ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„სტუმარ-მასპინძელი“ თსუ-ს სცენაზე

„სტუმარ-მასპინძელი“ თსუ-ს სცენაზე
30 მარტი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის "სხვენი" სპექტაკლის "სტუმარ-მასპინძელი" პრემიერა გაიმართა. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტია და პანტომიმის, ქორეოგრაფიის, დრამისა და ვოკალის ერთგვარ სინთეზს წარმოადგენს. დადგმის რეჟისორია გოგი გომურაშვილი, ქორეოგრაფი - პაატა მხეიძე, მხატვარი - თამარ გურგენიძე.

„სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ არ არის ახალი ქართველი მაყურებლისთვის,  მან თითქმის ყველა ქართული თეატრის სცენა მოიარა და შემოიხედა თსუ-ს სცენაზეც. სპექტაკლი მივუძღვენით თსუ-ს 100 წლის იუბილეს. სპექტაკლი არის სინთეზური და წარმოადგენს ექსპერიმენტს, ვინაიდან  გავაერთიანეთ პანტომიმა, ქორეოგრაფია, დრამა, ვოკალი“,-განაცხადა რეჟისორმა გოგი გომურაშვილმა.

როგორც თსუ სტუდენტმა, მსახიობმა თამარ მირიანაშვილმა აღნიშნა, ახალი სპექტაკლის წარდგენა დასისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და სტუდენტებს წარმატების იმედი აქვთ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თეატრის დასი უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. „როგორც ყოველთვის, ჩვენი თეატრი ძალიან საინტერესო სპექტაკლებით გვანებივრებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „სხვენში“ ყველა მონაწილე სტუდენტია. ჩვენი თეატრი საკმაოდ სოლიდური ასაკის მქონეა და ისევე, როგორც თსუ, ისიც 100 წლისაა. ცოტა ხანში აღვნიშნავთ ამ საიუბილეო თარიღსაც. ამ პრემიერით გავხსნით დღესასწაულებს, რომელიც მიეძღვნება ჩვენი თეატრის ასწლოვან იუბილეს“,-განაცხადა რექტორმა.

ღონისძიება თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.



სხვა სტატიები »