ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ღია კარის დღეების საქართველოს ტური თსუ დესპანები საქართველოს 200-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ

ღია კარის დღეების საქართველოს ტური თსუ დესპანები საქართველოს 200-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ
29 ივლისი, 2019
თსუ დესპანის დასავლეთ საქართველოს ტური დასრულებულია. უნივერსიტეტის შესახებ გაცნობითი შეხვედრები ქვეყნის 5 ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმსა და ახალქალაქში მიმდინარეობდა. ღია კარის დღეებში ჩაერთო 70-ზე მეტი სკოლის 700-მდე მოსწავლე. პროექტის მიზანია თსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტური ცხოვრების გაცნობა რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის. 
თსუ საბავშვო უნივერსიტეტის და აბიტურიენტთა მოსამზადებელი სამსახურის ორგანიზებით ღია კარის დღეები აპრილის თვეში უკვე განხორციელდა მარნეულში, თელავში, გორსა და სიღნაღში, სადაც 100 - მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 
თსუ დესპანების დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის შესახებ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორი, დემეტრე მოდებაძე გვიყვება. 
„პროექტი „თსუ დესპანი“ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე 7 წელია ხორციელდება. აქტიურობის თვალსაზრისით წლევანდელი წელი საკმაოდ გამორჩეული იყო. პროექტში ჩართულმა დესპანებმა საქართველოს 200-ზე მეტ სკოლაში განახორციელეს ვიზიტი და დაახლოებით 4000-ზე მეტ უფროსკლასელს მიაწოდეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. ქვეყნის მასშტაბით არ დარჩა სკოლა და მოსწავლე, რომელთანაც, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, დესპანი ვერ მივიდა,“ - ამბობს დემეტრე. მისი თქმით, რეგიონებში ღია კარის დღეების ჩატარების შესახებ იდეა საორგანიზაციო ჯგუფში გაჩნდა. 
„საორგანიზაციო ჯგუფის იდეა იყო შემდეგი - ჩვენ არ შემოვიფარგლებოდით კონკრეტული ქალაქით, კონკრეტული სკოლით, ჩვენს შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებოდა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა მიეღო ინფორმაცია უნივერსიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პროექტს გვერდში ედგა სამინისტრო, რომელიც გვეხმარებოდა ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან ურთიერთობაში, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას შეხვედრის შესახებ და გამოყოფდა ადგილს შეხვედრის ჩასატარებლად. 
პროექტი განხორციელდა თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსებით, მასში ჩართული იყო 5 სტუდენტი: მარიამ მოდებაძე და ჯივან მკრტჩიანი, რომლებიც „თსუ დესპანი 2018“ წლის საუკეთესო დესპანები არიან; ანა ხარებაშვილი, 2019 წლის აქტიური დესპანი, რომელიც ასევე 1+4 პროგრამის ტუტორიც გახლავთ; ასევე 2 დოქტორანტი, გიორგი გრიგოლაშვილი, რომელიც ამავე დროს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის უფროსია და მე, დემეტრე მოდებაძე, რომელიც თსუ საბავშვო უნივერსიტეტს წარმოვადგენ.
მოსწავლეთა გამოხმაურებამ ჩვენს მოლოდინს გადაააჭარბა, თითოეულ ქალაქში გველოდნენ უფროსკლასელები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ სხვადასხვა აქტუალური საკითხით, მომავალი საგამოცდო სისტემის მოდელით, ფაკულტეტებით და გაცვლითი პროგრამებით. 
ყველა შეხვედრამ დაგეგმილ გეგმა-გრაფიკს გადააჭარბა და მოსწავლეებსაც გაუჩნდათ სურვილი შემდეგ სასწავლო წელს საბავშვო უნივერსიტეტი კიდევ არაერთხელ ესტუმროს მათ და ესაუბროს მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებზე. ამ სახით, სტუდენტური შემადგენლობით, ეს აქტივობა იყო პირველი და შეიძლება ითქვას რომ სატესტოც კი. მიუხედავად ამისა პროექტს არ ჰქონია ხარვეზები. წარმატებული პირველი ღია კარის დღეების საქართველოს ტურის შემდეგ, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და გაცილებით მასშტაბური გახდება,“ - ამბობს დემეტრე მოდებაძე.

სხვა სტატიები »