ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტი ევროპის სტუდენტთა გაერთიანების შეხვედრაში

თსუ სტუდენტი ევროპის სტუდენტთა გაერთიანების შეხვედრაში
26 მარტი, 2019
14-17 მარტს ქალაქ ტიმიშოარაში, რუმინეთში გაიმართა ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) რიგით 37-ე სამუშაო შეხვედრა, სადაც თსუ-ის და საქართველოს  სტუდენტ ორგანიზაციათა ასოციაციის (სოა) სახელით მონაწილეობას იღებდა თსუ სტუდენტი არჩილ ჯავახიშვილი. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ის პრობლემები, რომლებიც ევროპის ახალგაზრდობის წინაშე დგას. შეხვედრების ფარგლებში  შემუშავდა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებს. ასევე განხილული იყო ევროპის სტუდენტთა გაერთიანების ყოველწლიური ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები.

აღნიშნული ორგანიზაცია (ESU) დაფუძნდა 1982 წელს და დღეისათვის აერთიანებს 39 ქვეყნის ნაციონალურ სტუდენტურ ორგანიზაციას და 20 მილიონზე მეტ სტუდენტს. საქართველო ამჟამად გაწევრიანების პროცესშია. 1982 წლიდან დღემდე ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ევროპის სტუდენტების საგანმანათლებლო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტერესებს შემედგ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში: ევროკავშირი, ევროპის საბჭო, იუნესკო და ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში კი საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მიმართულებები და რჩევები, თუ რა კუთხით უნდა განვითარდეს საქართველოს სტუდენტ ორგანიზაციათა ასოციაცია (სოა) და რა საკითხებს უნდა მიექცეს მომავალში ყურადღება.

საქართველომ მიიღო სრული მხარდაჭერა ევროპის წამყვანი ქვეყნის სტუდენტური ორგანიზაციების მხრიდან გაწევრიანების პროცესში, როგორებიცაა: გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვ. დამატებით, საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო უფლება დაესწროს აღნიშნული ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებს, რისი უფლებაც არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლებს არ აქვთ. აღნიშნულ არჩევნებზე მონაწილეობის მიღება დიდი გამოცდილება იქნება ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში.




სხვა სტატიები »