ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსს

თსუ სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სტატუსს
20 აგვისტო, 2013
ძალზე ლოგიკურია, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელი წლების განმავლობაში  სტაბილურად ინარჩუნებს  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიდერის სტატუსს. თავისი სამეცნიერო პოტენციალიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ეს სტატუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თავისუფლად შეუძლია ატაროს მეცნიერების ყველა დარგის მიმართულებით. ამას თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ანალიზიც ადასტურებს.

დეპარტამენტის მონაცემებით, 2012 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 163 პროექტი ხორციელდებოდა, აქედან ეროვნული – 108 და საერთაშორისო - 55. 2012 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევებზე გათვალისწინებული იყო 16 404 610 ლარი. (მთელი ბიუჯეტის 30%, 2011 წელს კვლევებზე თსუ-ს ბიუჯეტის 29% დაიხარჯა). მათ შორის, ეროვნული და საერთაშორისო ფონდებიდან მოზიდულმა თანხამ 6 084 970 ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტის 11%, რაც 2011 წლისთვის 9%-ს შეადგენდა. 

2012 წელს ეროვნული ფონდის გამოყენებითი კვლევების თანადაფინანსების ხარჯები 69 821 ლარი გახლდათ. ამჟამად, ეროვნული ფონდის 2012 წელს გამოცხადებული კონკურსების (გამოყენებითი, ფუნდამენტური და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულებთან ერთობლივად მონაწილეობით) გამარჯვებული პროექტების ჯამური ღირებულება 10 343 847 ლარია. აქედან თსუ-დან თანადაფინანსება 286 219 ლარს შეადგენს. 

2012 წელს თსუ-ში დაცულია 45 სადოქტორო ნაშრომი . ტომსონ რეიტერსის ბაზის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი საინფორმაციო ბაზაა მეცნიერების განვითარების მხრივ არსებული მონაცემებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოქვეყნდა 376 პუბლიკაცია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

თსუ-დან სესფ-სა (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და რუსთაველის ფონდში წარდგენილი/მიღებული პროექტების დინამიკა წლების მიხედვით ასეთია: 2006 წელს – წარდგენილი 180 პროექტი, დაფინანსებული - 22. 2007 წელს წარდგენილი 142 - დაფინანსებული -23. 2008 წელს წარდგენილი - 163, მიღებული - 35. 2009 წელი, წარდგენილი - 129, დაფინანსებული - 29. Aამ ფონდების გაერთიანების შემდეგ, 2011 წელს 334 წარდგენილიდან დაფინანსდა - 21 პროექტი. 2012 წელს 291 წარდგენილი პროექტიდან 71 დაფინანსდა, აქედან სამ პროექტში თსუ იყო თანამონაწილე ორგანიზაციის სტატუსით. 

ფუნდამენტური/გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსებში წარდგენილი იყო 814 პროექტი. მოიხსნა 129 პროექტი. თსუ-დან წარდგენილი იყო 279 პროექტი (საერთო რაოდენობის 34%) მოიხსნა - 23. პროექტის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი შესაძლებელია იყოს ტექნიკური ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრისა და პროექტების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს წარსადგენი პროექტების ტექნიკური დეტალების მონიტორინგს. აღნიშნულის შედეგად, პროექტის ავტორს შესაძლებლობა ეძლევა პროექტში შეიტანოს რეკომენდირებული ცვლელებები და ფონდის მიერ დადგენილ ვადებში დაარეგისტრიროს ტექნიკურად გამართული პროექტი.

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსში წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსდა 94, საიდანაც თსუ-ზე 43 პროექტი მოდის (რომელთაგან სამში - თსუ თანამონაწილეა), პროცენტულად ეს გახლავთ დაფინანსებული პროექტების 41% , რაც თავისთავად საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა უმაღლეს სასწავლებლებზე ფუნდამენტურ კვლევებისათვის დაფინანსებული პროექტების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" - 15% ( რაოდენობრივად 14 პროექტი), ტექნიკური უნივერსიტეტი - 9% (8 პროექტი) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - 7% (7 პროექტი) და ა.შ. 

“ჩვენმა დეპარტამენტმა მონაცემთა ანალიზი იმის მიხედვითაც გააკეთა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ თსუ ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებში. 2012 წლის ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით დაფინანსებული პროექტებიდან 14 (13 -ში თსუ წამყვანი ორგანიზაციაა, ხოლო 1 პროექტში თანამონაწილე) პროექტი თსუ ფაკულტეტებზე მოდის, ხოლო 28 - თსუ ინსტიტუტებზე. თსუ ფაკულტეტების მიხედვით ფუნდამენტური კვლევებისათვის დაფინანსებული პროექტებით ლიდერობს ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი და თსუ ინსტიტუტებიდან - თსუ რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი. საინტერესოა თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის მოპოვებული გრანტების განხილვა დინამიკაში წლების მიხედვით. 2007 - 25, 2008 - 35, 2009 – 29, 2011 - 14, 2012 – 48. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ინსტიტუტების მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობა გაიზარდა მათი თსუ-ში ინტეგრაციის შემდეგ.2012 წელს ეროვნული ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის გამოცხადებულ კონკურსში წარდგენილ 230 პროექტიდან 84 იყო თსუ-დან. ხოლო დაფინანსებული 38 პროექტიდან თსუ-ს წილზე მოდის 18 პროექტი, რაც პროცენტულად ამ მიმართულებით სრული დაფინანსებული პროექტების 47% -ია. დანარჩენ უნივერსიტეტებზე გამარჯვებული პროექტები ასე ნაწილდება: 7 პროექტი (18%) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 4 (10%) - პროექტი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2(5%) - აგრარული უნივერსიტეტი.რაც შეეხება დაფინანსებული გამოყენებითი პროექტების თსუ ფაკულ-ტეტების და ინსტიტუტების მიხედვით განაწილებას, ამ მიმართულებით უპირატესობა აქვს თსუ ინსტიტუტებს (67%), თსუ ფაკულტეტებთან შედარებით (33%). დაფინანსებულ პროექტებში ინსტიტუტებს შორის მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის და კავკასიის თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტებს, ხოლო ფაკულტეტებიდან - ჰუმანიტარულ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს თსუ-ს მაღალი სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც გამოიხატება ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების არა მარტო რიცხობრივ, არამედ ხარისხობრივ მაჩვენებელშიც. კერძოდ, ეროვნულ ფონდში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისათვის წარდგენილ/დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი შეფასებულია 95 ქულით და მეტით" – აცხადებს თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ღვედაშვილი.

უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2012 წლის კონკურსში სულ წარდგენილი 35 პროექტიდან 17 (49%) თსუ-ს წილია და დაფინანსებული 23 პროექტიდან 11 (48%) თსუ-ს ანგარიშზეა, შემდეგ მოდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 (23%) პროექტით და სხვა უნივერსიტეტები. ამ კონკურსში თსუ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობა მკვეთრად (48%) გაიზარდა წინა წლებთან შედარებით (25% - 2007, 35% - 2008 წ., 29% - 2009 წ., 14% - 2011 წ., 48% - 2012 წ.).

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) 2012 წელს გამოცხადებული ერთობლივი კონკურსის შედეგებით დაფინანსებული 5 პროექტიდან 3 – თსუ-სია.

აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2012 წელს გამოცხადებული ერთობლივი კონკურსის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - იდეიდან ბაზრისკენ“ ფარგლებში წარდგენილი 35 პროექტიდან დაფინანსდა 4, მათ შორის ერთი თსუ-დან. 

2012 წელს გამოცხადებული ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების” კონკურსის შედეგებით, 37 განაცხადიდან დაფინანსდა 33 და აქედან 17 (დაფინანსებულების 52%) თსუ-დან.
ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების 2012 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგებით დაფინანსებული 77 პროექტიდან 29 (38%) - თსუ-დანაა. 

უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2012 წელს გამოცხადებული „მიზნობრივი კვლევისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტებიდან 5 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის, 2-2 – სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტსა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, 1-1 – პროექტი კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. 

სხვადასხვა სახის პროექტებს შორის, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება, არის ასევე მოსწავლეთა მონაწილეობით კვლევათა სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. 2012 წელს გამოცხადებული ამ კონკურსის შედეგების მიხედვით, თსუ-დან წარდგენილი 4 პროექტიდან 2 დაფინანსდა.

სხვა სტატიები »