ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

პორტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

პორტოს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში
5 აგვისტო, 2019
„კონკურისის შედეგად თსუ-დან ჩვენთან მართლაც კარგი სტუდენტები მოდიან, რომლებსაც აქვთ მაღალი ქულები, პასუხისმგებლობის გრძნობა და საზოგადოებაშიც ახერხებენ ინტეგრირებას“
“ერაზმუს პლიუს”-ის მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების გარდა, აკადამიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებიც სტუმრობენ. ერთ-ერთი, მათ შორის, პორტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და რექტორის ოფისის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციაც იყო.
რიტა სანტოში, ელინ დეკლერკი და ჰუგო პინტო დე აბრი საქართველში დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 
რიტა სანტოში: „ერაზმუს პლიუსის პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა თსუ-სთან 2015 წლიდან გვაქვს. ჩვენ აქ „სტაფის“ მობილობის პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებით. რადგან მე და ელენი საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას წარმოვადგენთ, ბუნებრივია, ამ ვიზიტისას ჩვენი მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ურთიერთობის ახლანდელ ასპექტებსა და შემდგომ პერსპექტივებზე იყო ფოკუსირებული“. 
ჰუგო პინტო დე აბრი: „ჩემი მიზანი კი მმართველობის და მენეჯმენტის კუთხით უფრო მეტის შეტყობა, გაცნობა იყო. იმ მთავარი გამოწვევების გაცნობა, რაც ამ კუთხით თქვენთან არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენსა და ჩვენს უნივერსიტეტბს შორის ძალიან საინტერესო მსგავსებები და განსხვავებები არსებობს. მსგავსება პირველ რიგში სტუდენტების რიცხოვნობაშია. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტის მსაგსად, თქვენთანაც არსებობს სხვადასხვა სკოლები ავტონომიურობის სხვადასხვა ხარისხით. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი სტრატეგიის გაცნობა. ბუნებრივია, ამ სკოლების სტრატეგია უმაღლესი სასწავლებლის მთლიან სტრატეგიაში არის ინტეგრირებული. ამ მხრივ ძალინ საინტერესო იყო შეხვედრა IშEთ-ში, რამაც საშუალება მომცა შემეტყო იმ სპეციფიკის შესახებ, რაც ეკონომისტ სტუდენტებთან მიმართებაში არსებობს. გარდა ამისა, გვქონდა შეხვედრა ასევე კანცლერის ოფისის წარმომადგენელთან. აქ ყოფნისას გავეცანი არა მხოლოდ თსუ-ს, რომელიც კარგად ორგანიზებული ინსტიტუციაა, არამედ სხვებსაც. მინდა დავაფიქსირო, ჩამი აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად იგრძნობა წინსვლა, რაც საქართველომ ზოგადად განახორციელა ბოლო დეკადის განმავლობაში. ძალიან ბევრი ქვეყნისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის წევრი იყო, მისი დაშლის შემდეგ მსგავსი რამ მარტივი არ ყოფილა. საქართველოს კი ამ მხრივ თვალსაჩინო მიღწევები აქვს. ვფიქრობ ეს გარკვეულწილად ქართული ხასიათის დამსახურებაა“. 
თსუ ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლების გარდა, პორტოელი სტუმრები თსუ-ში არსებული პორტუგალიური ცენტრის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და თსუ-დან ჩასულ სტუდენტებზეც ისაუბრეს. 
რიტა სანტოში პორტოში მობილობით ჩასული უცხოელი სტუდენტების საკონტაქტო პირია. როგორც მან უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრებზეც აღნიშნა, თსუ-დან მობილობით ჩასული სტუდენტები მართლაც მაღალი დონით გამოირჩევიან. „გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აპლიკანტების შერჩევის თვალსაზრისით თქვენი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ამ კონკურისის შედეგად ჩვენთან მართლაც კარგი სტუდენტები მოდიან, რომლებსაც აქვთ მაღალი ქულები, პასუხისმგებლობის გრძნობა და საზოგადოებაშიც ახერხებენ ინტეგრირებას. შემიძლია გითხრათ, რომ პორტოს უნივერსიტეტში თსუ საქართველოდან ყველაზე წარმომადგენლობითი ინსტიტუციაა“, - აცხადებს იგი.
ელინ დეკლერკი: „ამ ვიზიტის მერე უფრო მეტი მეცოდინება ზოგადად თსუ-ს შესახებ. და ჩემს კოლეგა რიტას ვთხოვ, რომ ამიერიდან უფრო მეტად ჩამრთოს საქართველოდან ჩამოსულ სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხებში. გავიცნობ და დავინტერესდები, რამით თუ შემიძლია მათ დავეხმარო“.
„რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ხელმძღვანელს, რომ გრანტები გამოყოს საქართველოში ჩვენი სტუდენტების მოვლინების თვალსაზრისითაც. რთულია, დაფინანსების გარეშე 6 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლა. თუ გრანტების საკითხი დადებითად გადაწყდა, არა მხოლოდ თქვენი სტუდენტები ჩამოვლენ ჩვენთან, არამედ დაახლოებით 2 წლის შემდეგ თსუ პორტოს უნივერსიტეტიდანაც მიიღებს სტუდენტებს. მით უმეტეს, რომ აქ სასწავლებლად და საცხოვრებლად მათთვის მართლაც კარგი პირობები არსებობს“, აცხადებენ პორტოს უნივერსიტეტის წარმოამდგენლები. 

სხვა სტატიები »