ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

მასტერკლასები მათთვის, ვისაც წერა უყვარს

მასტერკლასები მათთვის, ვისაც წერა უყვარს
30 ივლისი, 2019
როგორ უნდა შექმნან მწერლებმა საინტერესო და მიმზიდველი სათაური, შემოიყვანონ დასამახსოვრებელი პერსონაჟი ნაწარმოებში და წერონ გამართული დიალოგები, ასევე როგორ გამოიმუშავონ საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების გამოყენებით ?! - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის ისტორიაში პირველი შემოქმედებითი წერის მასტერკლასი გაიმართა. შემოქმედებითი ტრენინგი “წერის არქიტექტურა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სილქნეტის ერთობლივი პროექტის - “შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში განხორციელდა.
მოკლე კურსი სპეციალურად ლეგენდის ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება. ტრენერებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მასტერკლასი მწერალმა ანნა კორძაია-სამადაშვილმა გახსნა. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ვწეროთ, როგორ გამოვიყენოთ პირადი გამოცდილება და შევქმნათ ამბავი იმისგან, რაც ვიცით. 
მასტერკლასს ასევე უძღვებოდა მწერალი ნატო ინგოროყვა, რომელმაც ისაუბრა სათაურის მნიშვნელობაზე - “რატომ ვარქმევთ სამყაროში ყველაფერს თავის სახელს? როგორ შევურჩიოთ ტექსტს სათაური? რატომ არის სათაური ხან ზმნა, ხან არსებითი სახელი, ხანაც ორივე ერთად? ზოგჯერ - პირის ნაცვალსახელი, ზოგჯერ კი - “ცისფერი მთები ანუ ტიანშანი"?" სათაურის შემდეგ, “წერის არქიტექტურის" ერთ-ერთი მთავარ თემის - “პერსონაჟის" შესახებ, ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა. მან კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით პერსონაჟის როლი და ის თვისებები გამოყო, რომლებიც კარგ პერსონაჟს სხვებისგან გამოარჩევს.
პერსონაჟებთან ერთად “წერის არქიტექტურის" ერთ-ერთ საინტერესო საკითხს დიალოგის წერა წარმოადგენდა. მწერალმა დათო გაბუნიამ მასტერკლასის მონაწილეებს დავალება მისცა.
“წარმოიდგინეთ, რომ არის ოთახი, რომელსაც აქვს შემოსასვლელი, ოთახში იმყოფება პერსონაჟი და არის ერთი ნივთი, რომელიც დევს ან დგას. შემოდის მეორე პერსონაჟი და იწყება საუბარი, ათი წუთის შემდეგ ერთ-ერთმა პერსონაჟმა უნდა დატოვოს ოთახი და გაიტანოს ეს ნივთი”.
მწერალმა ზაალ ჩხეიძემ დროისა და სივრცის ლიტერატურულ ფორმებზე ისაუბრა, მათ გამოვლინებებზე, ემოციურ და სიმბოლურ დატვირთვებზე, რეალური და ზღაპრული, წყლისა და ხმელეთის სივრცეების შესახებ.
“წერის არქიტექტურის" მასტერკლასის ერთ-ერთი მონაწილე “შემოდგომის ლეგენდა 2018"-ის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჭკადუა იყო. 
“ძნელია გამოყო რომელიმე კონკრეტული ლექცია, რადგან თემატიკა, სტილი და დამახასიათებელი ნიშები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პროექტის დასაწყისი შეუდარებელი იყო”, - იხსენებს გიორგი ჭკადუა, - “ანა კორძაია-სამადაშვილი, გარდა იმისა, რომ კარგი მწერალია, ის ასევე შესანიშნავი მთხრობელია. პირველად ანას ხმა ესპანურ-ქართული ლიტერატურის კვირეულზე მოვისმინე და მივხვდი, რომ მისი ნაწარმოებები ანას ხმით უნდა იკითხო, რადგან ამ ხმის გარეშე ტექსტი, თითქოს, ერთ განზომილებას კარგავს. ახლა, როდესაც მის ჩატარებულ ლექციას ვიხსენებ, მკაფიოდ მახსოვს ის სივრცე, სადაც ვიჯექი, ის მაგიდა და სკამი, სადაც ანა იჯდა, მახსოვს როგორ ყვებოდა ამბავს. ამ მახსოვრობის მეორე შრე არის ტექსტად ის ისტორია, რასაც ანა ყვებოდა, ოღონდ თან დართული მელოდიურობით. ხოლო მესამე შრე ამ ლექციისა არის ამ ტექსტის ვიზუალური მახსოვრობა. ეს სამივე ტიპის ინფორმაცია ცხადად არის გონებაში ჩაბეჭდილი და, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ საოცრებაა. ამას ალბათ მხოლოდ ფსკერამდე გულახდილი ადამიანი თუ შეძლებს. გულახდილობაზე და ემოციაზე თუ მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლექცია დროისა და სივცის შესახებ, სადაც ზაალ ჩხეიძემ, როგორც ფაქტობრივი და მეტად საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა, ასევე, დიდი ემოციური ლოდები აგვკიდა, რომელსაც, მე პირადად, ახლაც სიხარულით დავატარებ. დავით გაბუნიასთვის, როგორც დრამატურგისთვის, დიალოგის თემა ახლობელი იყო, ამიტომ ჰაერშიც იგრძნობოდა, იქვე, გონებაში როგორ ვასწორებდით ჩვენს აქამდე დაწერილ ყველა დიალოგს. ინტერაქციულობით და ჩართულობით გამორჩეული იყო ნატო ინგოროყვას ლექციაც. საბოლოოდ, კი, როგორც ლევან ბერძენიშვილმა გვითხრა, მწერალი მზად უნდა იყოს, რომ გაძარცვოს ყველა საყვარელი ადამიანი და განიძარცვოს თავიც, ხოლო ამ პროექტის განმავლობაში ყველა მომხსენებელი პირწმინდად გაიძარცვა, რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ მათგანს”, - გვეუბნება გიორგი. მისთვის ინტერაქციული ლექციის ფორმატი მოქნილი და პროდუქტიული იყო. 
“ხანგრძლივი ლექციების ფონზე მომხსენებლები ცდილობდნენ იქვე მოეცათ ჩვენთვის დავალებები და შემდგომში რჩევებიც. პროექტი თავისი შინაარსით საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან მათ, ვისაც წერა უყვარს და სურს, რომ თავისი შესაძლებლობები ხელოვნების ამ დარგში მოსინჯოს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრაქტიკული რჩევები მოისმინოს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, ან გაიმარჯვეს და მწერლები გახდნენ, ან დამარცხდნენ და გამორჩეულ მკითხველებად ჩამოყალიბდნენ”, - ამბობს გიორგი ჭკადუა.
ტრენინგში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეეძლოთ, მონაწილეთა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდა. მასტერკლასის მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ. მათ შორის იყო თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი სოფიკო ქურდაძეც. სოფიკო პროექტისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გვიყვება.
“პროექტისთვის შერჩეულ ფორმატსაც (შინაარსთან ერთად), ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა - როცა ისმენ ჩვენი დროის ცნობილი - არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც- ადამიანებისგან რჩევებს ამა თუ იმ საკითხზე, რთულია, საკუთარ თავს დააჯერო საპირისპირო აზრი, რადგან იცი, მათ აქვთ ის გამოცდილება, რომელიც აუცილებლად წაგადგება მწერლობისა თუ კრიტიკოსის ცხოვრების ხაზზე. ასეთი ფორმატი ჩემთვის საინტერესო იყო არა მარტო ზემოჩამოთვლილ მიზეზთა გამო, არამედ იმიტომაც, რომ პროექტის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მოწვეულ “მწვრთნელებს” ჰქონდათ და გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთის გაცნობისა და ჩვენთვის საინტერესო თემებზე საუბრისა. 
თითოეული ლექცია, თავის მხრივ, საინტერესო იყო ჩემთვის. განსაკუთრებით, დიალოგის ტექნიკაზე საუბარმა მომცა სტიმული, უფრო ნატურალისტური გამეხადა ჩემი ნაშრომი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ლექციებზე კონკრეტული მწერლის წერის ტექნიკაზეც საუბარი, იმ სპეციფიკაზე, რომელიც გამოარჩევს მას სხვათაგან”, - ამბობს სოფიკო. 
მონაწილეებმა ტრენერებისგან ფინალური დავალებაც მიიღეს, რომლის შესრულებისთვის 10 დღე აქვთ. ახალი მოთხრობები მასტერკლასის სპეციალურ ბროშურაში შევა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის ლეგენდის გამოცხადებაზე გაიმართება.
სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მსურველებმა სამპუნქტიანი დავალება შეასრულეს, რომელიც მათთვის ლეგენდის გამარჯვებულმა, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელმა და სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონის" კრეატიულმა დირექტორმა ბექა ადამაშვილმა მოიფიქრა, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულმა 30-მა მონაწილემ დამატებითი დავალებები უკვე ლაივ ტურში დაწერა.

სხვა სტატიები »