ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

რა გზა არსებობს სწორი ტერმინოლოგიური პოლიტიკის გასატარებლად?

რა   გზა   არსებობს   სწორი   ტერმინოლოგიური პოლიტიკის   გასატარებლად?
11 ივნისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 11 ივნისს  გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ტერმინოლოგია - ქართული ენის ხვალინდელი დღე”.
ღონისძიების მიზანი იყო შეეკრიბა ამ პრობლემებით დაინტერესებული მეცნიერები, მთარგმნელები, საზოგადო მოღვაწეები, საჯარო მოხელეები; განეხილა ქართული ტერმინთშემოქმედების ძველი სკოლები და განესაზღვრა ქართული ტერმინოლოგიისა თუ, ზოგადად, ქართული ენის მომავალი.
კონფერენცია საინტერესო იყო იმით, რომ გარდა წმინდა თეორიული სამეცნიერო საკითხებისა, მოხსენებები შეეხებოდა დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარების პრობლემებსაც. მეცნიერებმა განიხილეს შემდეგი მოხსენებები: "ქართული სამართლებრივი ტერმინოლოგიის განვითარების საკითხები" (მომხ. ოთარ გამყრელიძე - თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი); "თანამედროვე ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგია: ახალი პრობლემები და ძველი შეცდომები" (მომხ. ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი); "ქართული მათემატიკური ტერმინოლოგიის გამოყენებისა და დახვეწის ზოგიერთი აქტუალური საკითხი" (მომხ. გურამ გოგიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და თეიმურაზ ვეფხვაძე _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); "სამედიცინო ტერმინოლოგიის საკითხებისათვის" (ირინა კვაჭაძე, რამაზ შენგელია, ნინო კილაძე, თეიმურაზ პეტრიაშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); "რაგბის ქართული ტერმინოლოგიისათვის" (მომხ. ზაალ გიგინეიშვილი, საქართველოს რაგბისტთა კავშირი) და სხვ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებების თემატური მრავალფეროვნება მიუთითებს იმაზე, რომ თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაიწყო სერიოზული მუშაობა - სახელმწიფო დონეზე აიყვანონ ტერმინთშემოქმედებით საქმიანობაში წარმოშობილი პრობლემების მოგვარების საკითხი.
"ეს კონფერენცია, გარდა მისი სამეცნიერო დანიშნულებისა, ერთგვარი ზარების დარისხებაა ყურადღების მისაპყრობად, რადგან თუ ამ პრობლემის მოგვარება დღეიდანვე არ დაიწყო, სავალალო შედეგებამდე მივალთ", - განაცხადა კონფერენციის ერთერთმა ორგანიზატორმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლია ქაროსანიძემ.
რას შეიძლება გვიქადდეს ტერმინებისადმი უდიერი მოპყრობა? ამ საკითხზე სამეცნიერო მოხსენება კონფერენციაზე წარადგინა თსუ-ის პროფესორმა მერაბ ბაბუხადიამ. მის ნაშრომში - " რითი გვემუქრება ტერმინოლოგიის ხელყოფა?", აღნიშნულია, რომ "ბოლო დროს გამრავლდა სამოყვარულო ლინგვისტური განაზრებანი განსაკუთრებით სიტყვების, ტერმინებისა და ენების ისტორიის შესახებ. ფსევდომეცნიერებები ცვლიან ჭეშმარიტ მეცნიერებას და იწყება ნამდვილი ობსკურანტიზმი". მეცნიერს ტერმინოლოგიაზე შეტევის ნიმუშად მოჰყავს ჰერალდიკის ტერმინების ჩამოყალიბების პროცესი და ამ გზაზე "არაპროფესიონალების შემოტევას" გამოკვეთს. მისი აზრით, ისინი "არად დაგიდევენ ტერმინოლოგიის თეორიულ წანამძღვრებს, მეცნიერულ დასაბუთებას და სუბიექტური მოწონება-არმოწონების საფუძველზე უხეშად ერევიან ტერმინთშემოქმედებაში. მათი გადარწმუნება შეუძლებელია, ამას პრინციპულად უნდა მოეღოს ბოლო. ერთიანი სალიტერატურო ენის შენარჩუნების საქმეში ტერმინთშემოქმედებას უპირველესი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, მისი სახელმწიფო ზრუნვის რანგში აყვანა ქვეყნის პრესტიჟისა და ინტელექტუალური სიმწიფის მაჩვენებელია", _ ნათქვამია მოხსენებაში.
საკითხის პრობლემატურობიდან გამომდინარე, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელშიც ნათქვამია: "1998 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, ნორმატიულად მხოლოდ ის ლექსიკონი მიიჩნეოდა, რომელიც არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გრიფით გამოიცემოდა. ტერმინოლოგიის ცენტრის მიერ მართული, სამეცნიერო კვლევებსა და ისტორიაზე დაფუძნებული ტერმინთშემოქმედება _ ეს არის ერთადერთი გზა სწორი ტერმინოლოგიური პოლიტიკის გატარებისა ქვეყანაში... მოგმართავთ თხოვნით: 1. სახელმწიფომ უზრუნველყოს სამთავრობო ტერმინოლოგიური კომისიის შექმნა; 2. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტს აღუდგეს ტერმინოლოგიური ცენტრის სტატუსი, რაც უზრუნველყოფს სატერმინოლოგიო მუშაობის მართვა-ნორმალიზაციას საქართველოში".

P.შ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გაზეთმა "თბილისის უნივერსიტეტმა" მოაწყო მრგვალი მაგიდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მონაწილეობით, რომელზეც დარგის სპეციალისტებმა არაერთი საგულისხმო პრობლემა გამოკვეთეს. აღნიშნული სამეცნიერო დისკუსიის მასალებს გაზეთის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

მაია ტორაძე, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“


სხვა სტატიები »