ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" 85 წლისაა

გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" 85 წლისაა
21 აპრილი, 2013
გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტი" ისტორია 85 წლის წინ დაიწყო. სანამ საზოგადოება მას ამ სახელით გაიცნობდა, გაზეთმაOოთხჯერ გამოიცვალა სახელწოდება. დროისა და ჟამის შესაბამისად, გაზეთს ჯერ  ,,პროლეტარულ სტუდენტთა ხმა’’ ერქვა,  შემდეგ ,,საბჭოთა უნივერსიტეტის ხმა”, ,,ახალგაზრდა სტალინელი’’, 1962 წლიდან კი გამოცემა უკვე „თბილისის უნივერსიტეტის“ სახელს ატარებს. სახელწოდებიდან და ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი იყო გაზეთის შინაარსი, დატვირთვა და მიზანიც. თუმცა, წლების მანძილზე გამოცემამ მაინც შეძლო დაემკვიდრებინა თავი და უნივერსიტეტის მრავალრიცხოვანი თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო გამხდარიყო.
გაზეთის პირველ ნომრებს ხელს აწერს აპოლონ ნუცუბიძე  – სტუდენტი, რომელიც თავს ლენინელად მოიხსენიებდა. ისტორიული წყაროს ცნობით, სწორედ იგი გახლდათ გაზეთის პირველი რედაქტორი. პირველი გაზეთების სახელწოდება, სლოგანები, სტატიების სათაურები და შესაძლოა ტექსტებიც კარგი ხელწერის მქონე სტუდენტის, შემდგომში  ცნობილი მეცნიერის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებელი ილია აბულაძის მიერ არის შესრულებული.  1928 წლისთვის გაზეთი უკვე ლითოგრაფიაზე დაბეჭდილი სახით გამოდიოდა.
გაზეთის არქივი ძალზე საინტერესო მასალაა  ისტორიის მკლევართათვის, რომელთაც საბჭოთა პროპაგანდის ეტაპებისა თუ საბჭოთა პერიოდში მიღწეული გარკვეული ინტელექტუალური გარღვევების შესახებ სურს ინფორმაციის მიღება. წლების მანძილზე აქ ყველაფერს შეხვდებით _ ხალხის მტრების სიებსაც და აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის, ნიკო მუსხელიშვილისა და კორნელი კეკელიძის წერილებსაც საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდოლოგიაზე; კომუნისტური იდეოლოგიის ქადაგებასაც და ნიკო კეცხოველის მეცადინეობით შექმნილი ლიტერატურული წრის წევრთა ნაშრომებს, ოფიციალურ პოზიციას და საინტერესო მოსაზრებებს...
დღეს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი კვლავ გამოსცემს გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“. გაზეთს რედაქტორი _ ნინო კაკულია ხელმძღვანელობს.  გაზეთმა შეინარჩუნა სახელწოდებად ,,თბილისის უნივერსიტეტი” და ახალი კონცეფციის შედეგად იცვალა სახე, მიმართულება და სტილი. გაზეთი თვეში ორჯერ გამოდის და უნივერსიტეტის ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად, საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, სტატიებსა და საინტერესო მოსაზრებებს აშუქებს.

სხვა სტატიები »