ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ პროფესორი პრემია „საბა“-ს გამარჯვებულია

თსუ პროფესორი პრემია „საბა“-ს გამარჯვებულია
16 იანვარი, 2020
ლიტერატურული პრემია „საბა“ 2019 წლის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორის, წლის საუკეთესო ქართული თარგმანის კატეგორიაში გამარჯვებულია თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ნანა ტონია.
თსუ პროფესორმა გამარჯვება ევრიპიდეს „ჰეკაბეს“ ქართულ ენაზე თარგმნისთვის მოიპოვა. ნანა ტონია „საბას“ ფინალისტების „მოკლე სიაში“ გასულ წლებშიც ყოფილა. „მათ შორის განსაკუთრებული იყო გასული წლის „საბას“ ზეიმი ფრანკფურტში, სადაც მოვხვდი ევრიპიდეს ტრაგედიათა („მედეა“, „ჰიპოლიტოსი“) ქართულ ენაზე თარგმნისთვის“, - იხსენებს ნანა ტონია. წლევანდელი „საბას“ დაჯილდოების წინა დღეს კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ფესტივალი „ბერლინერ ანსამბლის“ (გერმანია) მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით „მედეა“ გაიხსნა. სპექტაკლს ტიტრებში კი ნანა ტონიას მიერ შესრულებული ევრიპიდესეული ტექსტის თარგმანი იწერებოდა. 
„ბათუმიდან პირდაპირ „საბას“ ზეიმზე აღმოვჩნდი, დიახ, ზეიმზე, რადგანაც დარბაზი სავსე იყო ლიტერატურული საზოგადოებით და ყველას ჰქონდა სადღესასწაულო განწყობა. მახსენდებოდა ევრიპიდეს ერთი ფრაზა: „...და მაინც რაღაც იმედი კრთის!“ რა თქმა უნდა, იმედი კრთოდა, რა თქმა უნდა, არ ვღელავდი, მაგრამ როდესაც ჟიურის წევრმა, თავად არაჩვეულებრივმა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ დაიწყო ჩემი წარდგენა, ავღელდი, განსაკუთრებით სცენაზე, აქ კიდევ ერთი სიხარული მელოდა: როდესაც სამადლობელო სიტყვაში ვახსენე ძვირფასი ადამიანი, ბატონი რისმაგ გორდეზიანი, დარბაზი გულწრფელი აპლოდისმენტებით ახმიანდა. ვფიქრობ, ეს იყო არა მხოლოდ ბატონი რისმაგის მიმართ გამოჩენილი პატივისცემა, არამედ მის მიერ აღორძინებული კლასიკური ფილოლოგიის ქართული სკოლის აღიარებაც,“- ამბობს ნანა ტონია. 
თსუ პროფესორის მთარგმნელობითი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ევრიპიდესთან. პირველად თარგმნა მისი „ორესტესი“ და შემდეგ „მედეა“.
„ჩვენმა ინსტიტუტმა ბატონი რისმაგის თაოსნობით „მედეას“ გრანდიოზული საერთაშორისო კონფერენცია მიუძღვნა. ამის აღსანიშნავად ევრიპიდეს „მედეას“ ახალი თარგმანი შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრაგედიის რამდენიმე დიდებული ქართული თარგმანი უკვე არსებობდა,“ - აღნიშნავს ნანა ტონია. „მედეას შემდეგ“ იყო „ჰიპოლიტოსი“, „ფინიკიელი ქალები“ და „ჰეკაბე“. გამოსაცემად უკვე მზად აქვს: „ბაკქი ქალები“ და „ტროელი ქალები“. 
როგორც ნანა ტონია გვეუბნება, „ჰეკაბე“, რომელმაც მას ლიტერატურული პრემია მოუტანა. თანამედროვე სამყაროში პოპულარობით ვერ შეედრება ევრიპიდეს „მედეას“, მაგრამ თავისი დრამატიზმით, ტრაგიზმით, გმირის თავგანწირული ბრძოლით ღირსებისა და სამართლიანობისათვის, ლიტერატურული ესთეტიზმით ის რჩეულთა შორის რჩეულია. წიგნის მთავარი გმირი ტროას დედოფალი, კეთილშობილი და ღირსეული, ჰეკაბეა.
„მაგრამ მოხდა ისე, რომ მას წარმოუდგენელი უბედურებანი დაატყდა თავს: მისი ვაჟიშვილები (მათ შორის სახელოვანი ჰექტორი), ბრძოლის ველზე დაეცნენ; მეუღლე, მეფე პრიამოსი, მის თვალწინ განგმირეს; ქალიშვილი, პოლიქსენე, აქილევსის საფლავს დააკლეს აქაველებმა; შვილიშვილი, პატარა ასტიანაქსი, იმავე აქაველებმა მოკლეს, კოშკიდან გადმოისროლეს; მეგობართან გადამალული ჯერ კიდევ ჩვილი შვილი, პოლიდოროსი, ტროას აღორძინების ერთად-ერთი იმედი, სანაპიროზე გამორიყული იპოვეს მკვდარი; სამშობლო-ტროა მიწის პირისგან აღიგავა... ამაზე მეტი რა უბედურება შეიძლება დაითმინოს მოკვდავმა ქალმა? და აი, ეს კეთილშობილებით სავსე მხცოვანი და დიდებული დედოფალი, შეძლებს იმას, რომ შური იძიოს ბოროტმოქმედზე. საშინელია მისი განცდა, განცდა, რომელსაც ევრიპიდე „შურისძიების ზეიმს“ არქმევს. მაგრამ იცოდა ათენელმა მაყურებელმა, რომ ეს ზეიმი ჰეკაბეს ძაღლად გარდასახავდა. 
რას შეახსენებდა ევრიპიდე ამ ტრაგედიით თავის თანამედროვეთ? და ახლა უკვე, რას შეგვახსენებს ჩვენ, ოცდახუთი საუკუნის შემდეგაც რომ ვკითხულობთ მის ქმნილებებს? ევრიპიდე ამბობს, რომ კეთილშობილებიდან ბოროტებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. ადამიანს შეუძლია გადადგას ეს ნაბიჯი, თუ მისთვის უკვე „ყოველი დილა თენდება უბედურებით“, თუ მისთვის უკვე ცა ჩამოიქცა, სამყარო შეირყა და დაირღვა დროთა კავშირი. მაგრამ მას „შურისძიების ეს ზეიმი“ არ მოუტანს ბედნიერებას, რადგან „ფუჭია ყველაფერი, ფიქრით თამაში...“ - ამბობს ნანა ტონია.


სხვა სტატიები »