ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წევრების ვიზიტი თსუ-ში

ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წევრების ვიზიტი თსუ-ში
27 თებერვალი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა საჯარო ლექცია „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო ლიდერობის საკითხები“ წაიკითხა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ახლებურ თვალთახედვაზე იყო საუბარი და თემის ირგვლივ საკმაოდ მწვავე და საინტერესო შეკითხვები დაისვა. „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჰარისმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ლექცია წაიკითხა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია უპირველესად დოქტორანტებში, სტუდენტებში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატში. პროფესორი ჰარისი დაგვპირდა, რომ კვლავ ჩამოვა საქართველოში და ახალი დიპლომატიის ენაზე გვექნება საუბარი,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

როგორც ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი. „მართალია პირველად ვესტუმრე უნივერსიტეტს, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია. ვიცი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესანიშნავი უნივერსიტეტია რეგიონში და საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. შეხვედრაზე დასმული კითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ უმაღლესი დონის სტუდენტები სწავლობენ და იმედი მაქვს დაბრუნების შანსი კიდევ მექნება“, - განაცხადა დევიდ ჰარისმა.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ჰარისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.


სხვა სტატიები »