ აქ იპოვით ქართველთა ძველს ეთიკურ ნორმებსა და ტრადიციებს, გმირულ წარსულს და ისტორიებს, რომლებიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა, ჩვენი წინაპრებისგან ახალგაზრდა თაობას, რომლებიც ამ ისტორიებზე იზრდებიან, ისტორიებზე, რომლებიც მათში აფხიზლებს და აყალიბებს სულის, გონებისა და სხეულის სიმტკიცეს. მრავალ სიბრძნეს იპოვით ამ წიგნში”. 

საქართველოში ”შაჰ-ნამეს” სიყვარულის  შესახებ წერდნენ უცხოელები, მოგზაურები და მისიონერებიც, რომლებიც  საქართველოში მოღვაწეობდნენ. 
როგორც ირინე კოშორიძე აღნიშნავს, “შაჰ-ნამეს” ცალკეული წიგნების (დასთანები) შემორჩენილი თარგმანები ჩვენს ქვეყანაში XV ს-ში ჩნდება, ხოლო  XVI-XVII საუკუნეებში ეს პოემა განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ჩვენამდე მოღწეულია ამ პერიოდის ათობით თარგმანი. მიუხედავად ამისა, ”შაჰ-ნამეს” ერთი მთლიანი ვერსია დღემდე ქართულად არ არის შემონახული. თარგმნილია პოემის ცალკეული თავები, რომლებიც სხვადასხვა გმირის ისტორიებს მოგვითხრობს.  როგორც ჩანს, ქართველები სწორედ იმ ეპიზოდებს თარგმნიდნენ, რომლებიც მათთვის აქტუალური და ახლობელი იყო. 

კემბრიჯში გამართულ სიმპოზიუმზე, მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტში მოექცა საქართველოში დაცული ”შაჰ-ნამეს” ის ვერსიები, რომლებიც ილუსტრირებულია. ირინე კოშორიძის მოხსენების თანახმად, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ხუთი ხელნაწერია ილუსტრირებული. ერთ-ერთია “უთრუთიანი (ზომა 26,5X18სმ), შედგება 234 გვერდისგან. წიგნი მოგვითხრობს ისტორიას პირველი მეფის მეფობიდან გაიუმარიდან ნარიმანამდე. ხელნაწერს აკლია ბოლო ნაწილი. იგი დათარიღებულია XVII საუკუნით. პოეტური ვერსია შესრულებულია აღმოსავლურ ქაღალდზე და ჩასმულია ტყავის ყდაში. ხელნაწერში ცხრა მინიატიურაა, ყველა მათგანზე გმირები არიან გამოსახულნი სხვადასხვა ბოროტ არსებებთან ბრძოლის დროს - სამი უთრუთის პორტრეტია, ერთი გორშასპის, ორი ზაჰაკის, ერთი როსტომის ბაბუის - ნარიმანის და კიდევ ერთი - ნარიმანის მეუღლის პორტრეტებია. მინიატიურათა შესრულების სტილი ძალზე პრიმიტიულია. მწირია მინიატიურათა კოლორიტული გამა, რომელიც ბაცი ნარინჯისფრის, წითელისა და ყვითელის ურთიერთშეხამებაზეა აგებული. მინიატიურები ხელნაწერის ცალკე ფურცლებზეა მოთავსებული. ხანდახან მათ ახლავთ განმარტებითი წარწერები. მიუხედავად შესრულების ერთგვარი პრიმიტიულობისა, მინიატიურები საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია, რადგანაც მათ  შენარჩუნებული აქვთ ემოციურობა, გრძნობათა  და მოქმედებათა გამოხატვის სიხალასე.

მინიატიურებით არის მოხატული “უთრუთიან-საამიანის” - პროზაული ვერსია. იგი შესრულებულია ქაღალდზე, ჩასმულია ტყავის ყდაში. 296 ფურცლისგან შედგება( ზომა - 30,5X21 სმ), ხელნაწერი უხვადაა დასურათებული - სულ 65 მინიატიურით. იგი მოგვითხრობს ისტორიას ქაიუმართიდან (ფაქტობრივად ეს “შაჰ-ნამეს” დასაწყისია) ზაალის დაბადებამდე. ხელნაწერს აკლია ბოლო ნაწილი და მთავრდება მანუჩარისა და საამის შეხვედრით და მეფის ომში წასვლით. ხელნაწერის ბოლოს არის მინაწერი, სადაც მოხსენიებულია, რომ იგი დასრულებულია 1647 წელს კალიგრაფის, პოეტისა და მინიატიურისტის მამუკა თავაქარაშვილის მიერ. ეს უკანასკნელი ცნობილი პიროვნებაა მე-17 საუკუნის საქართელოში. 1647 წელს მან “შაჰ-ნამეს” ორი ხელნაწერი გადაწერა - “ზააქიანი”-ილუსტრაციების გარეშე, და მეორე - “უთრუთიან-საამიანი” მდიდრულად ილუსტრირებული მინიატიურებით. ილუსტრაციებს ხან ხელნაწერის ფურცლის დიდი ნაწილი, ხან ორივე - რეტრო და ვექტო, ხანაც მთლიანად ერთი ფურცელი უკავიათ. მათი უდიდესი ნაწილი მრავალფიგურიანი კომპოზიციებია და ირანელთა ლეგენდარული მეფეებისა და მათი ფალავნების მტრებთან შერკინებებს ასახავს.  
ორივე ხელნაწერი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

”შაჰ-ნამეს” რამდენიმე  ქართული ხელნაწერი ინახება პეტერბურგის სალტიკოვ-შედრინის ბიბლიოთეკაში. ხელნაწერში, რომელსაც მეცნიერები N15-ს უწოდებენ, მოთხრობილია ისტორია ზაალის დაბადებიდან გოშთასფის მეფობამდე. ხელნაწერი XVII საუკუნის II ნახევრით თარიღდება.  ხელნაწერი ”1580 როსტომიანი” კი სამეფო გვარის კუთვნილება იყო და იგი მრავალი მინიატიურითაა შემკული (სულ 61 მინიატიურაა) ხელნაწერს აქვს მინაწერები, რომელთა მიხედვით, იგი ბაქარ ვახტანგის ძის დაკვეთით გადაუწერია ვინმე გიორგი ძულუკაშვილს 1725-1750 წწ-ში. მინიატიურები კი ასევე ქართველი ოსტატების მიერაა შესრულებული. ორი ხელწერა - პირველი უფრო ტრადიციული, მინიატიურული, ფაქიზი, დრეკადი ხაზით, მცირე მასშტაბის ფიგურებით მრავალპლანიანი სიბრტყობრივი კომპოზიციებით და მეორე - უფრო რეალისტური, მოცულობითი, ე.წ. ევროპული სტილისათვის დამახასიათებელი მოცულობის, ფორმის, მოძრაობს, დინამიკისა და რეალისტური პეიზაჟებით. როგორც ირინა კოშორიძე ვარაუდობს, ამ ხელნაწერის მინიატიურებით გაფორმება დამთავრებული არ არის და იგი  პეტერბურგისეული ხელნაწერიდანაა გადაწერილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი მინიატურების სტილი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

თითქმის ანალოგიური მხატვრული სტილით არის შესრულებული საქართველოში შემონახულ ”შაჰ-ნამეს” მინიატიურები.
კემბრიჯის უნივერსიტეტში საქართველოში შემონახულ "შაჰ-ნამეს" და მისი მინიატიურების წარმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თავად საქართველოსთვის, რადგან ამ გზით მსოფლიო გაეცნო ჩვენს ისტორიას და კულტურას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართველი მეცნიერების თანხმობით, ჩვენს ქვეყანაში დაცული ”შაჰ-ნამე” აიტვირთება კემბრიჯის ”შაჰ-ნამეს” ვებ-გვერდზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესი წარმატებით სარგებლობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერისთვის. გარდა ამისა, კემბრიჯში პერიოდულად გამოდის ”შაჰ-ნამეს” კრებულები, სადაც ამ ძეგლთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატია იბეჭდება. უახლოეს მომავალში ამ კრებულში დაიბეჭდება ჩემი მოხსენებაც ,” - ამბობს ირინე კოშორიძე. 

კემბრიჯის უნივერსიტეტის შემდეგ საქართველოში ”შაჰ-ნამეს” ისტორიით დაინტერესდა ფონდი Iran Heritage Foundation, რომელიც ლონდონშია. ამ ფონდის დაფინანსებული გრანტით ამჟამად ქართველი მეცნიერები იკვლევენ  ”შაჰ-ნამეს” არა ქართულ, არამედ სპარსულ ვერსიებს, რომელიც საქართველოს მუზეუმებში და საცავებშია დაცული.

სხვა სტატიები »