ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სექტემბრიდან დაიწყებს ნორჩ გეოგრაფთა, ჰუმანიტართა, იურისტთა, ეკონომისტთა და ასტრონომთა სკოლები ახალი ნაკადის მისაღებად ემზადებიან

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სექტემბრიდან დაიწყებს ნორჩ გეოგრაფთა, ჰუმანიტართა, იურისტთა, ეკონომისტთა და ასტრონომთა სკოლები ახალი ნაკადის მისაღებად ემზადებიან
31 ივლისი, 2019

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი საინტერესო, შემეცნებით, სასწავლო პროგრამებს აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის, მოსწავლისათვის მისაწვდომი და უსასყიდლოა. პროექტის ფარგლებში, თსუ-ში, მოსწავლეებისათვის მეცნიერების სხვადასხვა დარგებში „ნორჩთა სკოლების“ პროგრამები მიმდინარეობს - იკითხება ლექციები, ტარდება ლაბორატორული მეცადინეობები, იმართება კონფერენციები, ვიქტორინები, გასვლითი ღონისძიებები და ა.შ. 
სკოლების შესახებ ინფორმაციას, როგორც საიტიდან  www.junior.tsu.edu.ge,  ისე, „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ფეისბუქ გვერდიდან მიიღებთ. სანამ სექტემბერში სწავლა განახლდება, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, 72-ე სკოლის XI კლასის მოსწავლეს, მარიამ დავითაშვილს გაგაცნობთ. მარიამი საბავშვო უნივერსიტეტის სამი სკოლის: ჰუმანიტართა, სამართლისა და ეკონომისტთა სკოლის კურსდამთავრებულია. მან ამ პროექტის შესახებ მეგობრებისგან შეიტყო და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის ლექციებს ესწრებოდა.
"თსუ საბავშვო უნივერისტეტის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. ის ნორჩ ეკონომისტთა სკოლის მოსწავლე იყო. მიყვებოდა ლექციების მიმდინარეობას, სალექციო თემებს, რამაც ძალიან დამაინტერესა. ვინაიდან, მომავალში ვაპირებ რომ ამ მიმართულებით ვისწავლო, გადავწყვიტე რომ მეც მოვსულიყავი თსუ საბავშვო უნივერსიტეტში. ამისთვის, პირველ რიგში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დავუკავშირდი ფეისბუქ-გვერდით. მივიღე ამომწურავი ინფორმაცია სკოლების თემატიკისა და სალექციო საათების შესახებ (ლექციები ძირითადად შაბათ დღეს არის), რაც სავსებით მისაღები იყო ჩემთვის, რადგან სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ვარ და ცოტა დატვირთულია ჩემი ყოველდღიურობა. 
პირველ რიგში, თსუ ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის მოსწავლე გავხდი. სკოლის ფარგლებში 12 სხვადასხვა ლექციას დავესწარი. მოსწავლეები აქტიურად ვსვამდით კითხვებს ჩვენთვის უცნობ საკითხებზე, მათ შორის გაუგებარ ტერმინებზე, რომელთა მნიშვნელობაც არ ვიცოდით, ვიღებდით ამომწურავ პასუხებს. ეს ყველაფერი ნამდვილად სახალისო რეჟიმში მიმდინარეობდა. 
ნორჩ ჰუმანიტართა სკოლის გარდა, საბავშვო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოსწავლეც გავხდი, ყოველ შაბათ დღეს ვესწრებოდი ლექციებს, უსაყვარლესი ლექტორი გვყავდა, მას ძალიან დავუახლოვდით. ამის შემდეგ კი, ნორჩი ეკონომისტების სკოლას შევუერთდი. სკოლაში ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით, პროფესორები სხვადასხვა დავალებას გვაძლევდნენ, ვსწავლობდით გუნდურ მუშაობას, პრეზენტაციების წარდგენას, რაც, მოგეხსენებათ, როგორი რთულია და მნიშვნელოვანი. 
ახალ სასწავლო წელს, რა თქმა უნდა, კვლავ შევუერთდები თსუ საბავშვო უნივერსიტეტს, მითუმეტეს, რომ ვგეგმავთ კონფერენციას, სადაც 12 ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. კონფერენციაზე ვისაუბრებთ განვლილი თემებიდან ჩვენს მიერ არჩეულ საკითხებზე. კონფერენციას შეაფასებს ჟიური და გამოავლენს საუკეთესო ჯგუფს. 
საზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე ჩემი ჯგუფის წევრებთან ერთად დავიწყებ კონფერენციის თემატიკაზე მუშაობას. მათ კი, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია სამომავლო პროფესია და აინტერესებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, ნამდვილად ვურჩევ გახდნენ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მოსწავლეები. აქ, უამრავ განსხვავებულ ბავშვს შეხვდებით, ისაუბრებთ მრავალ საინტერესო თემაზე და გაიფართოვებთ თქვენს ცოდნას," - ამბობს მარიამ დავითაშვილი.


სხვა სტატიები »