ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უცხოელი სტუდენტის მიერ აღმოჩენილი საქართველო

უცხოელი სტუდენტის მიერ აღმოჩენილი საქართველო
1 ნოემბერი, 2019
2019 წლის სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 33 უცხოელი სტუდენტი ისწავლის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. მათ შორის არიან სტუდენტები ევროპის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. ისინი თსუ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ეკონომიკა და ბიზნესის, იურიდიულის, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტებზე ისწავლიან.

ერაზმუს+ და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში თსუ-მ პირველად მიიღო სტუდენტები გრონინგენის (ჰოლანდია), სამხრეთ დანიის (დანია), იელის (აშშ) და სან პაულოს (ბრაზილია) უნივერსიტეტებიდან. 
მათ შორისაა იენის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი იოანა პრაისლერი, რომელიც უკვე მეოთხე სემესტრს ატარებს თსუ-ში გაცვლითი სტუდენტის სტატუსით. იოანამ ინტერვიუს ჩაწერა ქართულ ენაზე შემოგვთავაზა - როგორც აღმოჩნდა, ქართული კულტურისა და ისტორიის პარალელურად, ენაც შეისწავლა და ქართულადაც ესაუბრება მეგობრებს. 
„3 წლის წინ, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას ვფიქრობდი, მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, ზუსტად ვიცოდი, რომ არ მინდოდა ისეთ ქვეყანაში სწავლის გაგრძელება, როგორიცაა იტალია, ესპანეთი ან საფრანგეთი. საფრანგეთში ცხოვრების გამოცდილებაც უკვე მქონდა. ამასთან, ყოველთვის მომწონდა აღმოსავლეთ ევროპის, საბჭოთა კავშირის ისტორია.
საქართველოში პირველად 2017 წლის თებერვალში ჩამოვედი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი სტუდენტი გავხდი. ძალიან გამიმართლა, რომ იენაში რამდენიმე ქართველი გავიცანი, რომლებიც თბილისში მეხმარებოდნენ საცხოვრებელის მოძიებასა და სხვა საკითხების მოგვარებაში. თსუ სტუდენტური საცხოვრებელი ჩემთვის საუკეთესო შემოთავაზება არ ყოფილა, ის ძალიან შორს არის ქალაქის ცენტრიდან. ყველა არსებული გამოწვევის დაძლევაში ასევე მეხმარებოდა თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, ისინი ყოველთვის ცდილობენ და აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩემი აქ ცხოვრება და სწავლა იყოს კომფორტული”, - გვეუბნება იოანა. ის სწავლის პარალელურად საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა.
„ვცურავდი ბათუმში, ვიყავი ლაშქრობებზე ბორჯომში, ვცოცავდი ყაზბეგში, ვიფრინე სვანეთში და დავლიე ღვინო კახეთში. ძალიან სასიამოვნო და სახალისო მოგონებებია. შეიძლება სწორედ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ძალიან მოწყენილი ვიყავი აეროპორტში, გერმანიისკენ მიმავალ გზაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში აუცილებლად ჩავიდოდი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი. კიდევ ერთხელ მივიღე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ისევ ჩამოვედი თბილისში. ის სემესტრი იყო საუკეთესო სემესტრი, რაც კი მქონია ოდესმე. 2018 წელს თსუ-ში უკვე ბევრი გაცვლითი სტუდენტი იყო ჩამოსული. იმ თვეებში არამხოლოდ საქართველოს ულამაზეს ბუნებას, არამედ მის ისტორიას და კულტურას კიდევ უფრო უკეთ გავეცანი. გაუმჯობესდა არა მხოლოდ ჩემი ინგლისური, არამედ ქართულიც შევისწავლე”, - იხსენებს იოანა. 2018 წელს კი გერმანიაში დაბრუნებისას გადაწყვიტა, რომ კავკასიისმცოდნეობის მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა.
„ამ მიმართულებით ლექციები შესანიშნავად არის დეტალიზებული, ინტერდისციპლინური და პროფესიონალური. 2018 წლის ზაფხულში ძალიან ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ისტორიისა და პოლიტიკის შესახებ კონფერენციებს საქართველოში. თბილისი იყო ჩემი სახლი და ჩემი ცხოვრების ცენტრი. ამ წლის თებერვალში, კვლავ ჩამოვედი თბილისში, დღის დიდ ნაწილს ვატარებდი ბიბლიოთეკაში, ვმუშაობდი თუშეთის მიმართულებით, ვესწრებოდი კონფერენციებს და ჩემს ლექციებს უნივერსიტეტში. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემს მეოთხე სემესტრს ვატარებ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად, კვლავ კარგად ვგრძნობ თავს და მივირთმევ უგემრიელეს ქართულ კერძებს. ამ ყველაფრის შემდეგ გავაანალიზე, როგორია იყო უცხოელი და იცხოვრო საქართველოში. ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდები, მნიშვნელოვანი კულტურული განსხვავებებია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ტაქსის მძღოლები ხშირად გეკითხებიან, დაოჯახებული ვარ თუ არა, ან შევქმნიდი თუ არა ოჯახს მის შვილთან, ძმისშვილთან ან მასთან.
ყველაზე რთული საკითხი, რაზეც ყურადღება მინდა გავამახვილო, ეხება ქართველების დამოკიდებულებას და ცოდნას საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე საქართველოსა და კავკასიის ისტორიაზე, დავესწარი ლექციებს საქართველოს ეთნოლოგიის, ფოლკლორისა და მითოლოგიის შესახებ. ვუყურე ყველა ქართულ ფილმს, რომლის გადათარგმნაც შემეძლო. ძალიან ბევრ ჩემს ქართველ მეგობარს უფრო მეტად მოსწონს გერმანია და გერმანული კულტურა, ვიდრე ქართული. ძალიან ვწუხვარ, როგორც ვითარდება ამჟამად ქართული საზოგადოება. ჩემი აზრით, განვითარების ამ პროცესის მთავარი შემაფერხებელი სწორედ განათლების ნაკლებობაა.
საქართველო ბოლო ორი ათასწლეული მუდმივად იყო სხვა ძალის მიერ ოკუპირებული, არ აქვს მნიშვნელობა იქნებოდა ეს მონღოლეთი, არაბეთი თუ სხვა. მიუხედავად ამისა, ქართველები უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ. ისინი ძლიერები იყვნენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახერხებდნენ ორგანიზებას, არამედ ყოველთვის ქმნიდნენ რაღაც ახალს, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშიც კი. მათ მონღოლური კერძისგან შექმნეს ხინკალი, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ქართული კერძი. სპარსეთთან ბრძოლების შედეგად განადგურდა არქიტექტურა, თუმცა ქართველებმა ორი განსხვავებული კულტურის შერწყმის შედეგად, ახალი არქიტექტურა შექმნეს. ქართველებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და სოციალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს ჩაუყარეს საფუძველი პროგრესულ კონსტიტუციასთან ერთად. არ ვიცი მივიჩნევ თუ არა საქართველოს ევროპულ ქვეყანას, მაგრამ ის ჩემთვის უფრო საინტერესოა, როგორც ევრაზიული ქვეყანა. 
საქართველო ჩემთვის ყოველთვის არის თავისუფლებისა და მულტიკულტურალიზმის ქვეყანა, სადაც ცხოვრება მშვიდია და, მიუხედავად უცხო ენაზე საუბარისა, მაინც ძალიან კარგად ესმით შენი”, - ამბობს იოანა.

სხვა სტატიები »