ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
30 ოქტომბერი, 2018
14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები საინტერესო სანახაობის მოწმენი გახდნენ - აქ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სტუდენტები და 50 ენაზე შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის „ვეფხისტყაოსანის“ ფრაგმენტებს კითხულობდნენ. ვეფხისტყაოსნის“ კითხვის მარათონით დასრულდა გამოფენაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც არაერთი წიგნის პრეზენტაციითა და მნიშვნელოვანი თანამშრომლობების შესახებ შეთანხმებებით აღინიშნა.

ეს იყო მარათონის სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც 2018 წლის ივნისში ფრანკფურტის უნივერსიტეტში გაიმართა და მთელი დღის განმავლობაში ორი უნივერსიტეტის სტუდენტები „ვეფხისტყაოსანს“ სხვადასხვა ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, აფხაზურად, იაპონურად, კორეულად, ჩეჩნურად, პორტუგალიურად, უკრაინულად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად კითხულობდნენ. მარათონს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ს და ფრანკფურტის პროფესორები ესწრებოდნენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნა, მასშტაბური პროგრამით წარსდგა.

პროგრამა მოიცავდა როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლიტერატურის გამოფენებს, ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერების საჯარო ლექციებს. პროგრამის მიზანი იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოში შექმნილი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიღწევების წარმოჩენა. აქედან გამომდინარე, ბაზრობის ფარგლებში გამოიფინა როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, ასევე სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის დაბეჭდილი სამეცნიერო ლიტერატურა. მათ შორის, წარმოდგენილი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული წიგნები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 50-ზე მეტი სამეცნიერო წიგნი, თარგმანი და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს წიგნის ყველაზე მასშტაბურ ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
ბაზრობაზე თსუ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინგლისურენოვანი ატლასის პრეზენტაცია. DAAD-ის ვიცე-პრეზიდენტმა, გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჯობრატო მუქერჯმა საჯარო ლექციაზე ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე ისაუბრა და  საერთაშორისო საზოგადოებას მან გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი წარუდგინა. მისი განცხადებით, საამაყოა, რომ საქართველო-გერმანიის წარმატებული სამეცნიერო თანამშრომლობა ათწლეულებს ითვლის.

„თსუ-ს დამფუძნებლებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გერმანულ საგანმანათლებლო - სამეცნიერო სივრცესთან და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამის კარგი მაგალითია გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი, რომელიც იულიხის ცენტრისა და თსუ-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება“,- განაცხადა მუქერჯიმ. მისივე აზრით, თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია გერმანულ-ქართული საზაფხულო სკოლაც, რომელიც ახალგაზრდებისთვის კარგ საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისთვის.

პირველ ეროვნულ ატლასში, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, 100-ზე მეტი რუკა, გრაფიკები და ფოტოებია წარმოდგენილი. გამოცემა წარმოადგენს 2012 წელს გამოცემული ქართულენოვანი ატლასის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას. მასში მთლიანადაა განახლებული საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკები, რომელთა შედგენაშიც  ახალი აღწერის მასალებია გამოყენებული. გამოცემა მომზადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და გერმანიის იუსტუს ლიბიხის სახელობის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ. საქართველოს ეროვნული ატლასი გერმანული მხარის თანადაფინანსებით გამოიცა.

ამავე დღეს უცხოელი სტუმრებისთვის ძველი ქართული ფილოსოფიური კულტურის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ისაუბრა და ფართო საზოგადოებას წიგნი „იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია“ წარუდგინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფესტივალის პირველივე დღეს ძალიან დიდი იყო დაინტერესება ქართული, მათ შორის თსუ-ს გამოცემებზე და განმარტა, რომ სხვადასხვა წიგნის პრეზენტაციები მთელი გამოფენის მანძილზე გაგრძელდება.

მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გამოცემის - “ესეები ქართულ ლიტერატურაზე“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ავტორმა, თსუ-ს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, ირმა რატიანმა წარადგინა.

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის”, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას“ და „გილგამეშიანის“  მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანები, ქართულ-ხეთური ლექსიკონი და “ზაფხულის მოკლე ღამე”(შუმერული, აქადური და ხეთური ლოცვების და ჰიმნების ჩვენი ქართული თარგმანი) თსუ პროფესორებმა ნინო სამსონიამ და ირინე ტატიშვილმა  წარადგინეს. 

ფესტივალის მეორე დღეს ფრანკფურტის სტუმრები ასევე გაეცნენ ჰომილეტიკური ძეგლების თარგმანებს. თსუ მეცნიერმა სოფიო სარჯველაძემ ძველი ქართული სასულიერო მწერლობის უძველეს დარგზე - ჰომილეტიკაზე ისაუბრა, რომელიც ქრისტიანობის შემოსვლისთანავე გაჩნდა საქართველოში და განსაკუთრებით X-XI საუკუნეებში განვითარდა; სოფიო სარჯველაძემ ასევე წარადგინა ძველი ქართული ენის დოკუმენტირებული ლექსიკონი, რომელიც V-XII საუკუნეების ქართულ ენას მოიცავს.

გამოფენაზე წარდგენილ წიგნებს შორის იყო ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერის, კარლ კაუცკის წიგნი „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“. 

ახალი, სამენოვანი (ქართულ-გერმანულ-ინგლისური) გამოცემა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან პარტნიორობით მოამზადა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ჯამში ფრანკფურტში უნივერსიტეტმა 50-ზე მეტი წიგნისა და გამოცემის პრეზენტაცია გამართა. ფრანკფურტის გამოფენის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბრიგიტა ვოლფმა მოაწერეს ხელი მემორანდუმს. რომლის საფუძველზე ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და ციფრული ჰუმანიტარიის მიმართულებითაც გაძლიერდება. მემორანდუმის გარდა ხელი მოეწერა რამდენიმე ხელშეკრულებას, რომელიც სტუდენტების, მათ შორის დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და კვლევებში აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს.



სხვა სტატიები »