ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ლიეტუვადან - საქართველოში თსუ გაცვლითი სტუდენტური პროგრამის მონაწილის შთაბეჭდილებები

ლიეტუვადან - საქართველოში თსუ გაცვლითი სტუდენტური პროგრამის მონაწილის შთაბეჭდილებები
29 ნოემბერი, 2019

ოსტეია მეიდუტე ლიეტუვადან გაცვლითი პროგრამით ჩამოვიდა. ის ვილნიუსის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტია პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. თსუ-ში სტუდენტებს ახლა შუალედური გამოცდები აქვთ, მათ შორის ოსტეიასაც. მიუხედავად ამისა, ჩვენთან შეხვედრას მაინც ახერხებს. ყველაზე მეტს ქართულ სტუმართმოყვარეობასა და სუფრის ტრადიციებზე საუბრობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე გაიჩინა მეგობრები და აპირებს, რომ მომავალში მათთან შესახვედრად კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდეს.

„ვფიქრობ, კარიერისთვის და მომავალშიც, მნიშვნელოვანია იცოდე სხვადასხვა ქვეყნების სტრუქტურა, განვითარება, კულტურა, ეს შესაძლებელია თეორიულადაც. თუმცა, ვფიქრობ პრაქტიკაში, ამ ყოველივეზე დაკვირვება უფრო ზუსტ შთაბეჭდილებას შეგვიქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის შესწავლის საუკეთესო გზა ხალხთან ინტერაქციაა.

საქართველოს შემთხევაში ეს ყოველივე ძალიან გამიმარტივდა. თქვენ ძალიან სტუმართმოყვარე, მეგობრული ხალხი ხართ. მოგზაურობა ყოველთვის კარგია, ის კრავს წარსულ და აწმყო გამოცდილებას. საქართველო კონტრასტების ქვეყანაა. ხალხის სტუმართმოყვარეობას აქვს ძალა თავი გაგრძნობინოს ამ ლამაზი ქვეყნის და, რაც მთავარია, „სუფრის“ ნაწილად. თამადა იმსახურებს პატივისცემას, გამოდის შესანიშნავი სიტყვით, ხუმრობს კიდეც და მეორე მხრივ, საუბრობს სერიოზულ თემებზეც“, - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ოსტეია.

როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, თავის უცხოელ მეგობრებს ქართული სუფრის ტრადიციების შესახებ ბევრს უყვება, და ეპატიჟება საქართველოში.

„არის საკითხები, რომელიც ძალიან მაწუხებს. მაგალითად, ძალიან მიჭირს თბილისში გადაადგილება, ხანდახან მანქანები ზებრაზე არ აჩერებენ და მუდმივად გჭირდება დიდხანს ფიქრი, როგორ უნდა მიხვიდე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. ეს ხდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. მიუხედავად ამისა, აქ ყოფნა ძალიან კარგია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სტუდენტური საცხოვრებელი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და შესანიშნავია იმ ადამიანებით, რომლებსაც აქ ვხვდები. თსუ ის უნივერსიტეტია, სადაც მუდმივად შეგიძლია მიიღო ახალი ცოდნა და შეხვდე პროფესორებს, რომლებიც მოწადინებული არიან დაგეხმარონ ნებისმიერ შემთხვევაში. სტუდენტურ საცხოვრებელში ბევრი ადამიანი გავიცანი. ისინი არიან ძალიან კეთილები, თავაზიანები და მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ, არ აქვს მნიშვნელობა რა გჭირდება. თუ უბრალოდ მშიერი ხარ, შეგიძლია შეხვიდე სამზარეულოში, სადაც აუცილებლად შემოგთავაზებენ გემრიელ საჭმელს“, - გვეუბნება ოსტეია.

სხვა სტატიები »